5.29.2011

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე! - 9

ეტრუსკული ოქრომჭედლობის

ნიმუშები 
ექს ორიენტე ლუქს ისევ, ნამდვილად:
«ამ ხალხმა და არა ბერძნებმა იტვირთა იტალიის ცივილიზატორთა მისია. მან გადაიტანა აღმოსავლეთიდან მაღალი ცივილიზაცია დასავლეთში. ის იყო რომაელთა აღმზრდელი და წინამორბედი მსოფლიო უნივერსალური იმპერიისაკენ მიმავალ გზაზე. მან მისცა ბიძგი დასავლეთის წინსვლას, მან გაანათა «ერები», «წყვდიადით მოცული ქვეყანა» (გვ.37).

პრინცესა ლართიას მდიდრული სამარხი:
ტერიტორიის მრავალი ბორცვი მუდამ იზიდავდა განძის მაძიებლებს და საფლავების მძარცველებს. ბორცვების რეგულარულობით გამორჩეული სილუეტი ბუნებრივი რომ არ იყო და იყო ადამიანის ნახელავი ერთი ნახვითაც ჩანდა

აფიქრებინებდა მნახველს რომ მასში განძი იყო საძიებელი. არაა გასაკვირი რომ სერიოზულ მკვლევარებს ბორცვები გაძარცული და განძისაგან დაცლილი დახვდათ. მაგრამ ჩვენს საუკუნეში ბედმა მოულოდნელად გაიღიმა და აღმოაჩინეს რამოდენიმე ხელუხლები აკლდამა რომელმაც მოახდინა სენსაცია და მიიპყრო როგორც სპეციალისტების ისე ფართო საზოგადოების ყურადღება.
1836 წელს სიძველეთა გათხრებით დაინტერესებულმა ორმა იტალიელმა, მღვდელმა ალესანდრო რეგოლინიმ და გენერალმა ვინჩენცო გალასიმ გადაწყვიტეს ყურადღება მიექციათ ჩერვეტერის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სორბოს ნეკროპოლისათვის. იქ მათ არჩევანი შეაჩერეს ვენახებით მოფენილ დიდ ბორცვზე.

მაგრამ მათ თავიდან იმედი გაუცრუვდათ. ბევრად ადრე მიწა გადაბრუნებული იყო და შედეგიანადაც. მათ მიერ აღმოჩენილი 5 სამარხი უკვე დაცარიელებული იყო. მათ წყნარად განაგრძეს თავისი ძიება. წვალების სანაცვლოდ მათ უნდა მიეღოთ ანაზღაურება რომლის წარმოდგენა შეშლილ სიზმარშიც არ შეიძლებოდა. ჭა, რომელიც მათ ბორცვის შუაგულამდე გათხარეს დასრულდა ჯერ-ჯერობით ხელუხლებელ საფლავზე.

მუშების მიერ შესასვლელის გაწმენდის შემდეგ შიგნით შესული რეგოლინი და გალასი საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. მათ წარმოუდგათ ლეგენდარული სამყარო. ორი ათასზე მეტი წლის წინ ნაგები დერეფანი რომელიც ქმნიდა ამ მიწისქვეშა აკლდამის მთავარ ოთახს სავსე იყო უძვირფასესი სამკაულით. ის ინახავდა უმმდიდრეს და უმაღლესი ფუფუნების საგანძურს. გაშეშებული ადამიანები გაუნძრევლად იდგნენ აღმოსავლეთის მეფეთა დაკრძალვის მომაგონებელი ამ დიდებულების შუაგულში.
ორქანობიანი სახურავით დახურულ ოთახში ქვის კატაფალკზე ესვენა ქალის სამკაულებით დაფარული ჩონჩხი. სამკაულთა ღირებულების თანახმად ეს ქალი პრინცესა ან ქურუმი ქალი უნდა ყოფილიყო. მისგან ცოტა მოშორებით, აკლდამის შიგნით, კიდევ ორი მიცვალებული იყო დაკრძალული. ერთ ნიშაში იარაღით გარშემორტყმული იდგა მეომრის ფერფლის შემცველი ურნა. დერეფანში ბრინჯაოს საწოლზე ესვენა მეორე მამაკაცის ჩონჩხი.

მკვლევარებმა დასძლიეს თავისი დაბნეულობა და დაიწყეს აკლდამის გამოწვლილვითი შესწავლა. მათ მრავალი დღე დასჭირდათ ამ კვლევა-ძიების დასასრულებლად. ეს მასალა დღეს ცუდადაა გამოფენილი ვატიკანის მუზეო გრიგორიანოს რეგოლინი-გალასის დარბაზში.
ტრუსკული ოქრომჭედლობის
ნიმუშები 
ეს სამკაული იყო მაღალი რანგის ნიშანი. მხოლოდ მაღალი რანგის დიდებულთ შეეძლოთ მისი ხმარება და საჯაროდ ტარება. მისი წარმოშობა არ იწვევდა ეჭვს. ის ძველი აღმოსავლეთიდან მოდიოდა. აღმოსავლეთში ის უხსოვარი დროიდან სიდიადის, დიდებულების სიმბოლო იყო. ასურეთის სამეფოს ერთ-ერთი დედაქალაქი ნიმრუდიდან მომდინარე იიგივე სპექტორალი ბრინჯაოს თასზე ამკობს ფრთოსან სფინქსს. მას ვხედავთ ქანდაკებაზე რომელიც ქურუმის სახით გამოხატავს ასურეთის მეფე ასურნასირპალ მეორეს. ძველი აღთქმის თანახმად ასეთი სპექტორალი იყო დიდი ქურუმის სამოსის ნაწილი.
პრინცესას სამოსს ჰკრავდა ძველი ოქრომჭედლობის ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი ნაკეთობა. ოვალურ, ნახევარმთვარის ფორმის ფირფიტაზე გამოსახულია 5 ლომი რომელთა ირგვლივ დალაგებულია ლოტოსის ყვავილების სტილიზებული გამოსახულებებისაგან შემდგარი წნული გვირგვინები. ორი ნახევრად ცილინდრული სარჭი ატარებს ოდნავ ამობერილ ოქროს ფირფიტას რომლის ზედაპირზეც გამოიკვეთება ჩამწკრივებული 50 პაწაწინა იხვი. მხოლოდ გამადიდებელი შუშით შეიძლება ამ შედევრის უაღრესი დახვეწილობის დანახვა. მტვრის ნამცეცთა ზომის უწვრილესი ბურთულების გრძელი მწკრივები შემოუყვებიან ცხოველთა და ყვავილთა კონტურებს. ისინი ისე ოსტატურად არიან დამაგრებულნი რომ ერთი შეხედვით თითქოს არც ეხებიან ფონს.

უკვე ამ პაწაწინა ბურთულების ჩამოსასხმელად საჭირო იყო მეტალურგიის ხელოვნების საუცხოო ცოდნა, დიდი ოსტატობა და უსასრულო მოთმინება. მაგრამ ხელოვნება ეხება მაგიას იქ სადაც ლაპარაკია მათ დამაგრებაზე ისე რომ ისინი არ დადნენ და არ დამახინჯდნენ ცეცხლის აუცილებელი გამოყენებისას.
გრანულაციის ეს ხელოვნება, როგორც მას უწოდებენ, ოქროს დამუშავების ეს რაფინირებული მანერა, მოდის წინა აზიიდან სადაც ის დიდი ხნით ადრე იყო დადასტურებული. მისი ტექნიკა დაიკარგა. დასავლეთის უდიდესი ოქრომჭედლები ამაოდ ცდილობდნენ ამ ტექნიკის ხელახლა აღმოჩენას. ეს ვერ შესძლო ბენვენუტო ჩელინიმაც. ეს მხოლოდ დღეს მოახერხა ერთმა კიოლნელმა ოქრომჭედელმა და მან შეასრულა ისეთი ფაქიზი სამუშაო რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ეტრუსკულ შედევრებს.
ეტრუსკული ოქრომჭედლობის
ნიმუშები 
პრინცესას ხელებზე ნაპოვნი მაჯის სიფართოვის ორი სამაჯური წარმოადგენს ორნამენტაციის იგივე ტიპს. იქ ნახულობენ ოქროში ჩაჭედილ და დამარცვლილ პალმათა ჯგუფს და მათ წინ ორ ფეხზე მდგარ ლომებს შორის მყოფ « ცხოველთა დედოფალს», ეგვიპელთა ქალღრმერთ ჰათორს რომლის თმებიც კულულებად ეშვება ძირს. მას გარს არტყამს ტაშისმკვრელ ქალთა სილუეტები. მომხიბლავი მძივები, საყურეები, ბეჭდები სპირალებად, შესაკრავები და ქინძისთავები შეადგენენ ამ შეუდარებელი საგანძურის ნაწილს. ყოველი ეს ნაკეთობა ბუმბულის წონისაა იმდენად ფაქიზად ამუშავებდნენ ეტრუსკი ოქრომჭედლები ოქროს. ყველაფერი ეს თითქოს გარემოცულია შორს მყოფი აღმოსავლეთის სუნთქვით და იმდენად დიდებულია რომ თითქოს კარგავს რეალობას. არც ერთ იტალიურ სამარხს არ მოუცია მსგავსი მაგალითი. რა ღარიბულად, პრიმიტიულად და ბარბაროსულად გამოიყურება მათ გვერდით ვილანოვას სამარხთა შიგთავსი.
ამ სამარხში აგრეთვე იპოვეს ბრინჯაოს საწოლი. კედლებზე დამაგრებული ხახადაფჩენილი პანთერის თავები მინანქრის თვალების ბრიალით აშეშებდნენ მნახველს. მაღალ სამფეხებზე შემოდებული იყო ბრინჯაოს ნახევარსფეროს ფორმის ჭურჭელი, მათ ამკობდა ზღაპრული ცხოველების, გრიფონთა და დრაკონთა გამოსახულებები. იატაკი მოფენილი იყო შავი ბრჭყვიალა ჭურჭლით, სახელგანთქმული ბუჩერო: იქაა მრავალი თასი, თუნგი, ფიალა, ქოთანი. ყველა შემკულია ცხოველთა შემაშფოთებელი

გამოსახულებებით; და შემდეგ თასები, ლარნაკები, წმინდა ნაჭედი ვერცხლი, ფაქიზი კედლების მქონე ბრინჯაოს თეფშები, ოქროს ფირფიტები. ბრინჯაოს აბაზანის კედლებს ამკობს ხართა და ფრთოსან ლომთა სარტყელი. შეშის საყრდენებს ასრულებენ ფრინველთა თავები. ოთხბორბლიანი სუნელის საწვავის ირგვლივ მირბის ლოტოსის ყვავილების გირლანდა. დასაკრძალ ოთახში შეყვანილია ორი ეტლი. ერთი ოთხთვალაა. მასზე დასვენებული იყო მიცვალებული. პალმეტების ზოლები მიყვება განივ კედლებსა და ბორბლებს. მეორე ეტლი მსუბუქი კონსტრუქციის ორთვალაა. ის გამოიყენებოდა ომშიც, რელიგიურ პროცესიებშიც და აღლუმებზეც. მასში ორი ცხენი იყო შებმული. გვერდით იყო ძალისა და ხელისუფლების სიმბოლო ტახტი. ბრინჯაოთი მოჭედილი ეს ტახტი შემკული იყო მცენარეული და ცხოველური ორნემენტებით რომლებშიც ამოიცნობა ლომები და ირმები.

არაფერი აკლდა ფუფუნების ამ საგნებს და იმ ძვირფას ჭურჭელს რომელთა გარეშეც წარმოუდგენელი იყო მთავრის სახლში უმაღლესი დახვეწილობის ცხოვრება. არ იყო დავიწყებული დროისტარების და გასართობი საგნები. აქ იყო, მაგალითად, საინტერესო საყრდენი რომელზე დაყრდნობითაც თამაშობდნენ მბრუნავი პაიკებით და სხვა თამაშებს. ამის შესახებ ლიდიელების მეშვეობით გვიყვება ჰეროდოტე. იფიქრეს საჭმელზეც: თიხის დიდი ჭურჭლები სავსეა ხორბლით, ზეთით, თაფლით და კვერცხებითაც კი
ეტრუსკული ოქრომჭედლობის
ნიმუშები 
მრავალი ეტლი იყო საჭირო ამ აკლდამაში აღმოჩენილი ნივთების გადასატანად.
ოთახების უფრო ყურადღებიანი შესწავლის შემდეგ პრინცესას ფერხთით იპოვეს 11 ფიალისაგან შემდგარი ვერცხლის სერვიზი . ერთ-ერთ ფიალაზე ამოყვანილი იყო კეთილშობილი მიცვალებულის სახელი ლართია.

ვილანოვას არც ერთ სამარხში არ ყოფილა აღმოჩენილი წარწერა. ამ ქვეყანაში მცხოვრებ ინდოევროპელებს არ სცოდნიათ წერა-კითხვა. ლართიას სამყაროში კი პირიქით, წერა-კითხვის ცოდნა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

მოგვიანო გამოკვლევების თანახმად ეს აკლდამა ძვ.წ. VII საუკუნეს ეკუთვნის. სენსაცია რომელიც გამოიწვია რეგოლინი-გალასის აკლდამის აღმოჩენამ და გამოვლენილმა სიმდიდრემ ერთადერთი დარჩა ანალებში; არასოდეს სხვა აკლდამაში არ აღმოუჩენიათ ძვირფასი ნივთების ესეთი სიჭარბე და მიუხედავად ამისა ჩერვეტერის მონაპოვარი არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევას. იგივე VII საუკუნეს ეკუთვნის სხვა ადგილებში აღმოჩენილი იგივე ბუნების საგნები. ისინი იტალიის გულში არსებულ ამავე რეგიონში იპოვეს არქეოლოგებმა. ისინი მოწმობენ ცივილიზაციის გასაოცარ პროგრესზე და არა ნაკლებად გასაკვირ სიმდიდრეზე რომელმაც შესცვალა ძუნწი სიმარტივით გამორჩეული სამიწათმოქმედო ცივილიზაცია.
1985 წელს არქეოლოგებმა ტარკვინიესის ახლოს აღმოაჩინეს განძის მაძიებელთა მიერ ნახევრად გაძარცული სამარხი. მძარცველებმა გაიტანეს განძის ნაწილი, ნაწილი კი იატაკზე გაიბნა. რაც დარჩა წარმოდგენას გვიქმნის იქ გამეფებულ დიდებულებაზე. იქაც დიდებული ქალი იყო დამარხული. მას ამკობდა ოქროს პექტორალი. მისი დიდი ხნის წინ დაშლილი სამოსი როგორც ჩანს მორთული იყო ოქროს წრიული და კვადრატული ფირფიტებით. სამკაულთა ნაშთები ჯერ კიდევ მოფენილი იყო იატაკზე: ფიბულები მორთული პაწაწინა ცხენებით რომლებზეც მაიმუნები იყვნენ ამხედრებულები. ბრინჯაოს ამფორის ფრაგმენტები ლოტოსის ყვავილის ფორმის სახელურებით; უცნაური ფორმის დოქები; 91 ღვთაების მწვანე ფაიანსის პატარა ქანდაკებები ეგვიპტიდან რომლებიც შეადგენდნენ ყელსაბამის ნაწილებს. ქალღმერთი ბეესის პატარა სილუეტები ( მას ნილოსის ნაპირებზე სცემდნენ თაყვანს). ვერცხლის ჩარჩოები ქმნიდნენ საყურეთა საკიდებს, ყველაფერი უცხოეთიდან იყო შემოტანილი.

ეტრუსკული ოქრომჭედლობის
ნიმუშები 
დიდად საინტერესო იყო უცხოეთიდან შემოტანილი ერთი განსაკუთრებით ლამაზი ნივთი. ლაპარაკია მწვანე ფაიანსის პატარა ყუთზერომლის ზედაპირზეც დატანილ ორნამენტულ ზოლზე გაირჩევა ნილოსის ღვთაებებით გარშემორტყმული ერთი ეგვიპტელი სუვერენი. მის ქვევით გამოსახულია სხვადასხვა სცენა, არეულად ამოიცნობა პალმები, ზანგები და ერთმანეთს გადაბმული მაიმუნები. ყუთზე ამოკაწრულმა მკვლევარებს მისცა მისი დათარიღების საშუალება. წარწერაში იყო XXXIV დინასტიის დამაარსებელი ფარაონის სახელი ( ბერძნული ტრანსკრიფციით ბოკშორისი) რომელმაც იმეფა მხოლოდ ექვსი წელი ( ძვ.წ.734-728), რომელიც გამეფებიდან 6 წლის შემდეგ დაეცა ეთიოპელებთან ომში. ფარაონის სიცოცხლეში დამზადებული ეს ყუთი მისი სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ უნდა ყოფილიყო ჩადებული აკლდამაში ( შეძლეს ამის დამტკიცება) და ამით შესაძლებელი იყო ნაკეთობის დატარიღება ძვ.წ. 700 წლის სიახლოვით.

სხვა არისტოკრატთა საფლავებშიც აღმოჩნდა მიცვალებულთა გვერდით დაწყობილი საგნები. ოქრო-ვერცხლის, ბრინჯაოს და სპილოს ძვლის ნივთები. ძვირფასეულობა იქნა ნაპოვნი ბარბერინის და ბერნარდინის სამარხებში, «მეომრის სამარხში», ტარკვინიესში, ვეტულონიას მძლავრ მეგალითურ აკლდამებში ისევე როგორც მარსილიანა ალბეგნას სამარხებში. ქვეყანაში დამზადებული საგნების გვერდით ნაპოვნი იქნა შემოტანილი საქონელიც, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, აზიიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან, კვიპროსიდან, როდოსიდან, საბერძნეთიდან შემოტანილი სამკაული, ჭურჭელი თუ ფუფუნების საგნები.
ზოგ ობიექტს უფრო შორი გზა ჰქონდა გამოვლილი, ისინი შემოიტანეს შუამდინარეთიდან,ურარტუდან.

ისე იყო თითქოს ეს ქვეყანა ედრებოდა აღმოსავლეთს. იკონოგრაფიაში და ორნამენტულ მოტივებში, ფრიგურებში და დეკორში მოდაში შემოვიდა უცნაურ ცხოველთა და და ეგზოტიკურ მცენარეთა გამოსახულებები. ისინი უცნობი იყვნენ იტალიასა და ევროპის დანარჩენ ნაწილში. ისინი არასოდეს უნახავთ ამ მხარის მკვიდრთ. აქ გვხვდება ლომებისა და პანთერების პირველი გამოსახულებები, ლეოპარდები და გეპარდები, აქლემები და მაიმუნები, პალმები და სტილიზებული ლოტოსი. მათ შეაღწიეს

აღმოსავლეთში. სამყაროს ამ ნაწილის მკვიდრებმა პირველად ნახეს შორეული უცხო ქვეყნების ფაუნა და ფლორა. ეგზოტიკურ მცენარეებსა და ცხოველებს თან ახლდნენ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ფანტაზიიდან გამოსული ფანტასტიკური ქმნილებები: გრიფონები და დრაკონები, სფინქსი და ქიმერები, ფრთოსანი ხარები და ადამიანის თავიანი ლომები. აკლდამათა კედლებზე ათასფერად ნახატი, თიხის ლარნაკებზე თუ ბრინჯაოს ჭურჭელზე გამოსახული ეს ეგზოტური და ზღაპრული მცენარეები და ცხოველები ქმნიდნენ დასავლეთის პირველ და ყველაზე ამაღელვებელ სურათებიან წიგნს.

ცხოვრების ყველა სფეროს დაეუფლა აღმოსავლური ტიპის პროგრესისტული ცივილიზაცია და მან მთელი ქვეყანა გარდაქმნა თავისი წარმოდგენების შესაბამისად. მან ძალიან ღრმად გაიდგა ფესვები და ძლიერი კვალი დაამჩნია დასავლურ ცივილიზაციას.

ტრუსკული ოქრომჭედლობის
ნიმუშები 
ვისი იყო მაშ ამ მოულოდნელი ძვრის ინიციატივა? ვინ უძღოდა წინ ამ აღმავლობას? როგორი იყვნენ ამ მძლავრი აკლდამების მშენებლები? ვინ იყვნენ ესოდენი დიდებულებით დაკრძალული ეს უცნობი მიცვალებულები? ნუთუ ქვეყანა დაიპყრო მახლობელი აღმოსავლეთიდან მოსულ უცხოელთა ტალღამ რათა იგი თავისი კანონისათვის დაემორჩილებინა? დღესაც არაა ახდილი ფარდა რომელიც ფარავს იტალიის ამ ნაწილში VIII საუკუნიდან მომხდარ მოვლენებს.

ცხადია მხოლოდ ერთი : ხალხი რომელმაც ააგო ეს გიგანტური აკლდამები რათა იქ ზღაპრული სიმდიდრით დაეკრძალა თავისი პრინცები და პრინცესები, რომელმაც მთელს იტალიაში განავრცო ახალი ცივილიზაცია სადაც ჭარბობდა აღმოსავლური გავლენები, განსხვავებით მკვიდრებისაგან რომელთა კვალიც ჩანს ვილანოვაში, არ ლაპარაკობდა ინდოევროპულად.

ამ ხალხის ენა არ ენათესავება ინდოევროპულს რომელზეც ლაპარაკობდნენ ლათინთა იტალიკური ტომები, ოსკები და უმბრიელები. დამწერლობის მქონე ეს ენა ჩვენთვის დღემდე უცნობია.

ეს იყო ტირენიელთა ხალხი-კოშკთა მშენებლები, როგორც მათ ბერძნები უწოდებდნენ, ეტრუსკები თუ ტუსკები რომაელთა მიხედვით, რასენა, როგორც მათ თვითონ უნდა ეწოდებინათ საკუთარი თავისთვის.

ამ ხალხმა და არა ბერძნებმა იტვირთა იტალიის ქვეყნის ცივილიზატორთა მისია და გადაიტანა აღმოსავლეთიდან დასავლეთში მაღალი ცივილიზაცია. Iგი იყო რომაელთა აღმზრდელი და წინამორბედი მსოფლიო უნივერსალური იმპერიისაკენ მიმავალ გზაზე. მან მისცა ბიძგი დასავლეთის წინსვლას, მან გაანათა « ერები», «წყვდიადით მოცული ქვეყანა».

( გვ.37; გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment