5.29.2011

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე! 1

ევროპელი ისტორიკების  რატომღაც მივიწყებული ნააზრევიდან :
აღმოსავლეთიდანაა სინათლე ! « Ex Oriente Lux!», როგორც ამბობდნენ ძველი და ბრძენი რომაელები.  სულ ცოტა რამ ამისა და ქართველებისთვის საინტერესო ბევრი სხვა რამის შესახებ ევროპელ ისტორიკოსთა მიხედვით.
რენე გრუსე, ისტორიის შედეგი
ზღვა და მთა: «ხმელთაშუა ზღვა საკუთარ თავს განსაზღვრავს ყოველი მხრიდან ხმელეთით შემოფარგლულ და შეზღუდულ ზღვად. ხმელთაშუა ზღვა განა უპირველეს ყოვლისა მთებს შორის მოქცეული ზღვა არაა? აუცილებელია ამის ხაზგასმით აღნიშნვა  ისტორიის პლანში ვინაიდან ჩვეულებრივ ამ ფაქტსა და მის მრავალ შედეგს ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე.
                
მთა ყველგანაა ზღვის ირგვლივ, ზოგიერთი უმნიშვნელო წყვეტილის გამოკლებით ( მაგ. გიბრალტარი, ნორუზის ზღურბლი, ეგეოსიდან შავი ზღვისკენ მიმავალი სრუტეები. ერთადერთი მნიშვნელოვანი ლაკუნაა სახარის სიბრტყე).
               
დავუმატოთ რომ ესაა მაღალი, ვრცელი, დაუსრულებელი მთები : ალპები, პირენეები, აპენინები, დინარიკული ალპები, კავკასია, ანატოლიის მთები,  ესპანური კორდილიერები, ძალიან მძლავრი, მომთხოვნი პერსონები, ერთნი სიმაღლის გამო, მეორენი მათი კომპაქტური ფორმებისა თუ ძნელად მისადგომი, ღრმა, ჩაჭედილი ხეობების გამო...» ( სახელგანთქმული ფრანგი ისტორიკოსი, აკადემიკოსი, ფრანგ ისტორიკოსთა სკოლა «ანალების» ცნობილი წარმომადგენელი ფერნან ბროდელი, «ხმელთაშუაზღვისპირეთი და ხმელთაშუაზღვისპირული სამყარო ფილიპე მეორის ხანაში, წიგნი პირველი, «გარემოს წილი», პარიზი, 1990,გვ.30-31).

მთიელთა ცხოვრება ხმელთაშუაზღვისპირეთის პირველი ისტორიაა?
ზღვის მთელი ისტორია საფუძველშივე შეიძლება მთის ნაწარმოები იყოს. მთიელთა ცხოვრება შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი ცხოვრება ხმელთაშუაზღვისპირეთისა რომლის ცივილიზაციაც მახლობელი აღმოსავლეთისა და შუა აზიის ცივილიზაციათა მსგავსად ძლივს მალავს თავის მწყემსურ საფუძვლებს, ადამიანთა მიერ ძალიან ადრე ათვისებულ მაღალ მთიანეთთან დაკავშირებული ცხოვრების ნაკვალევს.  

ეტრუსკები
ჯერ მთიანეთი იყო ათვისებული და შემდეგ დაბლობები, რომლებიც თავდაპირველად დამდგარი წყლების, ჭაობების და მალარიის არე იყო და რომელთა ათვისებასაც საუკუნეთა მანძილზე თაობათა მძიმე და დაძაბული შრომა დასჭირდა. ანტიკურ რომში  ვარონის ხანაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მოგონება იმ დროის შესახებ როდესაც ველაბრეზე ჯერ კიდევ ნავით დადიოდნენ. ადამიანთა დასახლებებმა ციებ-ცხელებიანი ადგილების დაკავებას დიდი დრო მოანდომეს. 
        
ჩვენ არ განვიცდით ამის დამამტკიცებელი საბუთების ნაკლებობას. ქვემო რონის (საფრანგეთი) ისტორიული დასახლებების რუკა: ყველა ცნობილი საბადო მდებარეობს კირქვის მაღალ მთებზე რომლებიც დელტაზე ბატონობენ აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით. მხოლოოდ ათასობით წლის შემდეგ, XV საუკუნეში იწყება რონის ჭაობთა დაშრობა. იგივე სურათია პორტუგალიაში, წინაისტორიული ცხოვრების კვალი არა ჩანს დაბლობებსა და ხეობებში. მთა კი, პირიქით, ბრინჯაოს ხანიდანაა დასახლებული. IX-X საუკუნეებში ჯერ კიდევ მთების მწვერვალებზე ცხოვრობდნენ. პორტუგალიურ მაგალითს ჩვენ ხმელთაშუაზღვისპირეთის გარეთ მივყავართ, მაგრამ აი ხმელთაშუაზღვისპირეთის გული, ტოსკანა: მაღალ ბორცვებს შორის მოქცული ვიწრო ხეობების ქვეყანა. პირველი და უძველესი ქალაქები აქ სწორედ ამ ბორცვების მწვერვალებზე, მათ უკანასკნელ სართულზეა. სწორედ იქაა ეტრუსკული ქალაქები პიზა, ლუკა, ფლორენცია. დაბლობთა ქალაქები  მოგვიანებით, რომაულ ხანაში ჩნდება. ფლორენციის ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში იარსებებს ადამიანებისთვის საშიში ჭაობი. ტოსკანის დაბლობი XVI საუკუნეშიც არაა მთლიანად განთავისუფლებული წყლისგან. პირიქით, წყლის დონე მატულობს ( ფ. ბროდელი, დასახ. ნაშრომი, გვ. 56-58).
                         
შავი ზღვა, კონსტანტინეპოლის ნაკრძალი:        
შორეული, ზღვაოსნობის დასასრულს, შავი ზღვა მოქცეულია  განუვითარებელი (ზოგი გამონაკლისის გარდა) ერთდროულად  ბარბაროსული და  გაბარბაროსებული ქვეყნების მასაში. ძლიერი მთები ზღუდავენ მას სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. ამ მთებს შორის ძლივს მიიკლაკნება შუამდინარეთიდან, სპარსეთიდან და სომხეთიდან ტრაპიზონისკენ მიმავალი გზები.
             
შავი ზღვა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა. აქაა ის რასაც იგი თითქმის თავის სანაპიროზევე ამზადებს: გამხმარი თევზი, «რუსული» მდინარეების ხიზილალა, თურქული ფლოტისთვის საჭირო  ხე, სამეგრელოს მიერ მიწოდებული რკინა, მარცვლეული და მატყლი... ( სამეგრელო, აღნიშნავს ტავერნიე 1664 წელს, ყოველთვის კარგ დამოკიდებულებაშია თურქეთთან ვინაიდან თურქეთში მოხმარებული ფოლადისა და რკინის უდიდესი ნაწილი სამეგრელოდან შავი ზღვით ჩადის).  ამას გარდა აქაა ის რასაც შავი ზღვა გადასცემს: ის რასაც იგი იღებს შუა აზიიდან და სპარსეთიდან და რაც ქარავანებით მოდის, რაც კონსტანტინეპოლისთვის და დასავლეთისთვისაა განკუთვნილი. აღმოსავლეთთან ამ ორმაგი ვაჭრობის შესახებ ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ცოტა რამ ვიცით; ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ
XVI საუკუნეში შავი ზღვის მთელი ვაჭრობა კონსტანტინეპოლის ხელშია და რომ კონსტანტინეპოლი ქმნის ეკრანს ხმელთაშუაზღვისპირეთის ამ განაპირა მხარესა და  მის დანარჩენ ნაწილს შორის.
             
ადვილად ხელმისაწვდომი შავი ზღვა კონსტანტინეპოლისთვის, ამ უზარმაზარი დედაქალაქისთვის მკვებავი ზონაა რომლის გარეშეც ის უბრალოდ ვერ იცოცხლებდა. კონსტანტინეპოლი ვერ დაკმაყოფილდებოდა ბალკანეთიდან ჩასული ხარკით (განსაკუთრებით გაგზავნილი ცხვრით), ვერც პურით, ბრინჯით თუ ცერცვეულით, რაც სანელებლებთან და ნარკოტიკებთან ერთად ფლოტებით ჩაჰქონდათ ალექსანდრიიდან. სამეგრელოდან კონსტანტინეპოლში ტიკებით ჩაჰქონდათ კარაქი...
               
შავი ზღვა XVI საუკუნეში კონსტანტინეპოლზე მიბმულია ისევე როგორც ოდესღაც ის მილეთზე, ათენის მამულზე იყო მიბმული. 1265 წლიდან მასზე გაბატონდნენ ყირიმის სამხრეთში, ტანაში და კაფაში გამაგრებული გენუელები. თურქებმა გენუელები მხოლოდ XV საუკუნის ბოლოს გააძევეს. ამას მოჰყვა შავი ზღვისკენ მიმავალი გზების ცვლილება: ისინი უკვე არა ყირიმისკენ არამედ კონსტანტინეპოლისაკენ მიემართებიან.
                  
ამიერიდან შავი ზღვა უზარმაზარი თურქული დედაქალაქის აღიარებული ბეღელია. მაგრამ გენუელები იქ 1590-ან წლებამდე ჩანან. მართლაც კონსტანტინეპოლმა დაადო კლიტე შავ ზღვას? მართლაც კონსტანტინეპოლმა მოუღო ბოლო საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის იმ როლს რომელსაც შავი ზღვა ასრულებს შუა საუკუნეთა დასასრულს?
            
იქნებ შავი ზღვა სხვა ძალამ ჩაკეტა? შავი ზღვა ფაქტიურად დასასრულია იმ გზებისა რომლებსაც ჩვეულებრივად აბრეშუმის გზას უწოდებენ. და ეს გზა XIV საუკუნიდან გაწყდა. მისმა გამამდიდრებელმა ვაჭრობამ მაშინ სპარსეთს მიმართა. მეორეს მხრივ XVI საუკუნის შუა ხანებისთვის რუსეთი გაუყვა ვოლგის დინებას. რუსებს ხელში ჩაუვარდათ ყაზანის სახანო. ივანე მრისხანე 1556 წელს დაეუფლა ასტრახანს. ამჯერად კლიტე მტკიცე აღმოჩნდა. შავი ზღვა ჩაიკეტა. ისტორია უგულვებელჰყოფს ამ მნიშვნელოვან ფაქტს ( ფერნან ბროდელი, დასახ. ნაშრ. გვ. 128-133).
                             
ფრანგი აკადემიკოსი რენე გრუსე:               
«უეჭველია რომ თავდაპირველი ინდოევროპული საზოგადოება ინტელექტუალური ან მორალური თვალსაზრისით შეიძლება დიდად იმედის მომცემი ყოფილიყო,  მაგრამ ეს იმედები, რაც არ უნდა ეთქვათ «ისტორიული არიანიზმისა» და შემდეგ ჰიტლერის სკოლებს, ინდოევროპელებმა გაამართლეს იქ სადაც მათი გენია განაყოფიერებული იყო სამხრეთის ძველ იმპერიებთან მათი კონტაქტით. ასეთი იყო ლათინების, ბერძნებისა და არქაული ირანელების შემთხვევა. ისინი კულტურასთან აზიარეს შესაბამისად ეტრუსკებმა, მინოელებმა და ასირო--ბაბილონელებმა.  სამაგიეროდ მშობლიურ ხანაში დარჩენილი ინდოევროპელი ხალხები, გერმანელები, ბალტები და სლავები, ბარბაროსებად დარჩნენ მანამდე ვიდრე უშუალოდ თუ არაპირდაპირ არ განიცადეს ხმელთაშუაზღვისპირეთის გავლენა» (რენე გრუსე, ისტორიის  შედეგი ( Bilan de l'Histoire), გამომცემლობა პლონი, 1946, გვ. 20).
                        
საქართველო და კავკასია:                     
იტალიის კონსული თბილისში პაოლო ვიტა-ფინცი:       
«ევროპასა და აზიას შორის გადაჭიმული ხიდი და გზაჯვარედინი მრავალ ცივილზაციას შორის, საქართველო, იყო სავალდებული გზა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ თუ პირიქით მიმავალი ყველა თავდამსხმელისა თუ დამპყრობელისათვის ალექსანდრე დიდიდან თემურ ლენგამდე, ბიზანტიელებიდან თურქ-სელჩუკებამდე, სპარსელებიდან რუსებამდე და ინგლისელებამდე ( ხიდი როგორც ამბობდა მასარიკი ჩეხოსლოვაკიაზე, «მეტისმეტად ბევრმა ხალხმა გაიარა»).           
დასავლელ იბერი მანდილოსანი
კავკასია დასახლებულია მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან ძველ ენებზე მოლაპარაკე ხალხით. ზოგიერთი ამ ენათაგანი მდიდარია ლიტერატურული ძეგლებით და მათ აქვთ სრულებით ავტონომიური ანბანი, მორფოლოგია და სინტაქსი რომელიც მუდამ იწვევს ეთნოგრაფთა და ლინგვისტთა ინტერესს. ასე, პროფესორმა ტრომბეტიმ განაცხადა რომ  ქართული ენა ენათესავება მრავალ სხვა ენას, რომელთა (ქართულის ნათესავ ენათა) შორისაცაა ეტრუსკული და ბასკური. სხვები კი ფიქრობდნენ რომ ხევსურეთის (შორიახლოს თბილისიდან) მკვიდრნი არიან ჯვაროსანთა შუა საუკუნეების ექსპედიციის  მთებში ჩარჩენილი და იზოლირებული შთამომავალნი» («კავკასიური დღიურები ( 1928-1931) და მოსკოვური ჩანაწერები ( 1953»), დიპლომატიური ჩანთა, კოლექცია რომელსაც ხელმძღვანელობს ფრანგი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი კლერ მურადიანი, 2000 წ.,პარიზი).
კავკასიურ ცივილიზაციაზე:
«ისინი, ვისაც კავკასიის მკვიდრთა შორის კავკასიელები, საკუთრივ კავკასიელები ან, უფრო ზუსტად, პალეო-კავკასიელები უნდა ვუწოდოთ და რომელთა ანსამბლი კონკრეტდება ლეკთა, ჩერქეზთა და ქართველთა (აქ პატივცემულ ავტორს გამორჩა ვაინახები, ჩეჩნები და ინგუშები, მთარგმნელი) ირგვლივ ეთნოლოგში იწვევენ ღრმა პატივისცემას.
                   
ისინი ბასკებთან და შეიძლება გამქრალ ეტრუსკებთან ერთად წარმოადგენენ ნაშთს ძველი და დიდი ეთნიკური ოჯახისა რომელიც ცხოვრობდა ევროპაში დიდი ინდოევროპული ოჯახის (ინდო-ირანელები, ბერძენ-ლათინები, კელტები; გერმანელები, სლავები, ბალტები) ევროპაში დამკვიდრებამდე...
     
               
არაა გასაკვირი ის რომ კავკასიელებში ეძებენ იმ ელემენტთა ნაშთებს რომელთაც დასაშვები ანალოგიით უნდა შეედგინათ ევროპული ცივილიზაცია ინდოევროპელთა აყვავებამდე.» ( ანტროპოლოგიის სკოლის ეთნოლოგიის პროფესორი ჟორჟ მონტანდონ, წინასიტყვაობა ჰამბურგის მუზეუმის კონსერვატორი არტურ ბიჰანის წიგნისა «კავკასიური ცივილიზაცია», პარიზი, პაიო, 1936, გვ.7).
             
სტრასბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენებისა და ლიტერატურების პროფესორი  ჟოზეფ კარსტი ქართველების შესახებ :  «ქართველები ძველი იბერებისა და კოლხების შთამომავლები არიან. მათი ტერიტორია სამხრეთიდან სომხეთით იყო შემოფარგლული, აღმოსავლეთიდან-ალბანეთით, ჩრდილოეთიდან კავკასიონით, დასავლეთიდან შავი ზღვით.
               
სამხრეთელი მეზობლები, სომხები, მათ უწოდებდნენ ვირქ-ს, (ვრასტან: იბერია ანუ საქართველო). ეს ტერმინი ერთის მხრივ უკავშირდება «ივერიას» თუ «იბერიას» და, მეორეს მხრივ, «ჰირკანიას» ( ძველ ირანელთა ვეჰერკანას), სამხრეთ-კასპიურ ქვეყანას რომელიც კავკასიურ ალბანეთთან ერთად მუდამ იმყოფებოდა მჭიდრო ეთნოლოგიურ და კულტურულ კავშირში საკუთრივ იბერიასთან. სპარსელები და თურქები საქართველოს უწოდებენ გურჯისტანს, ქართველებს- გურჯი თუ გურკი, რაც ვირქ-ის თუ იბერიის მხოლოდ თემატური მოდიფიკაციაა.
                 
ქართული ლიტერატურის სფერო ძველად, საქართველოს სამეფოს ზეობისას, ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) გარდა მოიცავდა კავკასიური ალბანეთის ნაწილს, სამეგრელოს, მესხეთს, აფხაზეთსა და ოსეთს, ისევე როგორც ლაზისტანს ტრაპიზონამდე.
                     
ქართულ-ქართველური ანუ იბეროიდული მეტყველება ძველად ბევრად უფრო ვრცელ არეზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული : ერთის მხრივ მცირე აზიაში და, მეორეს მხრივ, სომხეთში და მის იქით.

დასავლელ იბერთა ხელი,
ხელისუფლების ნიშანი
მხოლოდ კარდუხთა ( სომხურად კორდუხთა) ეთნიკური სახელი და მისი მსგავსება ქართველთა ეთნიკურ სახელთან მოწმობს ქართველური ხალხების ბინადრობაზე ჩრდილო მესოპოტამიაში ( ჩრდილო შუამდინარეთში). წინა აზიის ისეთი ენები როგორიცაა პროტო-ხეთური, ელამური თუ სუზიური გარკვეულ ნათესაობას ამჟღავნებენ იბერო-ქართულ ლინგვისტურ ტიპთან...» (ჟოზეფ კარსტი, ქართული ქრისტიანული ლიტერატურა, კოლექცია « რელიგიურ მეცნიერებათა კათოლიკური ბიბლიოთეკა», ბილორდი და გაი, პარიზი, 1934).
                
ორი იბერიის შესახებ :
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა ხემალთაშუაზღვისპირეთში ორი იბერია არსებობდა !
              
«იბერიის ნახევარკუნძულზე ( ესპანეთზე) ლაპარაკისას საზოგადოდ გულისხმობენ ხოლმე რკინის ხანის გვიან პერიოდს  (ძვ.წ. VII ს.). ნახევარკუნძულის მკვიდრნი მაშინ კონტაქტებს ამყარებენ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ხალხებთან და ქმნიან მრავალფეროვან კულტურებს.
          
ძველები ძვ.წ. V საუკუნიდან ახსენებენ ნახევარკუნძულის და მდინარე რონის სანაპიროებზე და გიბრალტარის სრუტის იქით მცხოვრებ ხალხებს რომელთაც გეოგრაფიული და არა ეთნიკური კრიტერიუმების შესაბამისად იბერებს უწოდებენ. შიდა ქვეყნის მკვიდრნი კელტები იყვნენ, მაგრამ შიდა ქვეყნის ისტორიკოსებს მათთვის სახელი არ უწოდებიათ.
            
ტერმინი «იბერი» უნდა მომდინარეობდეს მდინარე ებრეს სახელიდან (ლათინურად იბერუსი). ზოგი მეცნიერი ფიქრობს რომ ლაპარაკია მრავალი ტოპონიმის პრეფიქსი ილი-ს და ბასკური ბერრუ-ს ასოციაციაზე. ბასკურად «ბერრუ» ახალს ნიშნავს.
             
ტერმინები იბერია და იბერი ესპანეთის მიმართ გამოიყენებოდა რომაულ ხანამდე. რომაელებმა ევროპულ იბერიას ესპანეთი (ან «პროვინცია ჰისპანიკა») უწოდეს.
                 
იბერებისათვის საერთო ნიშნებია მხოლოდ ენა, დამწერლობა (შემდგომში გადაღებული კელტების მიერ) და მათი ხელოვნების კლასიკური წყარო. საკუთრივ იბერები გავრცელებულები იყვნენ პირენეებიდან ესპანურ ლევანტამდე და ანდალუზიაში.
              
იბერები რომაულ ხანამდე მრავალ ენაზე ლაპარაკობდნენ. ეს ენები ლათინურმა შესცვალა ძვ.წ. II საუკუნის მეორე ნახევარში. ეს ენები გადარჩა ტოპონიმებში, ჰიდრონიმებსა და ორონიმებში. აღმოჩენილია გვადალკვივირის არეში გავრცელებულ ენაზე შესრულებული VII საუკუნის გრაფიტი. არსებობს მოწმობები იმისა რომ იბერულ ზონაში V საუკუნეში გავრცელებული იყო ანალოგიური მახასიათებლების მქონე ენა. კელტ-იბერებს არ ჰქონიათ საკუთარი ანბანი და მათ იბერული ანბანი აიღეს.

დასავლეთ იბერთა ქანდაკება :
ადამიანისთავიანი ხარი:
გაახაროს საქართველო უფალმა!
იბერებზე დისკუსიები ერუდიტთა სალონებში XVIII საუკუნიდან დაიწყო. ეს დისკუსიები გამოიწვია ლინგვისტურმა ინტერესებმა.  ერთმანეთს უპირისპირდებოდა სხვდასხვა ჰიპოთეზა. ყველაზე გავრცელებული იყო ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის მიერ 1821 წელს გამოთქმული შეხედულება რომლის თანახმადაც იბერები ძველი ბასკების შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ.
                      
იბერები ინდოევროპელები არ ყოფილან.
                
კლასიკური წყაროების შესწავლის საფუძველზე XX საუკუნის დასაწყისში გამოითქვა შეხედულება რომლის თანახმადაც ევროპელი, დღევანდელი ესპანეთის ოდესღაც მკვიდრი იბერები წარმოშობით კავკასიელები იყვნენ.
                
ფილიპონი 1909 წელს ამბობდა რომ აზიის (აღმოსავლეთის) იბერები დასავლეთში გადასახლდნენ ბრინჯაოს ხანის დასასრულს...»» (ბელტრან ანტონიო, «იბერები», კოლექცია « პირველი ევროპელები», პარიზი-ხმელთაშუაზღვისპირეთი, 1997, გვ. 4-13).
კავკასია-ევროპა :
 «ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში აღმოსავლეთ ევროპაში დაიწყეს შეღწევა  რუსეთის ტრამალებისა და ტყეების ხალხებმა, ჯგუფებმა რომელთაც ჰქონდათ ცულები, იარაღი და რომლებიც ინდივიდუალურად კრძალავდნენ მიცვალებულებს :
                      
დამუშავებული ქვისაგან დამზადებული ეს ცულები კავკასიაში დამზადებული ლითონის მოდელების ასლებს წარმოადგენდნენ.
                
ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისიდან მოსულთა რაოდენობა იზრდება. მოსულები მკვიდრდებიან ბოჰემიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლითონით მდიდარ მთებთან ახლოს, სადაც აფუძნებენ უნეტიცეს სახელით ცნობილ მძლავრ ბრინჯაოს ცივილიზაციას. საშუალო ბრინჯაოს ხანაში ის ტუმულუსის (ყორღანის) კულტურის სახელით ვრცელდება ალპების ჩრდილოეთით. ლაპარაკია ხეობათა ნეოლითის მიწათმოქმედებზე მშვიდობიანად გაბატონებული მეცხოველეების მიერ აღმართულ არისტოკრატულ მონუმენტებზე... ( ა. ვარაგნაკ, რ. დეროლეზ, « კელტები და გერმანელები», გამოცემა მსოფლიო რელიგიები, პარიზი, 1965, გვ. 14).
           
« ...ფრანგი მკვლევარი ბერტრანი ევროპაში ბრინჯაოს კულტურის წარმოშობაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა კავკასიას... ( ვ. დომანსკი, კავკასიის ძველი. მხატვრული ბრინჯაო, რუსულად, მოსკოვი, 1984,
გვ. 7).
 // გაგრძელება იქნება//

No comments:

Post a Comment