5.29.2011

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე! - 10

ეღირსება ლოხმე-ლუკუმონ ლუხუმს ლაშარის გორზე შადგომა !!!2700 წლით უკან დაბრუნება ჩვენ გვაქცევს ერთი უცნაური მოვლენის მოწმეებად: დასავლეთში გადაინერგა მაღალგანვითარებული უცხოური კულტურა.

ევროპის პირველი ეკონომიკური სასწაული:
«და ეხლა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ტირენიელებზე («ტირენოი» - «კოშკთა მშენებლები»), ხალხზე რომელიც ოდესღაც განთქმული იყო თავისი გამბედაობით, რომელმაც დაიპყრო მრავალი ქვეყანა და დააარსა მრავალი ქალაქი», წერდა ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი რომელიც რომში ძვ.წ. პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. ეტრუსკი ერი გამოჩენისთანავე თანამედროვეთა თვალში როგორც ჩანს წარმოადგენდა ძლიერ და მდიდარ ერს. ასეა ჰესიოდესთან, უძველეს ბერძენ პოეტთან რომელმაც პირველად წარმოთქვა მათი სახელი. ძვ.წ. 700 წელს დაწერილ თავის სახელგანთქმულ ნაწარმოებში « თეოგონია» ჰესიოდე ლაპარაკობს « ყველა ამ კეთილშობილ და სახელგანთქმულ ტირენიელებზე რომლებიც ცხოვრობდნენ შორს... წმინდა კუნძულთა წიაღში»; ეს სიტყვები მოწმობს თუ რა პატივისცემას იმსახურებდნენ ეტრუსკები უკვე იმ დროს ( გვ. 37).
მაგრამ ასეა გვიანდელ ნაწერებშიც. იგივე დამოკიდებულებას ავლენენ კატონი, ტიტუს ლივიუსი და სხვა მრავალი. იტალიაში ეტრუსკები სრულიად მოულოდნელად ჩნდებიან. მათი სახელის წარმოთქმისთანავე ისინი უკვე იქ არიან,ძლიერნი და შიშის მომგვრელნი, აღფრთოვანების გამომწვევნი და ცილისწამების მსხვერპლნი ყოველთვის ( გვ.37).

მხოლოდ ეხლა შეგვიძლია გავიაზროთ თუ რამდენად იყო დაფუძნებული ძველთა შორის ეტრუსკთა სახელი და პრესტიჟი. ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ფაქტიურად შუა საუკუნეთა დასაწყისიდან, ელადამ და რომმ მიიპყრეს ისტორიკოსთა ყურადღება. მხოლოდ ბერძნებს და რომაელებს სცემდნენ თაყვანს, მხოლოდ მათ აქებდნენ და ასხავდნენ ხოტბას. გავრცელდა თვალსაზრისი რომ დასავლურ ცივილიზაციას საფუძველი ჩაუყარეს ბერძნებმა და რომაელებმა. შექმნილი ხატი ცრუ იყო ვინაიდან გამოტოვებული იყო მნიშვნელოვანი ეპოზოდი, ეტრურიას თითქოს არც უარსებია. ეტრუსკების შესახებ სერიოზული ცოდნის დასამკვიდრებლად საჭირო იყო არქეოლოგიის ლოდინი. არქეოლოგიის წყალობით გადაიშალა ევროპის ისტორიის დიდი ხნის მანძილზე უცნობი ფურცელი.
 
უამრავი არქეოლოგიური ექსპედიცია რომელთაც გასულ საუკუნეში მიიღეს სისტემატური ხასიათი, აღმოჩენათა უსასრულო მოზაიკა დღეს პირველად გვაძლევს ასეთი იდუმალებით მოსილი და ამდენი საიდუმლოს შემცველი ამ ცივილიზაციის წარმოდგენის საშუალებას. 2700 წლით უკან დაბრუნება ჩვენ გვაქცევს ერთი უცნაური მოვლენის მოწმეებად: დასავლეთში გადაინერგა მაღალგანვითარებული უცხოური კულტურა.

ტიბროსიდან არნომდე, არნომდე, ტირენული ზღვიდან აპენინებამდე გადაშლილი მთელი რეგიონი თითქოს უეცრად გამოაფხიზლეს იმ ღრმა ძილიდან რომელშიც ის უხსოვარი დროიდან იყო თითქოს ჩაძირული.

ძვ.წ. VI საუკუნის პირველ ათწლეულში ეს სანაპირო რეგიონები გარდაიქმნენ. თითქოს ჯადოქარმა ჩაბერა სული ხმელეთის ამ ნაჭერსა და მის მკვიდრთ. უხსოვარი დროიდან ხელუხლებელი ბუნება და მთელი ქვეყანა ამიერიდან გაეხსნა ცივილიზაციას. უღრანი ტყეებით და ჯაგნარით დაფარული ტერიტორიის ადგილას გაჩნდა ველები, პლანტაციები, ბაღები. ტყის და ბუჩქნარის გაკაფვისა და ჭაობების დაშრობის შემდეგ გამოჩნდა მიწა რომელმაც გუთანს მისცა ადგილი კვალის გასავლებად. მდუმარე და მარტოსული ხეობები გამოაცოცხლა ხმაურიანმა ცხოვრებამ. ყველგან ისმოდა წერაქვისა და ცულის ხმა. მთების სიღრმეში შეიყვანეს დერეფნები წიაღისეულის გამოსაღებად რათა ეტლთა გრძელი მწკრივები ჩასულიყო ხეობაში. ცეცხლი დღე და ღამე გიზგიზებდა და ქარი მისდენიდა მუქი ბოლის ბოლქვებს. ნელა იწვოდა ქვანახშირის გორები და მუშაობდა ლითონის სადნობი და ჩამოსასხმელი სახელოსნოები. სპილენძი გარდაიქმნებოდა იმხანად ყველაზე საჭირო ლითონად, რკინად. ალი და ბოლი ჩანდა შორიდან, როგორც ზღვიდან ისე ხმელეთიდან, ისინი აგვირგვინებდნენ ელბას კუნძულს : ესაა ახალი ინდუსტრიის ტრიუმფი. სანაპიროს აცოცხლებს ინტენსიური საზღვაო ვაჭრობა. სხვადასხვა ფლოტი

ჩნდება ნავსადგურებში და ფლოტებში. საწყობები ლეწება ყველა ცნობილი თუ უცნობი ქვეყნიდან ჩამოტანილი საქონლით. ყველგან ჩანს ცვლილება და გაუმჯობესება. ხდება ამ სახელის ღირსი პირველი ეკონომიკური სასწაული ევროპაში.

საცხოვრებელი მთლიანად შეიცვალა. მშენებლობის ახალი ტექნიკის შემოღებამ უკან გადასწია ძველი საცხოვრებელი, ჩალითა და ლერწმით დახურული ქოხების აგლომერაციები. გაჩნდა პირველი ქალაქები, ყოველგვარი ცივილიზაციის წინაპირობა. ესაა ყველაზე ჩრდილოური ევროპული ქალაქები. ალპების გადაღმა მცხოვრებ ადამიანებს არაფერი ეცოდინებათ მათ შესახებ კიდევ ერთი ათასწლეულის მანძილზე სანამ ეტრუსკების ნიჭიერი მოწაფე რომაელებიც ქალაქებს იქაც არ დააარსებენ. გერმანელები ტაციტუსის დროსაც ცხოვრობენ სოფლებში. ახლად დაარსებული ქალაქები მდებარეობენ ის რომ შეიძლება მათი ზღვიდან დანახვა,მაგრამ ისინი სანაპიროდან რამოდენიმე კილომეტრით სიღრმეში არიან გადაწეულნი. ძალიან კარგადაა ცნობილი პირატთა შემოსევის საფრთხე. ყველა ქალაქი აგებულია ზეგანზე ან შემაღლებაზე, ადგილებზე რომლებიც კარგადაა ბუნებრივად დაცული ციცაბოკედლებიანი ღრმა ხეობებებით. ადვილად მისადგომი ადგილები დაცულია თხრილებით და ქვის ზეძირკველზე ამოყვანილი აგურის კედლებით. მოგვიანებით ააგებენ კოლოსალური ბლოკებისგან ნაგებ კედლებს რომელთაც « ციკლოპური» ეწოდა. ამ დროისათვის ეტრუსკებს მეტოქე არ ჰყავთ.

ეტრუსკებთან დაპირისპირებას ვერავინ ახერხებს. რომი, მათი დიდი და შემდეგ მოსისხლე მტერი ჯერ არ არსებობს. ტიბროსის სანაპიროზე ჭაობებით გარშემორტყმულ ბორცვებზე ტოტალურ ანონიმურობაში არიან ტომები რომლებიც როგორც გუშინ დღესაც ქოხებში ცხოვრობენ.

ტირენიის ზღვის სანაპიროზე მალე გაიშალა ქალაქთა მთელი კრიალოსანი. ეტრურია იშვა იქ სადაც იმხანად ჭეშმარიტ განძს ნახულობდნენ : ტოლფას მთებში სამხრეთით და უფრო მოშორებით ჩრდილო-დასავლეთისაკენ მთებში მონტი მეტალიფერი პოულობდნენ სპილენძისა და რკინის საბადოებს მაშინ როდესაც კუნძული ელბა სრუტის მეორე მხარეს იყო ლითონებით მდიდარი ტერიტორია.

სწორედ ამ წიაღისეულმა მიიზიდა ეტრუსკები. ისინი თავიდან სახლდებოდნენ საბადოთა მეზობლად. შემდეგ აარსებდნენ ქალაქებს რომელთა სახელებიც სამწუხაროდ ლათინური თარგმანებით გახდა ცნობილი. ლათინური ფორმა მათ დააძალეს რომის მიერ ეტრურიის წინააღმდეგ მოწყობილი კამპანიის შედეგად.

ტიბროსის შესართავიდან 30 კილომეტრის მოშორებით ბორცვთა მწკრივზე და ცოტა შიგნით ქვეყნის სიღრმეში გაჩნდა კაერა, სისრა ეტრუსკულად. ის იქცა მდიდარ მეტროპოლიად და ჩადგა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროთა უდიდესი ქალაქების რიგში. მის სამ პორტში მიმდინარეობდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობა. აქ მთელი მსოფლიოდან, ტარტესოსიდან ანუ ვერცხლის ქვეყნიდან, აფრიკიდან, მცირე აზიის სანაპიროებიდან, საბერძნეთიდან მოდიოდნენ და ჩერდებოდნენ აფრიანი და ნიჩბიანი გემები.

40 კილომეტრით უფრო ჩრდილოეთისაკენ მდინარე მარტაზე შეკიდულ ზეგანზე ბატონობს ლეგენდარული ქალაქი, ძველი ეტრურიის დედა ტარკვინიესი, რომაელთა ტარკვინია რომელიც დღეს წარმოადგენს უნიკალურ ტირისტულ გასართობს. მისი ნეკროპოლის ტუფში გამოთლილი დასაკრძალი ოთახები იფარავენ ევროპის უძველეს კედლის მხატვრობას.

უფრო ჩრდილო-დასავლეთით, ფიორას ხევის ციცაბო ნაპირებზე აღიმართება ვულსი. მხოლოდ ნანგრევები და ძალიან ძველი პონტე დელლა ბადია გაგვახსენებს ქალაქს რომელიც იყო ბრინჯაოს ინდუსტრიის მსოფლიოში ცნობილი კერა. სწორედ ვულსიში დაიბადა რომის მეორე ეტრუსკი მეფე და დიდი რეფორმატორი სერვიუს ტულლიუს. ზღვასთან დაკავშირებული ტბა იფარავს მძლავრ ვეტლუნას, მოგვიანებით ვეტულონიას. მდინარე ბრუნას მეორე მხარეს ბორცვთა ჯაჭვი იფარავს რუსელლაეს, დღევანდელ როსელეს. ელბას კუნძულის სიმაღლეზე ამ ორ ქალაქს ენაცვლება ზღვისპირა მაღლობზე მდგარი პუპლუნა, მოგვიანებით ცნობილი როგორც პოპულონია. ამ სანაპირო ქალაქთა ჯაჭვს უერთდება ველათრი რომელიც რომაელებმა ვოლატერაედ აქციეს. იქ დღესაც, ისევე როგორც ეტრუსკების დროს, ამუშავებენ ალებასტრს.

VII საკუნიდან მნიშვნელოვან ქალაქებს საფუძველი ეყრება ქვეყნის სიღრმეშიც. ტბა ტრასიმენეს სამხრეთ-დასავლეთით, შიანას ნაპირებზე პოულობენ შამარს, დღეს შიუსის, რომელსაც რომაელები უწოდებენ კლუსიუმს. ეს იყო დიდი მეფე პორსენას მშობლიური ქალაქი. შემდეგ ვოლსინი, სადაც მოგვიანებით აიგება ფედერალური სამლოცველო. და ბოლოს სულ სამხრეთით ტიბროსის შესართავ კრემერაზე ვეჟი. აპენინებისაკენ უკვე დაფუძნებული იყო არესიუმ, კორტუნა, პერუსია, დღეს არეცო, კორტონა, პერუზა.

მთელ ქვეყანას გადასწვდა გზათა ქსელი. ევროპაში პირველად აგებდნენ გზებს. ისინი მოდელები უნდა ყოფილიყვნენ რომის დიდი სამხედრო გზებისთვის. იყო გზები რომლებიც ქალაქთა კარიბჭეებიდან ნეკროპოლებისკენ მიემართებოდნენ და იყო გზები რომლებიც ქვეყანას სერავდნენ და ქალაქებს აკავშირებდნენ ერთმანეთთან და პორტებთან. არქეოლოგებმა ყველგან ნახეს ამ გზათა კვალი. გზები საგულდაგულოდ იყო მოკირწყლული. ტარკვინიესიდან ჩრდილოეთისკენ მიმემართებოდა მნიშვნელოვანი გზა რომელსაც მოგვიანებით უნდა გაყოლოდა რომაელების სახელგანთქმული ვია კლაუდია.

ქალაქთა ეს დაარსება მხოლოდ მომავალი დიდი ექსპანსიის დასაწყისია. მათ მიჰყვებიან სხვები, რომლებიც მიაღწევენ აპენინებამდე და, თავდაპირველად, არნომდე. ერთი საუკუნის შემდეგ ისინი დასტოვებენ ეტრურიის გულს რათა გადაინაცვლონ პოს ველზე და ადრიატიკის სანაპიროზე, მაგრამ ეტრურიის ოქროს ხანა ჯერ არ დამდგარა.

3 კარი ხსნის გზას ეტრუსკული ქალაქის შიგნით. ქალაქს ამშვენებს სამი სამლოცველი, რეგიონის პირველი ტაძრები.

ეტრუსკული ტაძარი ორიგინალური ქმნილებაა. ფართო, თითქმის კვადრატული, ის მძიმე და ჯმუხია. ჩანს რელიგიური მოტივების შემოჭრა. ის ხშირად მიძღვნილია ტრიადისადმი ( სამყარო ეტრუსკებს წარმოედგინათ სამსაფეხუროვანი ტაძრის სახით. ზედა საფეხური შეესაბამებოდა ცას, საშუალო-ქვეყანას, მიწის ზედაპირს, ქვედამიწისქვეშა სამყაროს, ქვესკნელს. სამი სტრუქტურის პარალელიზმი იძლეოდა მნათობთა განლაგების მეშვეობით კაცობრიობის, ხალხის და ყოველი ინდივიდის ბედის წინასწარმეტყველების საშუალებას. უხილავი და ადამიანისთვის მიუწვდომელი ქვესკნელი იყო ღმერთების, დემონების და მიცვალებულთა სამეფო. ღმერთების პანთეონში გამოირჩეოდა მთავარი ღმერთების ტრიადა: თინ, ბერძნული ზევსის და რომაული იუპიტერის ანალოგი, თურანი, «კანონმდებელი», ყველაფერი ცოცხალის ქალღმერთი, აფროდიტეს ანალოგი და უნი, ბერძნული ჰერას და რომაული იუნონას ანალოგი, მთარგმნელი).

ეტრუსკული ტაძარი შეიცავს სამ ნიშას კუტისთვის და ამდენად წარმოადგენს სამნაწილიან სტრუქტურას მაგრამ ბაზისებზე მდგარი სვეტები მხოლოდ ფასადებს ამკობენ. ავგუსტეს რომის არქიტექტორი ვიტრუვიუსი რომელსაც ჰქონდა ეტრუსკთა ტაძრების ნახვის შესაძლებლობა წერს რომ ტაძრები « მკაცრია და მასიური, გადმოშვერილი სახურავით და ფრონტონით, რომელთაც ზიდავენ სოლიდური კოლონები».

ბერძნებს არასოდეს აუშენებიათ მსგავსი ტაძრები. ესოდენ არაკლასიკური და თითქმის არქაული სახე ეტრურიის ტაძრებისა მოგვაგონებს წინა აზიის მოდელებს.

ხორსაბადში, ევფრატზე ნაგებ ამ ქალაქში რომელიც იყო ასურეთის მეფე სარგონ მეორის ეფემერული დედაქალაქი იპოვეს ძვ.წ. მერვე საუკუნით დათარიღებული რელიეფი რომელიც წარმოადგენს ტბის ციცაბო ფერდებზე მდებარე ურარტუს სამეფოს ტაძარს.

ურარტული ტაძარი განსაცვიფრებლად ჰგავს ეტრუსკულ ტაძარს. შენობა დგას მაღალ პოდიუმზე და ოთხ სვეტს უკავია სამკუთხა ფრონტონი რომელიც სახურავის მსგავსად ხურავს პორტიკს. ეტრურიაშიც ტაძარი დგას პოდიუმზე რომელზეც მოხვედრა შეიძლება მხოლოდ წინ მოწყობილი კიბის მეშვეობით მაშინ როდესაც, და ეს დიდი განსხვავებაა, ელადის ტაძრებს ასასვლელი კიბეები ყოველი მხრიდან აქვთ. ერთადერთი მისადგომის არსებობა განსაზღვრავს არქიტექტურასა და დეკორს. ამ თვალსაზრისით თეატრალური სცენის მსგავსი ეტრუსკული ტაძარი მნახველებს აგებებს მხოლოდ ერთ მხარეს, ფასადს.

როგორც აღნიშნავს პროფესორი რაიმონ ბლოში მთელი სიმძიმე აწვება ფასადს რაც გვაძლევს პერსპექტივის რადიკალური ცვლილების დადგენის საშუალებას. ბერძენი ხუროთმოძღვარი მონუმენტზე ფიქრობდა როგორც მთლიანობაზე და განსაკუთრებით არ უსვამდა ხაზს არც ერთ ფასადს. ეტრურიაში და მოგვიანებით რომში კი ნაკლებად თამაშდება საერთო სტრუქტურა ტაძრისა და მისი პროპორციები. მთავარია მორწმუნეზე თუ მნახველზე ფრონტალური ნაწილის მიერ მოხდენილი შთაბეჭდილება. ეს ნიშანი განსაკუთრებითააა ჩანერგილი იტალიურ არქიტექტურაში, ის თავიდანვე ეძებს დეკორატიულ ეფექტს (გვ.42-43).

ფერთა თამაში, ხმაურიანი დეკორი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კლასიკური ელადის მიერ ჰარმონიის ძიებასთან მოგვიანებით უფრო აძლიერებს ეტრუსკული არქიტექტურის თავისებურებას. ღმერთთა შეღებილი ქანდაკებები, მოპირკეთება, ერთიც და მეორეც გამომწვარი თიხისა, ამკობენ ფრონტონებს, სახურავის წვერს. დიდად გადმოშვერილი სახურავის ნაპირებს ამკობენ ლოტოსის ყვავილები და პალმეტები, კედლებს გასწვრივ მიუყვება ფერადი ფრიზები. მათზე გამოსახულია ზღაპრულ ცხოველთა პროცესიები, ომში ჩაბმული მეომრები და ნიმფებს გადახვეული მოცეკვავე სილენები. ანტეფიქსები ზიდავენ მენადებისა და მედუზების, გენიებისა და დემონების თავებს. ისინი მაღლიდან დაგვყურებენ. ტაძარი დასახლებულია ამაღელვებელი მითოლოგიური სამყაროს უცნაური სილუეტებით. გამოსახულებათა მიმიკა ხშირად მუქარითაა სავსე. მათი დაჟინებული მზერა, მათი კბილების ღრჭიალი და მათი მანჭვა-გრეხვა აქმნიან დაძაბულ ატმოსფეროს. ამას ხაზს უსვამს კაშკაშა ფერები... ტაძრებში მეფობს უსაზღვრო ფანტაზია, მიდრეკილება ზღაპრისკენ, მღელვარესა და გროტესკის, შემაძრწუნებლისა და ბურლესკის ნაზავი.

ტაძრის ამ ტიპით ეტრუსკებმა შექმნეს მოდელი რომელიც გავრცელდა მთელ იტალიაში. რომის შემამკობელი პირველი ტაძარი იმეორებს ამ გეგმას. ეტრუსკი ხუროთმოძღვართა მიერ ნაგები კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარი მდიდრულად შემკული და მძაფრად ფერადოვანია. ის აიგო მაშინ როდესაც ეტრურიის ძალა და დიდება გაქრა, მაგრამ წმინდა არქიტექტურის ნაშთები კვლავ იწვევდნენ აღფრთოვანებას.

«ღმერთების ყველაზე სახელგანთქმული გამოსახულებები გამომწვარი თიხისგან იყო შექმნილი», წერდა პლინიუს უფროსი ცოტა ხნის შემდეგ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან და აღფრთოვანებით აგრძელებდა : « საუცხოოდ დამუშავებულთ და ნახევრად შენახულთ მათ დღესაც ნახულობენ მრავალ ადგილას, რომში და პროვინციულ ქალაქებში. მათი ხელოვნებისა და განსაკუთრებული სიმტკიცის გამო ისინი ოქროზე მეტად ფასობენ».

ტაძრების მსგავსად ოფიციალური ნაგებობები და არისტოკრატიის ვილებიც მოხატულია კაშკაშა ფერებით, შემკულია ორნამენტული ბარელიეფებით და გამომწვარი თიხის ფირფიტებით. მათი არქიტექტურაც არ მისდევს ბერძნულ კანონს.

ეტრსუკული სახლი, სახელგანთქმული ატრიუმიანი სახლი, არის რომაული საცხოვრებლის წინაპარი : ის მნახველს იღებს გადახურული და ზევიდან განათებული ვესტიბიული რომელშიც არის წვიმის წყლით სავსე აუზი. მისი გადაკვეთის შემდეგ ხვდებიან მთავარ ოთახში კერიითა და ცეცხლით. ამ ოთახის მარჯვნიდან და მარცხნიდან ორი სხვა ოთახია. ორქანობიანი სახურავი ეყრდნობა კოლონებს. 

«საცხოვრებელ ოთახში, წერს დიოდორე სიცილიელი ეტრუსკებისადმი მიძღვნილ ნაშრომში რომელიც იმპერატორ ავგუსტის დროსაა დაწერილი, მათ შექმნეს ატრიუმი რომელიც გამოყოფს ბატონებს მსახურებისგან».

კონსტრუქციის ეს ტიპი, ისევე როგორც სატაძრო ხუროთმოძღვრება, შთაგონებულია მცირე აზიის თუ სირიის ფორმებით ( გვ.44). სახლის ამ ტიპის შემოქმედებზე მიუთითებს რომაული ფორმულა « ატრიუმ ტუსკანიუმ». თვით სიტყვა ატრიუმი ეტრუსკულია წარმოშობით, ფიქრობენ რომ ის ნიშნავს ეზოს. მას პოულობენ ტოპონიმებში : პოს შესართავთან ეტრუსკების მიერ დაარსებულ ქალაქს ერქვა ჰატრია. მას უნდა მიეცა სახელი ადრიატიკის ზღვისათვის ( გვ.44).

სიახლეა ისიც რომ ყოველი ქალაქის ბედს განაგებს მონარქია. მმართველ ფენას შეადგენენ არისტოკრატიული ოჯახები. . მეფე წარმოადგენს უმაღლეს პოლიტიკურ და რელიგიურ ხელისუფლებას, ის აერთიანებს უმაღლესი ქურუმის, უმაღლესი მსაჯულის და მხედართმთავრის ფუნქციებს. როგორც ჩანს მონარქია თავიდან მემკვიდრეობითი უნდა ყოფილიყო. შემდეგ მონარქის უფლებამოსილებათა ვადა ერთი წლით შემოფარგლეს. მონარქს ირჩევდნენ უძველეს და ყველაზე პატივცემულ ოჯახთა წრეში.მონარქს უწოდებდნენ ლოხმეს, ლათინურად ლუკუმონს ( ქართული ყურისთვის ეს სახელი ნაცნობად ჟღერს, ის ჰგავს ქართულ სიტყვას ლუხუმი. ამმდენად ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ეღირსება ლოხმე-ლუკუმონ-ლუხუმს ლაშარის გორზე შადგომა, ლაშარის გორა ლაზარეს გორაა და სიტყვა ლაშა აფხაზურად ანუ იბერიულ-კავკასიურად მზეს ნიშნავს. ტყულად არ არ დაარქვა დიდმა თამარმა თავის ძეს ლაშა, მთარგმნელი).

// თავის დასასრული და შემდეგი გაგრძელება იქნება//

No comments:

Post a Comment