5.29.2011

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე! 7

ვილანოვას კულტურის ნივთები
Exs oriente luxs ისევ:
ეტრუსკებამდელი იტალია:
გარშემოტყმული ზღვით, რომლის აღმოსავლეთმა სანაპირომაც უკვე ნახა ბრწყინვალე ცივილიზაციების აღმავლობა, იტალია, «ხბოთა ქვეყანა», როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ, ათასწლეულების მანძილზე რჩებოდა მივიწყებულ, მსოფლიო მომავლისაგან განზე მდგომ მიწად. არქეოლოგებმა, რომლებიც ეძებდნენ უძველესი წარსულის, წინაისტორიის და პროტოისტორიის ნაკვალევს, ვერ ნახეს ვერაფერი ხელშესახები. არანაირი სასახლე, არანაირი სიმაგრე, არანაირი ტაძარი, არანაირი განძი არ იქნა ნანახი. ვერ ნახეს ქალაქის უბრალო საფუძვლებიც თუ აგურის ნაშთებიც კი. ქვის ნაგებობების არანაირი კვალი.
პერუზას, ბოლონიის თუ სხვა მრავალი ქალაქის მუზეუმების ვიტრინები შეიცავენ ყველაფერს რისი პოვნაც შესძლო არქეოლოგის ნიჩაბმა და წერაქვმა. მრავალ დარბაზში არის მრავალი მეცნიერის ხანგრძლივი და ძნელი მუშაობის შედეგი : საცხოვრებელთა და საფლავთა ნაშთები, ჭურჭელი და სამკაული, ინსტრუმენტები და საბრძოლო იარაღი. ისე ჩანს თითქოს მნახველს მზერით არ შეუძლია მოიცვას ყველა ეს ნივთი, იმდენად დიდია მათი სიმრავლე. წარსულ ათასწლეულთა მუნჯი მოწმენი, მეტად ძველი, მეტად შორეული ეპოქისა როდესაც ჯერ კიდევ ქვა იყო ხელსაწყო და იარაღი. მაგრამ ჩნდება მონოტონურობის შეგრძნება, რადგან ამ ნაშთთა ნათქვამი უმნიშვნელოა: ისინი აჩენენ კითხვებს მაგრამ არ ხსნიან არაფერს. ისინი არ ატარებენ წარწერათა ნაკვალევს, მათზე არაა არანაირი გამოსახულება. სიმარტივე, არაფერი წყვეტს მონოტონურობას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო თაობათა მანძილზე მკვიდრთა ცხოვრება.

არაფერია გასაკვირი იმაში რომ აპენინთა წინაისტორია ნამდვილი თავსატეხია ისტორიკოსისათვის, დათარიღება და ახსნა იწვევს გაუთავებელ კამათს. ის რჩება ბუნდოვანი, სავსეა შეკითხვებით პასუხების გარეშე, ძლივს აჩენს ჯერ-ჯერობით გაურკვეველი კონტურების სახეს.

იტალიის უძველეს, თავდაპირველ მკვიდრთა შორის არიან გენუის ირგვლივ და მდინარე პოს ხეობაში მცხოვრები ლიგურები. მათი ენა ხმელთაშუა ზღვის ენებს განეკუთვნება. ლიგურები ენათესავებოდნენ იბერებს ( გვ.16).

ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, პიკენიუმში, აპულიაში და სამხრეთ სიცილიაში ცხოვრობდნენ ტომები რომელთაც ზოგიერთი ავტორი მიაკუთვნებს პელაგიანებს, ეგეოსის ზღვის აუზში და მცირე აზიაში უხსოვარ დროს მცხოვრებ ხალხს. ეს წინაისტორიული ადამიანები თავშესაფარს პოულობდნენ გამოქვაბულებში. ისინი თავის მიცვალებულებს ჩაცუცქულებს კრძალავდნენ და თან აყოლებდნენ ქვისგან უხეშად გამოთლილ იარაღს, რქისგან და ძვლისგან ნაკეთებ ჭურჭელს. სამკაულები კეთდებოდა ნიჟარებისგან და ცხოველების კბილებისგან. ე.წ. ველთა კულტურა გაჩნდა მხოლოდ ქვის ხანის ბოლოს. იყენებდნენ მხოლოდ მძიმე ფორმების მქონე თიხის მარტივ ჭურჭელს.

ჭურჭელი დამუშავებულია ხელით ვინაიდან ჯერ არ იყო ცნობილი მეთუნის რგოლი რომელსაც ნილოსის ნაპირებზე და შუამდინარეთში იყენებდნენ უკვე ათასწლეულების მანძილზე. მოგვიანებით აღმოსავლეთის ზეგავლენით დაიწყო ლითონის ხანა. ძვ.წ. 1800 წლისთვის ჩნდება ბრინჯაოს პირველი ჭურჭელი.

ჩრდილოეთით, ალპაების ძირში, პირველად იქნა შენიშნული უცნობი ცივილიზაცია. მდინარე პოს ველზე, აპენინთა პირველი ფერდობების მახლობლად, ბოლონიასთან დამკვიდრნენ ახალმოსულნი. სახლებს ისინი ხიმინჯებზე დგავდნენ, მიცვალებულებს წვავდნენ. სოფლების და სასაფლაოების ( ფერფლის შემცველი ურნების ერთიბლიობის) ირგვლივ იყო კედლები და თხრილები. ისინი მისდევდნენ მეცხოველეობას და მიწათმოქმედებას, ამზადებდნენ დახვეწილ კერამიკას და ყავდათ ლითონზე მომუშავე დიდოსტატი ხელოსნები.

მაგრამ ვიმეორებთ: მრავალი საუკუნე გაივლის სანამ აჩქარდება იტალიკთა ცხოვრების ტემპი. ძვ.წ. 1200 წელს, ბრინჯაოს ხანის დასასრულს, არქეოლოგიის მონაცემებით, მოქმედებას იწყებს გარედან მოსული ხალხის ძალა.

ამ ახალმოსულთა ეთნიკური ვინაობა ცხადია სწავლულთათვის: ისინი იყვნენ, და პირველად შეიძლება ამის მტკიცება, ინდოევროპელი მიგრანტები. ისინი მრავალ ტალღად მოვიდნენ და ბევრგან დატოვეს თავისი კვალი. ჩვენ მათ ვთვლით ისტორიული ტრადიციიდან ცნობილი იტალიკური ხალხების წინაპრებად. მათ შორის იყვნენ ტიბროსის სანაპიროებზე დამკვიდრებული ლათინები, მათი მეზობელია ფალისკები. ისინი გამოჩნდნენ ძვ.წ. 1000 წლისთვის, ე.ი. სულ ცოტა ხნის შემდეგ დორიელთა მიკენური იმპერიის დამხობიდან. მომდევნო ათასწლეულის დასაწყისიდან მათ მოყვნენ სხვა ხალხები, ომბრები, საბელიანები, ოსკები, სამნიტები. მათმა გამოჩენამ აამოძრავა ყველაფერი და გამოიწვია ზნე-ჩვეულებებისა და ცხოვრების წესის გადამწყვეტი ცვლილება. იგრძნობა მხატვრულ ფორმათა შეცვლის აუცილებლობა. მიცვალებულის ფერფლის შესანახად განკუთვნილი თიხის ოდესღაც პრიმიტიული ჭურჭელი იძენს სასიამოვნო ფორმებს. ჩნდება დიდი სამარხი ურნები. ისინი ზევიდან და ქვევიდან სრულდებიან წვეტით ხშირად მათ ხურავთ ჯამი ან ბრძოლის ველზე დაცემული მეომრის მუზარადი.

იმავე ხანაში იტალიაში ფეხს იკიდებს უმნიშვნელოვანესი ტექნიკა, იწყება რკინის ხანა. ბოლონიასთან ახლოს მდებარე სოფელ ვილანოვაში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილმა ამ ცივილიზაციამ მიიღო ამ სოფლის სახელი. მის ნაკვალევს თვალს ადევნებენ ჩრდილო იტალიიდან ლაციუმამდე, ტოსკანის გავლით ის უფრო სამხრეთითაც, სალერნომდე გრძელდება. ამ ინდოევროპელ თავდამსხმელთა ძეგლები ყველაზე მდიდრულია ტირენიის სანაპიროზე, ტოსკანაში. ამ ზონაში ყველგან ჩანს მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშნები, გადამწყვეტ ცვლილებათა კვალი. არქეოლოგებმა გამოავლინეს კერამიკისა და ბრინჯაოს ჭურჭლის საკვირველი სიუხვე. ჩანს რომ მოდაში შემოდის ახალი დეკორატიული სტილი: ზომიერი გეომეტრიული ორნამენტი, სწორი ან დამსხვრეული ხაზები, სამკუთხედები თუ გადაღუნული ჯვარი ამკობს ამიერიდან ჭურჭელს.

ნახევარკუნძულის მკვიდრნი უხსოვარი დროიდან ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას. მწყემსები და მეცხოველეები, რა თქმა უნდა, მაგრამ აგრეთვე მიწათმოქმედნიც, აგებდნენ უბრალო ხანმოკლე სადგომებს. ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარადაა და ვილანოველები იწყებენ ბინადარ ცხოვრებას.

ძვ.წ. IX საუკუნიდან ლაციუმში და ტოსკანაში იწყება ბინადარი ცხოვრება, ჩნდება მუდმივი საცხოვრებელი. გარემომცველმა ბუნებამ განსაზღვრა მისი ადგიმდებარეობა და ფორმა. საცხოვრებელს უფრო ხშირად აგებდნენ მაღალ ზეგნებზე რომლებიც გარშემორტყმულია ღრმა კალაპოტის მქონე მდინარეებით ან ციცაბო და მიუდგომელი ფერდობების მქონე ხევებით. ზოგჯერ ირჩევენ მაღალ ბორცვებს ან მთების მწვერვალებს, ჭაობიანი ადგილების შუაგულს, როგორც პალატინი ტიბროსის ნაპირებზე. ცოცხალთა საცხოვრებლების ახლოს, თიხისა და ჩალის უბრალო ქოხებთან, ეწყობა სასაფლაოები. იქ თანაარსებობს სამარხთა ორი ტიპი : ჭები რომლებშიც მარხავენ ფერფლს და ორმოები რომელშიც მარხავენ თვითონ ცხედარს. იარაღს უმთავრესად მამაკაცებთან ათავსებდნენ. შუბები ბრინჯაოს და რკინის პირებით, გრძელი ხანჯლები და დანები, რკინის ხმლები და ბრინჯაოს მუზარადები. ქალებს ჰქონდათ სამკაულების, საქონლის ან ხანდახან სპილოს ძვლისაგან გამოთლილი ქინძისთავების და სავარცხლების უფლება. ხანდახან უმატებდნენ ჭურჭელსაც რომელაც მიცვალებული ყოველდღიურად ხმარობდა: ხელნაკეთ კერამიკას ან ბრინჯაოს ჭურჭელს. ადგილობრივი ნაწარმის გვერდით ზოგჯერ პოულობენ უცხოურ ნაწარმსაც, სკარაბეებს და მცირე ქანდაკებებს ეგეოსიდან, ეგვიპტიდან თუ მახლობელი აღმოსავლეთიდან. დასტური იმისა რომ სანაპიროზე უკვე მოიკიდეს ფეხი უცხოელმა ვაჭრებმა, ფინიკიელებმა თუ ბერძნებმა.

ლაციუმში და ტიბროსის ჩრდილოეთში ფერფლის შესანახ ურნებს აძლევდნენ ცოცხალთა საცხოვრებლის სახეს. ეს ურნები საკმაოდ ნათლად წარმოგვიდგენენ საცხოვრებლის გარეგნულ სახეს. შენობა კვადრატული, სწორკუთხა ან მრგვალია. კედლები წნულია და თიხითაა გადალესილი; სახლი გადახურულია ჩალით ან ლერწმით. კერად იყენებენ მოძრავ სადგამს. ბოლი გადის შესასვლელი კარის თავზე გაჭრილი სამკუთხა ხვრელიდან. ქოხებს ამკობენ გარე კედლებზე დატანილი და თეთრი საღებავით ხაზგასმული გეომეტრიული მოტივები.

შვედი მეცნიერი აქსელ ბოესიუსი აზრით აღმოსავლეთიდან მოსულ ზღვაოსნებს ვილანოველთა ქვეყანა უნდა დაენახათ როგორც ველური კუთხე. ყველგან ხვდებოდნენ « ველურებს». მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო მათი საქმიანობის ორი მთავარი სახეობა.

იქმნება შტაბეჭდილება რომ ეს იყო მარტივი და მოკრძალებული ცხოვრება რომელზეც ოცნებობდნენ ავგუსტეს რომის ლათინი პოეტები როდესაც იმპერიული ქალაქის ხმაურით დაყრუებულნი უმღეროდნენ მოკრძალებული ხის ქვეშ მოწანწკარე ნაკადულს, ველზე აღმართულ საკურთხეველზე უსახელო ღმერთებისთვის შეწირულ მსხვერპლს. Iმპერიულ რომში პალატინზე მდგარი რომულუსის ქოხი განასახიერებს ამ წარსულს. დიონისე ჰალიკარნასელის მიერ დატოვებული აღწერილობა ასახავს რკინის ხანის საცხოვრებელს. აღსანიშნავია ისიც რომ ყოველი ხანძრის შემდეგ მას აღადგენენ თავდაპირველი პრიმიტიული სახით. ყოველივე ეს წარმოადგენს ცივილიზაციის ეტაპს თვით რომის წინაისტორიაში, ეტაპს რომლის კვალიც იძებნება ვილანოვის კულტურაში. მაგრამ შეცდომა არ უნდა დავუშვათ. რა მოკრძალებულიც არ უნდა ყოფილიყო მათი ცხოვრების წესი ახალმოსულები არ ყოფილან არც უბრალო მეჯოგეები და არც უბრალო მიწათმოქმედები. ისინი იყვნენ ნიჭიერი ხელოსნები, ლითონთა დამუშავების ოსტატები, კარგი იარაღისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის მკეთებელნი. თავდაცვისათვის ისინი იყენებდნენ ბრინჯაოს ჯავშანს და ბრინჯაოსვე ფარს. მუზარადებს ისინი ამკობდნენ გრძელი წვეტითა და წახნაგით.

ვილანოვას კულტურის წარმომადგენლებმა როგორც ჩანს თვითონ იტალიაში იპოვეს ლითონთა საჭიროების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ნედლეული სულაც არ უნდა იყოს შემთხვევითი ის რომ მიწათმოქმედთა ცივილიზაცია ყველაზე მეტად განვითარდა იქ სწორედ ტოსკანის სამხრეთ რეგიონებში, ყველაზე მეტად კი იქ სადაც სადაც მოგვიანებით აღიმართა ტარკვინიესი, ეტრურიის დედაქალაქი. ამ ადგილიდან ერთი დღის სავალში არის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე სასურველი განძის, რკინის შემცველი ტოფას მთები. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენეს რომ მადნის მოპოვება, ლითონის შემცველი წიაღისეულის ამოღება დაიწყო ვილანოვას ხანაში.

და მიუხედავად ყველაფერი ამისა, მიუხედავად მთელი ამ პროგრესისა და ახალი ხალხის მიერ მოტანილი ცვლილებებისა იტალია, როგორც ადრე, რჩებოდა მიწად ისტორიის გარეშე. ეს იყო მხოლოდ პრელუდია, ლეთარგიისგან გადასადგმელად გადადგმული პირველი ნაბიჯი. ნამდვილი დასაწყისითვის საჭირო იყო გარედან მოსული უფრო ძლიერი, უფრო გასაკვირი იმპულსები. დამდგარი იყო დრო, მიღწეული იყო მომავალში გადასალახი ზღურბლი. ახალი ძალები იყვნენ იქ და კარებთან იცდიდნენ.

( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment