5.29.2011

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე! - 6

კრეტელთა თამაშები 
ექს ორიენტე ლუქს ისევ: 
კრეტა, მიკენი, იონიელები, ფინიკიელები...
 ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათსწლეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან გამოკრთა ერთი ნაპერწკალი და მან კუნძულებით მოფენილ სანაპიროზე დაანთო პირველი კერა ; აზია ხელმძღვანელობდა ეგეოსში უნიკალური ცივილიზაციის გაჩენას. ამ შორეული ხანის ლეგენდებმა შეინახეს მოგონება ამ მოვლენის შესახებ. პირველად აქ ჩნდება დასავლეთის ამ კონტინენტის, ევროპის სახელი.

ლეგენდები ყვებიან რომ ფინიკიის სანაპიროზე ცხოვრობდა თეთრკანიანი არაჩვეულებრივად მშვენიერი პრინცესა რომელსაც ერქვა ევროპა. იგი იყო მეფე აგენორის ასული. ერთ მშვენიერ დღეს ქალიშვილი დაინახა ბერძენთა უზენაესმა ღვთაება ზევსმა და ის აალდა ევროპას სიყვარულით. თეთრ ხარად ქცეული ზევსი მიუახლოვდა ასულს რომელიც სანაპიროზე უზრუნველად თამაშობდა ამხანაგებთან ერთად. ევროპა ენდო ზევსს და მოეწყო ხარის ზურგზე. ხარმა-ზევსმა კი ის კრეტას შორეული კუნძულისკენ გაიტაცა. იქ ზევსი არწივად გადაიქცა. ზევსთან კავშირის შედეგად ევროპას ეყოლა 4 შვილი. პირველს მინოსი უწოდეს.დიდი კუნძული კრეტა, რომელიც იფარავდა ღვთაებრივი ხარის და აღმოსავლეთიდან გატაცებული ქალწულის სიყვარულს შემდეგში უნდა ქცეულიყო დასავლეთის გამანაყოფიერებელ პირველ თესლად აღმოსავლეთიდან.
ეგვიპტიდან, ჩრდილოეთი შუამდინარეთიდან, სირიიდან მოსული გავლენების გზაჯვარედინმა კრეტამ განავითარა ახალი კულტურა და ცივილიზაცია. მეორე ათასწლეულის გარიჟრაჟზე იქ გაჩნდა კნოსოსის სამეფო ლეგენდარული მეფეებით რომელთაც დედაქალაქ კნოსოსში, ისევე როგორც ფაისტოსში, მალიასა და ზაქროში ააგეს დიდებული და მოხატული სასახლეები. მათ დააარსეს ისტორიაში ცნობილი პირველი თალასოკრატია ( ზღვაზე გაბატონებული სახელმწიფო). მათი ფლოტი მალე გაბატონდა ეგეოსის ზღვაზე. მათი საზღვაო ვაჭრობა განივრცო ბოსფორიდან ნილოსამდე. კრეტელებმა პირველებმა გადასცურეს იალქნიანი ნავებით იონიის ზღვა. კლასიკური ხანის ბერძნებს კიდევ ახსოვდათ მეორე მინოსი, იმპერიის ფუძემდებლის შვილიშვილი რომელიც დაიღუპა სიცილიაში ერთ-ერთი ექსპედიციის დროს.

მხოლოდ XIX საუკუნის ბოლო წლებში ინგლისელი მკვლევარი არტურ ევანსის გათხრებმა დაგვანახეს კრეტას სამეფოს და მისი ეკონომიკის სახე. მისი სოფლის მეურნეობა უბრალი სასანოვაგო მეურნეობიდან გადასული იყო ზეთისხილის პლანტაციების უხვმოსავლიან ექსპლუატაციაზე. მცირე ინდუსტრიაში და ხელოსნობაში, განსაკუთრებით ლითონთა დამუშავებაში და მეთუნეობაში შემუშავებული იქნა მუშაობის ძალიან რთული მეთოდები. ინსტრუმენტების, იარაღის და სამკაულების ჩამოსახმელად ჰქონდათ ფორმები და ქურები. პირველი დიდი საწარმოები მუშაობდნენ შიდა წარმოებისთვის და ექსპორტისათვის. ვაჭრობა მოწესრიგებული იყო ფიქსირებული ღირებულების საწონების და ოქროსა და სპილენძის ზოდებზე დაფუძნებული მონეტის მეშვეობით. არსებობდა ათობითი სისტემა და თიხაზე ამოკაწრული თუ მელნით შესრულებული ხაზოვანი დამწერლობა.

აყვავებულმა ეკონომიკამ და ძალიან აქტიური კომერციით მიღებულმა დიდმა მოგებამ გამოიწვია ყოველდღიური ცხოვრების უკიდურესი დახვეწა. სასახლეებში იყო აუზები, წყალსადენი და კანალიზაცია. ისეთი სპორტული თამაშობები როგორიცაა კრივი თუ ხარზე ხტომა აძლევდნენ კრეტელებს ვარჯიშისა და გართობის საშუალებას. მაგიური და რელიგიური ხასიათის ცერემონიები სადაც ქალებსაც ჰქონდათ თავისი როლი წარმოადგენდნენ კრეტას კულტის საფუძველს. ორმაგ ცულს ჰქონდა წმინდა სიმბოლოს მნიშვნელობა. კრეტელების სამარხები წარმოადგენდნენ ძალიან ადრე გაჩენილ დიდ საფლავებს, თოლოსებს. ეს იყო ცრუ გუმბათებით დასრულებული მონუმენტური ნაგებობები. ეგვიპტელების მსგავსად კრეტელებიც ფლობდნენ მძიმე ქვების გადაადგილების ტექნიკას.

ძველი აღმოსავლეთის ქმნილება და ავანპოსტი კრეტა იქცა დიდ შუამავლად აზიასა და ევროპას შორის. ძვ.წ. 1700 წლიდან ახალი ბაზრების მოსურნე კრეტელები სულ უფრო და უფრო ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე ახლომდებარე ელადის სანაპიროებს. ისინი იქ ხვდებოდნენ ინდოევროპელთა პირველი ტალღის შთამომავალ აქეელებს,. ჩრდილოეთიდან მოსულმა ამ ტალღამ ქვეყანა 1900 წლისთვის დაიპყრო. აქეელები ჯერ ბარბაროსები, უხეში ზნე-ჩვეულებების მეომრები იყვნენ. ისინი როგორც ევროპის დანარჩენი ნაწილის მცხოვრებნი ეწეოდნენ პრიმიტიულ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა ესოდენ განვითარებულ მინოსურ თალასოკრატიასთან შეხვედრისას აქეელებმა თავი გამოიჩინეს როგორც გასაკვირად ნიჭიერმა მოწაფეებმა. მათ მიბაძეს კრეტელებს, ენერგიულად წამოიწყეს გემთმშენებლობა და მეზღვაურებად და ვაჭრებად გადაიქცნენ.

ევროპის კონტინენტზე აყვავდა კრეტაზე ნაპოვნი მრავალი მაგალითით სტიმულირებული პირველი ინდოევროპული ცივილიზაცია. იღებდა რა დიდ შემოსავალს კომერციისაგან აქეელთა დედაქალაქი მიკენი იქცა ისეთ ქალაქად რომელსაც სიმდიდრისა და საგანძურისთვის აქებდა უკვე ჰომეროსი. მინოსური მოდელის მიხედვით იქ აგებდნენ პირველ ევროპულ სასახლეებს, დიდი ქვებით ნაგებ დიდ აკლდამებს მძლავრი კამარებით რომლებიც ჰგავს სამხრეთ კრეტის თოლოსებს. მიკენელები აქ კრძალავდნენ თავის მიცვალებულებს. მიკენელები იყვნენ პირველი ევროპელები ვინც წერა-კითხვა ისწავლეს. მათ კრეტელებისაგან გადაიღეს ხაზოვანი დამწერლობა.

