5.29.2011

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე! 8

ეტრუსკული ნეკროპოლი
მონტეროჩიში ( რეკონსტრუქცია)
ეტრუსკთა გამოჩენა:
«ეტრუსკები სხვა ხალხებისგან განსხვავდებიან არა მარტო ენით არამედ ცხოვრების წესითაც, ზნეჩვეულებებითაც» (დიონისე ჰალიკარნასელი, ძვ.წ. პირველი საუკუნე).
«არქეოლოგიური გამოკვლევები მოწმობენ რომ ძველი იტალიის განვითარებაში აბსოლუტური პრიორიტეტი ეკუთვნის ეტრურიას. ძვ.წ. VII საუკუნიდან ეტრუსკი ერი ჩანს როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული თავისი ინტელექტუალური და კულტურული სახით» ( მასიმო პალოტინო, 1955)

გაჩნდა გიგანტური აკლდამები:
ძვ.წ. IX საუკუნეში იტალიაში ჯერ არ იყო დამდგარი ისტორიული ხანა. ერთი საუკუნეც არ იყო გასული რომ აღმავლობა დაიწყო. ქვეყნის თავზე ბობოქრობს ჭეშმარიტი ქარიშხალი რომელიც უხეშად აღვიძებს ქვეყანას რათა გაიყოლოს ის გახსნილ მომავალში. არნახული ცვლილება განიცადეს არსებებმა და საგნებმა. ცხოვრებამ შეცვალა ინდოევროპელ მკვიდრთა ენაც და ზნე-ჩვეულებებიც კი. სრულებით სხვა სახეს იძენს თვით პეიზაჟი.
                ამ მძლავრი ძვრებისა და ცვლილებების თეატრია იტალიის გულში არსებული მიწის ის კუთხე რომელმაც დღემდე შემოინახა თავისი მომხიბლაობა, მისი პეიზაჟი ვერ დაამახინჯეს ვერც პლაჟთა დამპყრობელმა დამსვენებლებმა და ვერც სამხრეთისკენ მიმავალ მოტორიზებულ ტურისტთა ნაკადებმა.

აპენინების მაღალი ქედის ნახევარწრეში ჩაწერილი, ურიცხვი ბორცვებით გაცოცხლებული, ტიბროსის, არნოს და ტირენიის ზღვას შორის გაშლილი ვრცელი ველით ტოსკანა ქმნის სახელგანთქმულ «წითელ მიწას». ზეთისხილის ხეებსა და დიდ ვენახებს შორის იზრდება ველური მიხაკი, რომარინი და ლავანდი, დგას ფიჭვის, კვიპაროსის და ევკალიპტის მძაფრი სუნი. ასკილი და კაშკაშა ფერადოვანი ყვავილები გამოიყოფიან კორპის ხის ფონზე.

უფრო მოშორებით სამხრეთისკენ, ორვიეტოდან ლაციუმამდე სურათი იცვლება. აღიმართება ტუფის ზეგნები რომლებიც გადაკვეთილია ნიაღვრების მიერ გათხრილი ღრმა ღარებით. ნაკადები თხრიან ზღვამდე მიმავალ ღრმა კანიონებს. მრავალი ცხელი და ცივი წყარო, გემრიელი მინერალური და სამკურნალო წყლები მოწმობენ ძველ წარმომავლობაზე მიწის გეოლოგიურ ისტორიაში. ჩვენ ამდენად ვართ ვულკანური წარმომავლობის ნიადაგზე რაზეც მოწმობენ ტბები ტრაზიმენე და ბოლსენა. მათ უნდა დავუმატოთ ჩამქარელი ვულკანების ჩავარდნილ კრატერებში არსებული პატარა ტბები ვიკო და ბრაჩიანო. ამ ვულკანებს აქტიურობის ხანაში ამოფრქვეული ცეცხლით უნდა გაეძლიერებინათ ისედაც უზომო ძვრები.

არქეოლოგებმა დაადგინეს ამ ძვრების თარიღი. განვითარებული კულტურისა და ცივილიზაციის ნიშნები ჩნდება ძვ.წ. 750 წლის ახლოს, ესე იგი ვილანოვას ცივილიზაციის ნაშთთა შუაფულში. ვილანოვას ცივილიზაცია კი დარჩა პრიმიტიულ ცივილიზაციად.

ცვლილება პირველ რიგში მიცვალებულთა კულტში გამოჩნდა. დაწვის გვერდით სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებდა დაკრძალვა. ტარკვინიესში 83 საფლავიდან 58 ინახავდა ფერფლს. სამარხები რომლებიც თავიდან დაფარული იყო ბრტყელი, ზოგჯერ ფერდებზე თითქოს საცხოვრებლის სახურავის განსამეორებლად დაწყობილი ქვებით იქცნენ სოლიდურად ნაგებ ჭეშმარიტ აკლდამებად. ჩნდება სახოვრებელი ოთახების სწორკუთხა გეგმის მქონე დასაკრძალი ოთახები. რბილ ტუფში გამოკვეთილი ეს ოთახები მიცვალებულთა სახლად უნდა ქცეულიყვნენ. იქითკენ მიდიოდა დერეფანი ან კიბე. ზოგჯერ მრავალი მათგანი დაჯგუფებულია საერთო წინკარის ირგვლივ.

არც იტალიაში და არც დასავლეთის სხვა ქვეყნებში არ არსებობს ამ მიწისქვეშა დასაკრძალი ოთახების პრეცენდენტი. მაგრამ თვითონ ეს ოთახები მოსამზადებელი ეტაპები იყო. ძვ.წ. 700 წლისათვის ჩნდება ახალი მოდიფიკაცია. საფლავები იძენენ ნამდვილად გრანდიოზულ ზომებს. კლდეში გამოკვეთის დასაკრძალი ოთახების ზომები იზრედება და ისინი გადაიქცევიან დასაკრძალ დარბაზებად.

რეალურად იბადება მონუმენტური დასაკრძალი არქიტექტურა. ტიბროსის ჩრდილოეთით, ინდოევროპელ ტომთა მიერ დაკავებული ტერიტორიის შუაგულში, ინდოევროპელთა საცხოვრებლების ახლოს უეცრად აღიმართება შორიდან ხილვადი უჩვეულო, ხმელთაშუა ზღვის სამყაროსთვის უჩვეულო ზომისა და ფორმის დასაკრძალი მონუმენტები. თავიდან ტუფის ზეგნებზე ნაგებმა აკლდამებმა თანდათანობით შეაღწიეს ქვეყნის სიღრმეში, «შეუტიეს» აპენინთა პირველ ფერდობებსაც. მაშინ ადამიანი ყველგან ხედავდა ამ მძლავრ აკლდამებს რომელთაც მათი დამფარავი მიწის გროვა ანიჭებდა გიგანტურ განზომილებებს და გორაკთა სახეს. მათი დანახვისას ჩნდება ეკლესიების გუმბათთა ასოციაცია.

ეს სიმბოლური და ამაღელვებელი კონსტრუქციები აგებულია წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღვარზე. ორიათასხუთას წელზე მეტია რაც ისინი გამოწვევას უგზავნიან დროს და მრავალი მათგანი დღესაც კარგადაა შემონახული. მათში ღრმადაა ჩამარხული ქვის დარბაზები რომლებიც უკანასკნელი თავშესაფარი უნდა იყოს იქ დაკრძალული მიცვალებულებისთვის. ორმოციოდე კილომეტრში რომიდან, ჩერვეტერის ნეკროპოლში გიპყრობთ პირქუში განწყობა. ადამიანთა გამბედაობის და ოსტატობის ნაყოფი ეს კოლოსალური კონსტრუქციები შთამბეჭდავ სწორ ხაზად არიან აღმართულნი. თითქოს უყურებთ მამონტთა მომრგვალებულ ზურგებს. ამ ტუმულუსთა დიამეტრი 40 მეტრს აღწევს.

ტუფში გამოთლილი დოლის ფორმის ზეძირკველი შემკულია ნაგებობის ქვედა ნაწილის ტუფში ამოთლილი პროფილებით. ამ ტუმულუსებზე დღეს ბალახია ამოსული და კვიპაროსებია დარგული. დამრეცი დერეფანი შედის მიწის ამ გორაში და მიდის აკლდამამდე. აკლდამა შედგება საცხოვრებელი სახლის ოთახების მსგავსი ოთახების სერიისგან. ამ ოთახებს აქვთ კარებები, ცრუ ფანჯრები, ჭერზე-ცრუ კოჭები, კოლონები და პილასტრები. ოთახები გაწყობილია ტახტისა და უზურგო სკამის ფორმის ავეჯით. მიცვალებულთა ეტლების ბორბლებით მიწაში ამოღებული «აკლდამის» გზა მიუყვება ტუმულუსთა რიგს. საუკუნეთა მანძილზე დამკრძალავ პროცესიებს მიცვალებულები მიჰყავდათ მათი აკლდამებისკენ. შესასვლელთა წინ შეიძლება დავინახოთ სახლების ან ნახევარსვეტების ფორმის ქვები. ისინი მიუთითებენ დაკრძალულთა სქესზე: სახლი აღნიშნავდა ქალს,
ნახევარსვეტი კი თავისი ცხადი ფალიური მნიშვნელობით-კაცს.

ძვ.წ. VII საუკუნეში აგებული წრიული გეგმის მქონე გუმბათოვანი ნაგებობები მშენებლებმა კირის გარეშე ამოიყვანეს. ბლოკებსა და ფილებს შორის არსებული ნაკერები წვრილი ქვით იყო შევსებული. უდიდესი მათგანის გარშემოწერილობა თითქმის 30 მეტრს აღწევს. ამ სამგლოვიარო მონუმენტებს გარს უვლის ფართო მოკირწყლული გზა. გარე ვერტიკალური კედლების ზედა სიბრტყეზე დევს კირქვის ფილები. მათ მიერ შექმნილ გადანაშვერს გადაჰყავს წვიმის წყალი. შიგნით სწორკუთხა ოთახი დაგვირგვინებულია ცრუ გუმბათით. კონსტრუქციის ეს ტიპი გვაგონებს კრეტა-მიკენის თოლოსებს რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში ძვ.წ. მეორე ათასწლეულშია აგებული ( შლიმანის მიერ მიკენთან გათხრილი « ატრევსის აკლდამა») ან სულ ახლოს მდებარე სარდინიის კოშკებს რომლებსაც ნურაღებს უწოდებენ.

ეტრუსკული აკლდამა
შიგნიდან (დედაბოძით...) 
განსხვავებული სახისაა გასულ საუკუნეში ვეტულონიას, პოპულონიას მეზობელი ქალაქის გარემომცველ მთებზე, თანამედროვე გრასეტოს ახლოს ნაპოვნი აკლდამები. ესაა უზარმაზარი მეგალითური სამარხები, თლილი ქვის უზარმაზარი, მიწაში ჩასობილი ფილები. ზოგიერთი ამ დარბაზის გარშემოწერილობა აღწევს 50 მეტრს. მათ შუაგულში ორმო-სამარხები იყო გათხრილი. ყველაფერი მიწაყრილით შექმნილი გორაკითაა დაფარული. არქიტექტურის სხვა გიგანტური ქმნილება შორიდან ჩანს ვეტულონიას ძირში, ველზე სადაც გადის ძველი რომაული სამხედრო გზა ვია აურელია.

ამ ძეგლებს ყველა უწოდებს ტომბა დელლა პიეტრერას. გადარჩენილია ამ მონუმენტური დასაკრძალი ნაგებობის ერთადერთი ფრაგმენტი. მის შიგნით არსებულ სწორკუთხა ოთახს ხურავს გუმბათის ფორმის კამარა. მოსახლეობა საუკუნეთა მანძილზე იყენებდა მას როგორც ქვის სამტეხლოს. ადამიანის სიმაღლის მრგვალ ზეძირკველს, რომლის დიამეტრი დაახლოებით 70 მეტრს უდრიდა, ოდესღაც ფარავდა მიწაყრილი, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც გამქრალია. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენეს რომ აკლდამის აგებას ორჯერ შეუდგნენ. პირველი შენობა აგებისთანავე დაიქცა და დამარხა საფლავის ფენები. თაღის ასაგებად გამოყენებული ქვა ძალიან რბილი იყო და მან ვერ გაუძლო გადახურვის წონას. მეორე ცდა წარმატებული იყო : მშენებლებმა გამოიყენეს უფრო მტკიცე ქვა რომლისთვისაც მათ გაცილებით უფრო შორს წასვლა მოუხდათ.

ტომბა დელლა პიეტრერაც და პოპულონიას ირგვლივ არსებული ძეგლებიც ცხადად აჩვენებენ თუ რა ჯიუტად ცდილობდნენ გუმბათის ამოყვანას.

ფრანგი ეტრუსკოლოგი რაიმონ ბლოშის თანახმად ამ ორი ნეკროპოლის აკლდამებში გვხვდება კონსტრუქციები რომლებიც რა თაქმა უნდა ნაცნობია ეგეოსური სამყაროდან მაგრამ რომლებიც ბერძნებს არ გამოუყენებიათ : კამარა და გუმბათი, რა თქმა უნდა მათი საწყისი, პრიმიტიული ფორმები. კამარის ეფექტს ღებულობდნენ ქვების შიგნით გადაწევით და არა კამარის კლიტის ქვის გამოყენებით. მაგრამ ეს ტექნიკა მალე სრულყვეს და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა იტალიური არქიტექტურის განვითარებაში.

ძვ. წ. VII საუკუნეში გამოჩენილი მონუმენტური სამგლოვიარო არქიტექტურა იმპორტული არქიტექტურაა. იქ პოულობენ აღმოსავლურ გავლენებს. ცენტრალური იტალიის ეს მძლავრი აკლდამა-ბორცვები გასაკვირ ნათესაობას ამჟღავნებენ ანატოლიის, განსაკუთრებით ფრიგიისა და ლიდიის სამეფოთა დედაქალაქები გორდიონისა და სარდის ბორცვთა ძეგლებთან.

ტოსკანისა და ჩრდილო ლაციუმის ოთხივე მხარეს დღესაც აღმართულია ბორცვთა იმპოზანტური სილუეტები. კამიჩიას ოთხი ბორცვი, კორტონეს მახლობლად, დოგანაჩიოს ბორცვები ტარკვინიესთან, მონტე კალვარიო ქვეყნის ოთხივე მხარეს მიმართული აკლდამებით კასტელინას ახლოს კიანტიში. ვულცის ახლოს არის ორი გიგანტი რომელთაც უწოდებენ კუკუმელას და კუკუმელეტას. მაგრამ სულ ესაა რაც გადარჩა და ეს ძალიან ცოტაა. ასობით სხვა ბორცვი სამუდამოდ გაქრა. ისინი ააფეტქეს ან მოთხარეს.

მიუხედავად ამისა ეს მწირი ნაშთებიც მოწმობენ რომ ძვ.წ. VII საუკუნეში ტიბროსის ჩრდილოეთით არსებულ ტერიტორიაზე შემოიჭრა მანამდე არნახული სიცოცხლის ახლებური განცდა და ახალი შემოქმედებითი ნება. ყოველივე ეს ნიშნავდა ახალი ხანის დასაწყისს ( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment