10.19.2011

"მხედრიონის" ეპოქის სისხლიანი დასასრული"


AMBEBI.Ge
საზოგადოება
08:58 / 18-07-2009
"მხედრიონის" ეპოქის სისხლიანი დასასრული
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, აგვისტოში თბილისის "დინამოს" სტადიონზე თანამოაზრეები შეიკრიბებიან. 23 ნოემბერს, გიორგობას, "მხედრიონს" დაირქმევენ და ლიდერად ჯაბა იოსელიანს დაასახელებენ. ის, თავის მხრივ, თავის პოლიტიკურ მიზნებს ახმაურებს: "ჩვენ არ ვექვემდებარებით პოლიტიკურ ძალებს და სახელმწიფო სტრუქტურებს. ვემსახურებით ერის ინტერესებს, მივიღებთ მონაწილეობას კონფლიქტებში, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა".

1990 წელს ფორმირება ოფიციალურად გაფორმდება, როგორც შეუიარაღებელი ორგანიზაცია. საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად გამსახურდიას გამარჯვების შემდეგ "მხედრიონი" არალეგალურ მდგომარეობაში გადადის. ჯაბა იოსელიანი და ზვიად გამსახურდია ერთმანეთის მიმართ ანტიპათიას არ მალავენ.  "მოაცილეთ ეს ნაძირალა, ვიდრე დაღუპა მთელი ხალხი", - იტყვის გამსახურდია და იოსელიანს ომს საჯაროდ გამოუცხადებს. არც ჯაბა დაჯდება უქმად,  "მხედრიონი" სიგუა-კიტოვანთან ერთად გადამწყვეტ როლს შეასრულებს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში. გამარჯვებას ჯაბა იოსელიანი შემდეგი ფრაზით გამოხატავს: "საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ ცნობილი ქურდი და უცნობი მხატვარი".

სამხედრო საბჭო მიიჩნევს, რომ ლიდერი აუცილებელია და ჯაბა იოსელიანი ერთ-ერთი იქნება, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მოსკოვიდან ჩამოყვანას ითავებს. უკანასკნელი კი ამაგს იმით დაუფასებს, რომ 1995 წელს უკანონოდ გამოაცხადებს "მხედრიონს", როგორც კრიმინალური ელემენტების თავშესაფარს, ჯაბას დააპატიმრებს და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან. 69 წლის ჯაბა იოსელიანს გენერალ გია გულუას, სოლიკო ხაბეიშვილის, გია ჭანტურიას მკვლელობების ორგანიზებასა და ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული აქტის მოწყობაში წაუყენეს ბრალი, თუმცა ვერც ერთი ბრალდება ვერ დაუმტკიცეს. იოსელიანი შემდეგ სიამაყით იტყვის: "ყველა ხელისუფლების დროს ვიჯექი ციხეში - სტალინის, ხრუშჩოვის, ბრეჟნევის, გორბაჩოვის, ელცინის, გამსახურდიასა და შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც". 2001 წელს 75 წლის შევარდნაძე იოსელიანს შეიწყალებს, მაგრამ ჯაბა "ვარდების რევოლუციას" ვერ მოესწრება,  2003 წლის 3 მარტს ის ინსულტით გარდაიცვალა. მანამდე კი, 1991 წლიდან საუკუნის ბოლომდე გრძელდება "მხედრიონის" პერმანენტული განადგურება. გაურკვეველ ვითარებაში მოკლულ თანამებრძოლთა რიცხვი 25-ს მიაღწევს. მათგან არც ერთი მკვლელობა დღემდე გამოძიებული არ არის...
1991 წელს დოლიძის ქუჩაზე გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს "მხედრიონელი", რეჟისორი გიორგი რევიშვილი, იგივე, "რევკა". მეგობართან ერთად რუსთავის გზაზე მანქანაში ჩაცხრილეს ზაზა ფეტელავა. ხოლო ანზორ ქაჯაია საკუთარ "ნივაში" დაწვეს.
1992 წელს თამაზ ყურაშვილი, იგივე "ბუღა", სახლთან ახლოს ააფეთქეს მანქანაში.
აფხაზეთის ომიდან 2-3 დღით ჩამოსული ასურეთელი ავთო გოცირიძე 1993 წლის 5 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ ბაზარში ჩაცხრილეს - პოლიციელმა მას ზურგში ესროლა. პოლიციელებმა მანქანაში ჩაცხრილეს გოცირიძესთან ერთად მყოფი პაატა არჩვაძეც.
აფხაზეთის ომის შემდეგ, თბილისში მანქანაში ჩაცხრილეს "მხედრიონის" თვალსაჩინო წევრები - ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე. ამას მოჰყვა ცნობილი "პაჭიკას" დახვრეტა.

დაუდგენელმა პირებმა საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს ზურაბ მარუაშვილი ძმასთან ერთად და გელა ქაფიაშვილი, მეტსახელად "წნევა".
1995 წელს სახელმწიფოს მეთაურზე განხორციელებული ტერორისტული აქტის უშედეგოდ დასრულების შემდეგ "მხედრიონის" ზეობას საფრთხე დაემუქრა. ხელისუფლება ცდილობს, უკვე გაძლიერებულ სამართალდამცველ ორგანოებს "მხედრიონი" ხახაში ჩაუგდოს. "დიდი წმენდა" გრძელდება... 1998 წლის 23 ნოემბერი, გიორგობა - ძმათა სასაფლაოზე "მხედრიონის" გადარჩენილი წევრები თავიანთი ორგანიზაციის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს "მხედრიონი" ხელახლა დაიბადა, თუმცა უკვე "ნაკლებად" მძლავრი, მაგრამ მაინც "მხედრიონი"... 1999 წლის დასაწყისში სახელდახელოდ შეკოწიწებული "მხედრიონი" ქუდზე კაცს მოუხმობს და უკეთესი მომავლის იმედით, ფიცის დასადებად შავნაბადას მიაშურებს - ამჯერად ჯაბა იოსელიანის გარეშე.
სისხლიანი ანგარიშსწორება გრძელდება... "მხედრიონისთვის" დიდი დანაკლისი იყო ალიკა მეტრეველის მკვლელობა. მას ყველა დიდ პატივს სცემდა. ალიკა მეტრეველმა  ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, პოლიციელი მხეიძე რესტორანში მოკლა.
შურისძიების მსახვრალ ხელს ვერც "მხედრიონელი" ავთო ბრეგვაძე გადაურჩა. 8 ოქტომბერს ეს უკანასკნელი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. მომხდარს რამდენიმე ადამიანის უგზო-უკვლოდ გაქრობა მოჰყვა... მათ შორის ორი ახალგაზრდის - კახა კოტრიკაძისა და ავთო გრძელიძის.
სიკვდილს ძლივს გადაურჩა ყოფილი "მხედრიონელი" ლერი სულაბერიძე, რომელიც "დინამოს" სტადიონთან საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.
იმავე წელს პაკო შარაშენიძეს სახლში "ლიმონკა" შეუგდეს, თუმცა, თვითონ შინ არ იმყოფებოდა. რადგან შარაშენიძე ნინო ბურჯანაძის მეზობელი იყო, მომხდარი ფაქტი სამხედრო პროკურორ ბადრი ბიწაძეზე ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობად შეფასდა.

ნანა ფიცხელაური
”ყველა სიახლე”

No comments:

Post a Comment