კრეტელები ვერ ხედავდნენ საფრთხეს და მათ დაანთეს ცეცხლი რომელშიც თვითონ უნდა დამწვარიყვნენ. დასავლეთიდან, ბერძნული კონტინენტიდან ბრუნდებოდა აღმოსავლეთიდან, ეგეოსიდან მოსული ტალღა. დაიწყო მიკენის პირველი ძლიერი ექსპანსია.

დიდ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით აქეელებმა წამოიწყეს ახალი ლაშქრობები თავისი ბატონობის განსავრცობად. მიწისძვრებისა და კრეტას ამაოხრებელი ზღვის მოქცევის შემდეგ აქეელები აღმოჩნდნენ კნოსოსის წინ. მინოსურ იმპერიას უაეცრად ეღებოდა ბოლო.

მიკენელები კრეტელთა მემკვიდრეებად იქცნენ ზღვაოსნობის, კომერციის სფეროებში და ააგეს ძლიერი ეკონომიკური იმპერია. მათ ფლოტებს ხედავდნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა კუნძულთან და სანაპიროსთან თესალიიდან ჰელესპონტამდე. მიკენელი ვაჭრები დაწესებულებებს აარსებენ მილეთში და ფოკეაში, ფილიალს ხსნიან ფინიკიურ საპორტო ქალაქ უგარიტში, დასავლეთში მათ პირველებმა გადასერეს იონიის ზღვა. არქეოლოგებმა იპოვეს მათი ნაკვალევი. მიკენური კერამიკა ნაპოვნი იქნა იშიასა და ლიპარის კუნძულებზე, სიცილიაში და სამხრეთ იტალიაში, განსაკუთრებით ტარენტოს მახლობლად, სადაც კერამიკა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნახეს.

მაგრამ მიკენელებმა ფეხი მოიკიდეს ზღვის მოშორებითაც.მათი კომერციის ნაკვალევი კვეთს მთელ კონტინენტს და მიდის იუტლანდიამდე და ბალტიკამდე, სკანდინავიაში და დასავლეთის უკიდურეს განაპირა მხარეებში. ამაზე მოწმობს ორმოსამარხებში და თოლოსებში ნაპოვნი ქარვის ნაწილები. ამაზევე მოწმობს, პირიქით, დანიური ხმლების ტართა შემამკობელი სპირალის მოტივები და საალის ნაპირების ბელადთა სამარხებში ნაპოვნი ორმაგი ცულები. ცენტრალური ევროპიდან მომავალი ოქრო და ბრიტანეთის შორეული კუნძულებიდან მომავალი კალა სამხრეთისაკენ წასასვლელად ხმელეთს ირჩევდა.

მიაღწია რა პირველობას ეკონომიკური ექსპანსიის სფეროში მიკენს წვლილი შეჰქონდა დასავლეთის და ჩრდილოეთის ქვეყანათა განვითარებაში. აქეელთა ქალაქის მიერ ვაჭრობისთვის გახსნილი გზებით ეგეოსის ზღვის სახელოსნოებში დამზადებულმა ყოველდღიური მოხმარების და ფუფუნების საგნებმა შეაღწიეს ერებში ( « წყვდიადის ქვეყანაში», ევროპაში) და იმავე დროს შეიტანეს ლითონთა დამუშავების ტექნიკა. ეს იყო ბრინჯაოს ხანის დასაწყისი გერმანიაში !

მაგრამ იმედი რომელიც შეიძლებოდა გაეჩინა ამ ესოდენ ბრწყინვალე დასაწყისს მოულოდნელად გაქრა. ეს განვითარება უეცრად შეწყდა ამ ათასწლეულის დასრულებამდეც კი.

1200 წლის სიახლოვეს ზღვის ხალხთა შემოსევის დაწყებამ აღნიშნა ეგეოსის ზღვის აუზში მღელვარებისა და ძვრების პერიოდის დასაწყისი. ხალხები დაიძრნენ ქარიშხლის მსგავსად და დალეწეს ყველაფერი თავის გზაზე. მათ მიწის პირიდან აღგავეს ყველა ქვეყანა მცირე აზიიდან პალესტინამდე სირიის გავლით. მათმა დარტყმებმა დაამხეს ხეთური იმპერია, დააქციეს ეფესო, უგარიტი, მილეთი. ნანგრევებად გადაიქცა კვიპროსი. დამპყრობლები ეგვიპტის კარიბჭესთან დაამარცხეს ფარაონის ჯარებმა. რამოდენიმე თაობის შემდეგ იგივე აოხრება განიცადა საბერძნეთმაც. მას თავს ისევ დაატყდა ისევ ინდოევროპელთა, მაგრამ ამჯერად დორიელთა ტალღა რომელმაც ააოხრა და დალეწა ყველაფერი.

ამ კატასტროფის შემდეგ აღარაფერი დარჩა იმისგან რამაც ეს სამხრეთ-

-აღმოსავლეთი მხარე აქცია აყვავებულ რეგიონად. მიკენის იმპერიის დამხობამ დორიელთა მიერ, მისი ეკონომიკის დაქცევამ, მისი საზღვაო ვაჭრობის მოსპობამ ბოლო მოუღო ბერძენთა განუყოფელ ბატონობას ზღვებზე.

მიუხედავად ამისა მიკენის ადგილი ცარიელი არ უნდა დარჩენილიყო. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა სანაპიროდან, აღმოსავლეთიდან დაძრულმა კომერციულმა ზღვაოსნობამ მნიშვნელოვანი აღმავლობა განიცადა. ლიბანში ფინიკიელებმა მიიღეს აქეელთა მიერ დატოვებული საზღვაო მემკვიდრეობა. ტიროსის სახელგანთქმულმა პორტმა განიცადა არაჩვეულებრივი აღმავლობა. ეს ქალაქი, რომელიც, როგორც ნათქვამია ბიბლიაში, « მდებარეობს ზღვის ნაპირას და ვაჭრობს კუნძულთა მრავალ ხალხთან», ნავიგაციის ისტორიაში ხსნის ახალ და მეტად საინტერესო თავს.

ორ ათასზე მეტი წლის განმავლობაში ყველაფერი მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თამაშდებოდა. ცნობილი სამყარო თავდებოდა იონიის ზღვის იქით. ის თითქოს თავდებოდა საზღვრით რომლის გადალახვასაც თითქოს ვერავინ ბედავდა. ტიროსი იყო პირველი ვინც გადალახა ეს საზღვარი და აღასრულა გაბედული მკვლევარის საქმე. მან აღჭურვა გემები რათა წამოეწყო « შიდა ზღვის» იქით მიმართული ექსპედიციები და ისინი დასავლეთისაკენ მიმართა. ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდეს მოთხრობით მათ შორის ვინც გარს შემოუარეს სიცილიას იყვნენ ქანაანელნიც. ფინიკიელები განუწყვეტლივ აახლებდნენ ექსპედიციებს რომლებმაც მიაღწიეს სიცილიის მეზობელ მხარეებამდე. მიყვებოდნენ რა აფრიკის სანაპიროებს მათმა ფლოტებმა მიაღწიეს ხმელთაშუა ზღვის უკიდურეს საზღვრამდე.

ევროპა ხარზე 
მიაღწიეს რა ატლანტური ოკეანის კარიბჭეს მათ ანდალუზიაში აღმოაჩინეს ტარტესოსის ლეგენდარული სამეფო ( დასავლეთის იბერია). ეს იყო ანტიკური ხანის ელდორადო თავისი მდიდარი სოფლის მეურნეობით, წიაღისეული სიმდიდრეებით და უფრო თვით ესპანეთში მოპოვებული ვერცხლითა და კალით რომელსაც ის ძველი სავაჭრო გზებით იღებდა ჩრდილოეთის ზღვის იდუმალი «კასიტების კუნძულებიდან». კადესში, დღევანდელ კადირში ფინიკიელები დამკვიდრდნენ ამ ქვეყნის ძალიან სტუმართმოყვარე თანხმობით. მეორე მხარეს, აფრიკის სანაპიროზე, მათ დააარსეს ბაზა ლიქსუსი. მათი ღმერთი მელკარტი ფინიკიელებმა აქციეს მფარველად სრუტისა რომელსაც ისინი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. არც ერთ უცხოურ გემს არ ჰქონდა « ჰერაკლეს სვეტებს» შორის გამავალი საზღვაო გზით სარგებლობის უფლება.

აფრიკის სანაპიროზე გამართული იყო თავდაცვითი ნაგებობები, საწყობები და და ნავსადგურები რომლებიც იძლეოდა გემების დაცვისა და მომარაგების საშუალებას. იქ სადაც ატლასი ეშვება ზღვაში, ჯერდას შესართავთან, თანამედროვე ტუნისში, გაჩნდა ქალაქი დაცული პორტით. ეს იყო კუტიკა, არისტოტელე მის დაარსებას ძვ.წ. 1100 წლით ათარიღებდა.

საუკუნეთა მანძილზე მხოლოდ ფინიკიელნი სერავდნენ დასავლეთის ზღვას. მათ ხელში იყო ტარტესოსთან, «ვერცხლის ქვეყანასთან» ვაჭრობის მონოპოლია.

მათ არ ჰყოლიათ კონკურენტები ვინაიდან ბერძენთა საზღვაო ამბიციები იმ დროს ეგეოსის ზღვით იფარგლებოდა. მათი უპირატესობა გაძლიერდა მათ შემდეგ რაც ასურელ დამპყრობელთა ზეწოლით ტიროსის მცხოვრებნი გადასახლდნენ რათა ჩრდილოეთ აფრიკაში დაეარსებინათ ახალი ქალაქი. მათ დედა სამშობლო პრინცესა დიდონას მეთაურობით დატოვეს და ძვ.წ. 814 წ. უტიკის მახლობლად, მთა ბირსას ძირში, საფუძველი ჩაუყარეს ქალაქ კართაგენს.

ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ ვითარება დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მკვეთრად შეიცვალა. ფინიკიელებმა და კართაგენელებმა მოულოდნელად დაინახეს მათ წინაშე წამომართული საშიში მტერი. რა მოხდა?

კართაგენის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ ცოტა ხანი იყო გასული რომ ზღვა გადასერა ახალმა ძლიერმა მიგრაციამ. ის ამჯერად ელადიდან დაიწყო ! ბერძნები ოთხი საუკუნის მანძილზე თითქოს გონებამიხდილნი იყვნენ. ჩრდილოეთიდან მოსული ბარბაროსების შეტევამ ისინი პრიმიტიულ მდგომარეობაში უკუაგდო. არაფერი გადარჩენილა ესოდენ განვითარებული მიკენური ცივილიზაციისაგან. აღარ აშენებდნენ აღარც სასახლეებს და აღაც ქვის მონუმენტებს. ისევ დაიწყეს ცხოვრება თიხის სახლებში. . ხელოსნობის დიდი წარმოება წარსულის კუთვნილებად იქცა. დაუბრუნდნენ წინა პერიოდის უბრალო ბუნებრივ ეკონომიკას. ხელოვნება მარტივი და მოკრძალებული იყო.

ახალი იმედი გაჩნდა არა დედა სამშობლოში არამედ ეგეოსის ზღვის მეორე სანაპიროზე, მცირე აზიის სანაპიროებზე. ისევე როგორც თითქმის ათასი წლის წინ გამოღვიძებისათვის აუცილებელი ღონის მოსაკრებად მათ ყურადღება უნდა მიექციათ ძველი აღმოსავლეთიდან, ანატოლიიდან და ფინიკიიდან მოსული სტიმულებისთვის.

უკვე მიკენურ ხანაში განვითარებული, მაგრამ ეხლა დანგრეული ქალაქები ეფესოს, მილეთის და სხვათა ნანგრევების ადგილას თანდათანობით ხელახლა გაჩნდა მოსახლეობა, პორტები და მათი მოწყობილობა. ესენი იყვნენ იონურად მოლაპარაკე ემიგრანტები რომელთა დიდმა ნაწილმა სამშობლო დატოვა დორიელთა შემოსევის შემდეგ. სწორედ იონურად მოლაპარაკენი იყვნენ მათი დამფუძნებელნი. IX საუკუნიდან სანაპიროზე უწყვეტი ჯაჭვი შექმნა სმირნიდან ჰალიკარნასამდე გაშლილმა აყვავებულ კოლონიათა სერიამ. იონიელები დამკვიდრდნენ ქიოსზე და სამოსზე. კომერცია იყო განმაცვიფრებელო აყვავების წყარო. ქარავანთა ბოლო სადგური იყო მცირე აზია და ახლომდებარე სირია. საქონელი ჩამოჰქონდათ მცირე აზიიდან, უფრო კი შუამდინარეთიდან. მეორეს მხრივ მილეთი და ფოკეა იყო დასაწყისი ორი დიდი სავაჭრო გზისა რომლებიც მდინარეთა დინების გაყოლებით ღრმად აღწევდნენ ანატოლიის მაღალ ზეგანზე.

მაშინ როდესაც დედა სამშობლოში დრო თითქოს გაჩერებული იყო და ათენის არსებობაც კი მოჩვენებითი არსებობა იყო იონია იღებდა ინიციატივას რომელსაც უნდა გაეხსნა მომავლის გზა. ქალაქები გაიზარდა და გამდიდრდა. პორტებიდან გასული გემები კვლავ სერავდნენ ეგეოსის ზღვას. სწრაფად განვითარდა მცირე ინდუსტრია და ხელოსნობა, განსაკუთრებით ლითონთა დამუშავება და კერამიკა. დაიწყო საექსპორტო წარმოება.

ძვ.წ. 750 წლისთვის სწორედ იონიიდან გაისმა ჰომეროსის ხმა. სწორედ აზიის მიწაზე იხილეს დღის შუქი მისმა დაუვიწყარმა ეპოპეებმა. «ილიადაში» პოულობენ ტროას ასაღებად გამართული ბრძოლების გახსენებას. გახსენებას მეომრებისა რომლებისთვისაც ღირებული მხოლოდ ომი და ბრძოლა იყო. მაგრამ «ოდისეამ» განავითარა სრულებით განსხვავებული თემა. ის აქებს გამბედაობას მეზღვაურისა ვინც სძლევს ყველაზე არაჩვეულებრივ დაბრკოლებებს, თითქოს პოეტს სურდა თანამემამულეებში საზღვაო თავგადასავლების განცდის სურვილის გაღვიძება.

საუკუნე როდესაც დიდი პოეტი თხზავდა თავის სიმღერებს ხსნის მძლავრი ექსპანსიის პერიოდს. ელადა უეცრად მოწყდა ადგილს, მას თითქოს აღარ ედგომებოდა სამშობლოში. იგი განიცდიდა მკვეთრი ცვლილების აუცილებლობას. მცირე აზიის კოლონიებში, დედაქალაქში და კუნძულებზე გემები სწევდნენ ღუზას სათითაოდ თუ ჯგუფურად. ვაჭრები მიდიოდნენ ახალი მოგების საძებრად. სხვები, კოლონები, ახალი მიწებისა და ახალი სამშობლოს საძებრად. ჭარბმოსახლეობა, სოციალური კრიზისები, ბაზართა გაფართოების სურვილი, ასეთი იყო ამ ახალი მიგრაციის მოტივები. ეგეოსის ზღვის აუზში აღარ იყო ასათვისებელი მიწა; სირიაში და ლიბანში გზები ჰქონდათ ჩახერგილი ასურელებსა და ფინიკიელებს. მცირერიცხოვანი დასახლების ზონები რჩებოდა მხოლოდ დასავლეთით, ეგეოსის ზღვის იქით, აპენინის ნახევარკუნძულზე და ეს უკანასკნელი იქცა ემიგრანტთა მიზნად. სამხრეთ იტალიისა და სიცილიის სანაპიროებთან თავიდან სათითაოდ მზვერავებად, შემდეგ კი მთელ ფლოტებად ჩერდებოდნენ მიწას მოშორებულ ბერძენთა გემები. ერთ-ერთმა პირველმა ფლოტილიამ მოახერხა მესინის სრუტის გადალახვა , მიაღწია იშიას და იქ დასახლება გამართა. ოცი წლის შემდეგ, ძვ.წ. 750 წლისთვის, ახალმოსულებმა კუნძულის პირისპირ, ვეზუვის ჩრდილოეთით დააარსეს კუმა კუმაე ( ლათინურად). რამოდენიმე ათწლეულში სამხრეთ იტალიამ და სიცილიამ ტალღებად მიიღეს ყველა ელინური ტომის ემიგრანტი: იონიელები, დორიელები, აქეელები, ყველა იღებდა მონაწილეობას კოლონიზაციის ამ წამოწყებაში.

ძვ.წ. 735 წ. ევბეოსის ხალკისიდან მომავალმა იონიელებმა ფეხი დადგეს ეტნაზე, სიცილიაზე. შემდეგ წელს კორინთოს დორიელები დამკვიდრდნენ ორტიჟიას კუნძულზე და საფუძველი ჩაუყარეს შემდეგში დიდად სახელგანთქმულ ქალაქ სირაკუზს. ძვ.წ. 729 წ. სიცილიაში დაარსებული იქნა ლეონტინი და კატანე, ქალაქები არსდება აპულიაში და კალაბრიაში. 720 წლის მახლობლად სიბარისი, აქეელთა დასახლება, 710 წელს კროტონი, 708 წლისთვის ტარენტი, სპარტიატთა კოლონია. ერთი საუკუნის მანძილზე იონიის ზღვის სანაპიროებიდან, ტარენტის ყურიდან სრუტემდე და მის იქით სიცილიის აღმოსავლეთი და სამხრეთი სანაპიროები, პელორეს კონცხიდან ლილიბეის კონცხამდე დაიფარა ბერძნულ კოლონიათა გვირგვინით. ბერძნები დაეუფლნენ ტერიტორიას რომელიც სივრცით არ ჩამოუვარდებოდა თერმოპილთა სამხრეთით მდებარე მეტროპოლიას, იბადებოდა მაგნა გრეცია, დიდი, დიადი საბერძნეთი.

კართაგენს დრო დასჭირდა იმის წარმოსადგენად თუ რა საფრთხეს უქმნიდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გამართულ მის კომერციულ იმპერიას ბერძენთა კომერციული კონკურენცია და კოლონიზაცია. როდესაც კართაგენმა გადაწყვიტა გადარჩენა იმისა რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისი პოზიციები სანახევროდ უკვე დაკარგული იყო. მიუხედავად ამისა მან სცადა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე , თარსისისაკენ ბატონობის უზრუნველყოფა. მან დაიპყრო სარდინია, ჯარები გაგზავნა ბალეარებზე, ექსპანსიის გზაზე მდებარე მნიშვნელოვან სადგომზე. მან მოამზადა კონტრშეტევა სიცილიაზე, სადაც ბერძნებმა უკვე მოიკიდეს ფეხი აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე. კონტრშეტევა მან დაიწყო კუნძულის დასავლეთ სანაპიროდან და დაეყრდნო მოტიეს, ლიბიაიონის, პანორმოსის და სოლოიესის თავის ბაზებს.

დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კართაგენმა და ბერძნებმა გამართეს ბრძოლა დასახლების ზონების, ნედლეულის წყაროების, კოლონიზაციისთვის ვარგისი ტერიტორიების დასაუფლებლად. მაგრამ მოხდა ძვ. პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრის ევროპისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა რომელმაც დიდი გავლენა იქონია მთელი კონტინენტის მომავალზე და რომლის შედეგებიც უანგარიშო იყო :

გამოჩნდა ხალხი რომელიც მუდამ იყო იდუმალებით მოსილი, რომლისაც მუდამ ეშინოდათ და რომლითაც აღფრთოვანებულები იყვნენ. იწყებოდა ეტრუსკთა სახელგანთქმული ხალხის ისტორია.

(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment