ევროპის პირველი ეკონომიკური სასწაული (გაგრძელება) :ახალი იყო აგრეთვე ცერემონიალის პომპა, სიმბოლოები ძალისა და ხელისუფლებისა რომლებიც ახლავს სუვერენს თავისი ფუნქციების შესრულებისას და საჯარო ქმედებისას. ეტრუსკებმა აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადმოიტანეს სუვერენობის ნიშნები. ეტრუსკთა მიერ აღმოსავლეთიდან გადმოტანილი ოქროს დიადემა (გვირგვინი), კვერთხი, მეწამული მოსასხამი ( ტოგა პალმეტა) და სპილოს ძვლის ტახტი- სელლა კურულლის, რომმა ისინი მთელ ევროპაში გაავრცელა ( გვ.45).
ეტრურიაში ისევე როგორც მოგვიანებით რომში მთვარე და მისი სხვადასხვა ფაზა განსაზღვრავს დროის განაწილებას და დღესასწაულთა კალენდარს, მასვე ექვემდებარება მეფის ოფიციალური აქტები. რვა დღეში ერთხელს მეფე აწყობდა საზეიმო სხდომას; ეს ამავე დროს იყო ბაზრობის დღე. მეფე თავისი ოფიციალური რეზიდენციის წინ იღებდა მნახველებს და აწყობდა სასამართლოს. გადაადგილებისას მეფეს წინ უძღოდნენ მსახურნი რომელთაც ჰქონდათ « ფასციები», რაც იყო ნიშანი იმისა რომ მეფეს შეეძლო სიკვდილით დასჯა და შეწყალება, სიცოცხლის ჩუქება და წართმევა. ფასცია იყო წკეპლათა კონა რომელშიც ცული იყო ჩამაგრებული. იმპერიული ავტორების, მაგალითად სილიუს სტალიკუსის და ფლორუსის თქმით ფასციები შემოიღეს ეტრუსკებმა. პირველი ავტორი კი ფასციების შემოღების ადგილად ეტრუსკულ ქალაქ ვეტულონიას ასახელებს. ამ უკანასკნელი განცხადების დასადასტურებლად საჭიროა ძვ.წ. VII საუკუნის ნაშთთა აღმოჩენა. 1893 წელს ვეტულონიას ნეკროპოლზე ჩატარებული გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა წკეპლათა კონა რომელშიც ჩადებული იყო უკვე კრეტელების მიერ წმინდა სიმბოლოს მნიშვნელობით გამოყენებული ორპირი ცული. იმავე ადგილას შემთხვევით იპოვეს ეტრუსკი მეომრის სტელა. მეომარი გამოსახული იყო ხელში ორმაგი ცულით. წარწერის თანახმად მეომარს ერქვა ავლ ფელუსკი. ეს გამოსახულება დათარიღდა ძვ.წ. VII საუკუნით. დაასკვნეს რომ იმ დროს ორპირ ცულს ხმარობდნენ როგორც იარაღს. მაგრამ წკეპლების კონის შუაში ჩადგმული ცული გამოიყენებოდა როგორც კულტის და სამეფო აღლუმის ინსტრუმენტი.
მოგვიანებით რომმა ეტრუსკებისგან აღებული ლიქტორის ( ფასციების) კონა აქცია ზოგი თანამდებობის პირის პოლიტიკური თუ რელიგიური ძალაუფლების, იმპერიუმის სიმბოლოდ. აიღო რა ხელახლა ეს ძველი ეტრუსკული სიმბოლო მუსოლინიმ მას XX საუკუნეში ახალი პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა. მან ეს სიმბოლო აქცია თავის შავხალათიანების ნიშნად. აქედან მოდის თვითონ ფაშისტების სახელიც (აღსანიშნავია რომ ამ ეტრუსკულ ნიშანს ვხედავთ ზოგ ფრანგულ და შვეიცარულ ღერბებზე და ზოგ ამერიკულ მონეტაზე ანუ ის არ წარმოადგენს აუცილებლად ფაშისტურ სიმბოლოს, მთარგმნელი).
Добавьте подпись |
ეტრუსკი მამაკაცები ზევიდან ატარებდნენ წელში მოჭერილ ტუნიკას, ის მუხლამდე წვდება. მხარზე იგდებდნენ მოსასხამს. ესაა ტიპიურად ეტრუსკული სამოსი ტებენა რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი მსოფლიოში ვინაიდან ის რომაული ტოგის წინაპარია. ეტრუსკული ფეხსაცმელი ხშირად ფეხშიშველად მოსიარულე ბერძნებისთვის უცნობი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეტრუსკები აქაც გამოირჩევიან ხმელთაშუა ზღვის სხვა ხალხებისთვის უცნობი ფუფუნებით: მსუბუქი სანდლები მოოქროვილი თამასებით, ჩექმები ზონრებით დღესასწაულებისთვის თუ ყოველდღიური ხმარებისთვის. მათი ფაბრიკანტების კოლექციები უმდიდრესია. პოულობენ წვიმიანი ამინდებისთვის ფეხსაცმელების ბრინჯაოს დამცველებსაც, მაგრამ ყველაზე მოდური ცხვირაწეული ფეხსაცმელია. ის ხათურ ფეხსაცმელს გვაგონებს ( გვ.47).
გეომეტრიული სტილი და მისი სიუხეშე ეკუთვნის წარსულს. ანატოლია, შუამდინარეთი და რგვიპტე თავის მცენარეებთან, თავის ყვავილებთან, თავის რეალურ და მითოლოგიურ ცხოველებთან ერთად აწვდიან მოდურ ორნამენტს. მცირე აზიის იონიურმა ქალაქებმა მოტივებისა და მოდელების ექსპორტით გავლენა მოახდინეს ეტრუსკულ და ბერძნულ ხელოვნებაზე.
დიოდორე სიცილიელის მოწმობით ეტრუსკებმა მოიგონეს « საბრძოლო ბუკი რომელსაც ტირენულს უწოდებდნენ». ის თავისი ხმით მიაცილებდა ბრძოლაში მიმავალ ეტრუსკულ ჯარს. მას აგრეთვე შეიძლებოდა ჰქონოდა ბევრად უფრო ტრაღიკული მნიშვნელობა. ღმერთებიც სარგებლობდნენ ამ ბუკით რათა ადამიანებისთვის შეეტყობინებინათ თავისი ურყევი ნება. ერთ მშვენიერ დღეს ზეცაში ამ ბუკის დაკვრა აღნიშნავდა ეტრუსკი ხალხის ისტორიის ერთი მონაკვეთის დასასრულს და ახალი საუკუნის დასაწყისს.
Добавьте подпись |
მაგრამ ეტრუსკებში ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი იყო ფლეიტა. « ეტრუსკები ფლეიტის თანხლებით მისდევენ კრივს, ზელავენ ცომს, შოლტავენ თავის მონებს...», წერს არისტოტელე. ეტრუსკებმა იცოდნენ ფლეიტის ყველა სახეობა: მარტივი ფლეიტა, ორმაგი ფლეიტა თუ ჰობოი. ფლეიტა არაა ეტრუსკთა გამოგონება. ის მოდის მცირე აზიიდან სადაც მას ყოველთვის ჰქონდა დიდი როლი ( სალამური?, მთარგმნელი). ეტრუსკები იმდენად ოსტატურად უკრავდნენ ფლეიტაზე რომ მათ მსოფლიოში გაითქვეს ამით სახელი. რომაელებელი თავის "სუბულონ"-ებს ეტრურიიდან აიღებენ. ისინი აუცილებელი იყო რიტუალური მსხვერპლშეწირვის დროს. მსხვერპლშეწირვას წინ უსწრებდა ფლეიტის ჰანგი. ეტრუსკი ერი გაქრობიდან დიდი ხნის შემდეგაც მსოფლიო ცნობდა ეტრუსკული ფლეიტის მიერ გამოცემულ ხმებს.
ელიენ სოფისტის ( ძვ.წ. მესამე ს.) მიერ დაწერილ წიგნში « დე ნატურა ანიმალიუმ» ( « სხოველურ სამყაროზე») ნათქვამია შემდეგი:
«ეტრუსკები ყვებიან რომ ისინი ტახებს და ირმებს იჭერენ არა მხოლოდ ბადით და ძაღლებით, როგორც ამას ჩვეულებრივ შვრებიან, არამედ მუსიკის თანხლებითაც. აი როგორ: ისინი ბადეებითა და ნადირობის სხვა მოწყობილობებით მახეს უგებენ ნადირს. მაგრამ დგება ნიჭიერი ფლეიტისტი და უკრავს ყველაზე ჰარმონიულ მელოდიებს... მხეცებს თავიდან უკვირთ და ეშინიათ, შემდეგ მათ იპყრობს მუსიკისაგან მიღებული წმინდა და უძლევი სიამოვნება... ისინი მოჯადოებულივით უახლოვდებიან მუსიკოსს და ვარდებიან მონადირეთა მიერ დაგებულ მახეში» ( გვ. 49).
ნახევარკუნძულის სამხრეთში, ისევე როგორც ჩექმის ქვეშ, სიცილიაში, ბერძნებმა ქალაქები დააარსეს ძვ.წ. მერვე საუკუნიდან. თითქმის ყველა ქალაქი სანაპიროზე მდებარეობდა, ისინი იკავებდნენ მხოლოდ მომარაგებისთვის აუცილებელ ტერიტორიას. ისინი მთლიანად შებრუნებული იყვნენ ზღვისკენ და საზღვაო ვაჭრობისკენ. ისინი არ ყოფილან ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული ვინაიდან მათ არ ჰქონიათ ქვეყნის შიდა ნაწილის დაპყრობის სურვილი. მათთვის ექსპანსია ნიშნავდა მხოლოდ იგივე ტიპის ახალი კოლონიის დაარსებას. ბერძნებს არ ხვდებოდა არავითარი წინააღმდეგობა ადგილობრივთა მხრიდან და ბერძნებიც არ აქცევდნენ მათ ყურადღებას. მათი გავლენა ავტოქტონებზე მშვიდობიანი ვაჭრობის გზით ხორციელდებოდა რასაც თავიდან არ მოჰყოლია ბრწყინვალე შედეგი, ბერძენთა და ავტოქტონთა ცხოვრების წესი მეტისმეტად განსხვადებოდა ერთმანეთისგან.
სრულებით სხვაგვარი ევოლუცია განიცადა ცენტრალურმა იტალიამ. ამ პროცესში ჩათრეული იყო მთელი ქვეყანა და მოსახლეობა რადგან ეტრუსკებმა, რომელთა რაოდენობა ოდნავ თუ აღემატებოდა ბერძენთა რიცხვს ღრმად შეაღწიეს ქვეყანაში სადაც მათმა მაგალითმა ბიძგი მისცა მკვიდრ მოსახლეობას. ეს უკანასკნელი
ეტრუსკ ექსპერტთა მიერ დაგეგმილმა რევოლუციამ სოფლის მეურნეობის სფეროში მოიცვა ცენტრალური იტალია რათა ის გადაექცია მაღალგანვითარებული სასოფლო ეკონომიკის სანიმუშო ქვეყნად. რომს არასოდეს ჰყოლია გლეხობა რომელიც ეტრუსკ გლეხობას გაუწევდა კონკურენციას. . ინდოევროპელ ლათინთა კულტურა და მესაქონლეობა პრიმიტიულ ტექნიკას ეფუძნებოდა და ეს სულ ასე იყო. მსოფლიო არაფრითაა ვალდებული რომის წინაშე სოფლის მეურნეობის სფეროში ( თავის დასასრული და გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment