თბილისური სადარბაზოები
ცისია კილაძე, მარინა მეძმარიაშვილი, თამაზ გერსამია ევროპიდან შემოსულმა ახალმა წეს-ჩვეულებებმა, საცხოვრებლის ახლებურად გამართვის დამკვიდრებამ და სხვ. შეცვალა თვით ცხოვრების ნორმები, გემოვნება, მოთხოვნილებები, ის რაც ფაქტიურად დაკავშირებულია არქიტექტურასთან. აღსანიშნავია, რომ ამ ევოლუციის პროცესში ძველი და ახალი არა მარტო უპირისპირდებოდა, არამედ ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს. ამის შედეგად თბილისის ყოფა-ცხოვრებაში ბევრი თავისებური, სრულიად სპეციფიკური, საგანგებოდ „თბილისური“ არქიტექტურის ტიპი ჩამოყალიბდა, რასაც თბილისის გარეთ ვერსად ვერ შევხვდებოდით. არქიტექტურის „გაევროპულებამ“, ყოფა - ცხოვრების ახალმა ნორმებმა, უპირველეს ყოვლისა, გავლენა მოახდინა საცხოვრებელი სახლის არქიტექტურაზე, რომელიც ადამიანის საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა ფუნქციას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით თბილისის საცხოვრებელი სახლის არქიტექტურაში იჭრება ახალი ფორმები, ახალი ელემენტები, მათ შორის შესასვლელი-სადარბაზო, რომელიც სახლის რესპექტაბელურობის, მისი „ევროპულობის“ ერთ-ერთი ნიშანი ხდება. შეძლებული მოქალაქეები ევროპული ყოფის სტანდარტებისკენ მიისწრაფვოდნენ, აღარ კმაყოფილდებიან წინანდელი სახლების გარეგნული სახით და კომფორტის დონით. სადარბაზო, სახლის მეპატრონეთა ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და როგორც ქალაქური, ბურჟუაზიული ყოფის სიმბოლო მდიდრულად იყო მორთული, საგანგებოდ გაფორმებული ვესტიბიულით, იატაკზე წარწერით SALVE, პილასტრებით, დეკორატიული ნაძერწობით, მოზაიკით, ცხაურებით, სალონური ხასიათის ნაირფერი მხატვრობით, ვიტრაჟებითაც კი. უხვად მორთულმა სადარბაზო-ვესტიბიულმა განსაკუთრებით პარადული, საზეიმო იერი შესძინა თბილისურ სახლს. სადარბაზო წარმოადგენდა შესასვლელს ერთ ან რამდენიმე ბინაში. ჩვეულებრივ სახლს ერთი ან ორი სადარბაზო შეიძლება ჰქონოდა - ერთ-ერთი პირველ სართულს, ხოლო მეორე ზედა სართულებს უკავშირდებოდა. შეძლებული მოქალაქის საცხოვრებელი ბინა მთელ სახლს ან ერთ სართულს იკავებდა. (პირველ სართულს ძირითადად აქირავებდნენ). ტიპიური ბინა ექვსი ან შვიდი მთავარი ოთახისგან შედგებოდა, რასაც დამხმარე სათავსოებიც ერთვოდა. ოთახების კედლებსა თუ ჭერს, სადარბაზოს მსგავსად, დეკორით, მხატვრობით ან შპალერით ამკობდნენ. სადარბაზოს დეკორი მეტი პარადულობით გამოირჩეოდა. ხის, მასიური შესასვლელი კარი მორთული იყო ნაკვეთი ჩუქურთმებით, მისი ზედა შემინული ნაწილი ლითონის ჭედური თუ სხმული ორნამენტული ცხაურით იყო დაცული. კარის თავზე ზოგჯერ ფრამუგა იყო მოწყობილი და ხშირად კარს წინფრაც ამშვენებდა მაქმანისებრი, გამჭვირვალე ორნამენტით. კარები თუ გისოსები ადგილობრივ სახელოსნოებში სტანდარტული ნიმუშის მიხედვით მზადდებოდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც კარს საგანგებოდ უკვეთავდნენ, ის საკმარისად ორიგინალური მხატვრული გაფორმებით გამოირჩეოდა. სხმული დეტალები, დეკორატიულად გაფორმებული სახელურები ასრულებდა კარის დიზაინს (სამწუხაროდ, ამჟამად მრავალი მათგანი დაკარგულია). წინფრის ჩრდილში მოხვედრილი მიმსვლელი ხის მძიმე კარს რომ შეაღებდა, საკმარისად განათებულ საზეიმო სივრცეში მოხვდებოდა. პლაფონის ცენტრი დეკორატიული როზეტით ფორმდებოდა, საიდანაც ჭაღი იყო ჩამოშვებული. ჰოლის სიღრმეში, კიბის პირველ საფეხურთან ჩვეულებრივ მაღალ, დეკორატიულად გაფორმებულ კანდელაბრს დგამდნენ, რომელსაც ნათურა აგვირგვინებდა. დღისით სადარბაზოში ბუნებრივი განათება კარის ღიობიდან, შემინული ფრამუგიდან და შუქფარნიდან აღწევდა. ფრამუგა და შუქფარანი ხშირად ვიტრაჟით იმკობოდა, რომლის ფერადი შუქის ათინათები ინტერიერის ნაძერწ პლაფონებს თუ მოხატულ კედლებს, მოზაიკურ იატაკს თავისებურ ცხოველხატულობას სძენდა. მრავალი სადარბაზო კედლის დიდი ღუმელებით თბებოდა, რომელთა მოჭიქული კერამიკის ფილები იტალიიდან ან საფრანგეთიდან ჩამოჰქონდათ. თბილისში ამგვარი ფუფუნებით მოწყობილი სადარბაზოები ძირითადად სოლოლაკის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვერეს უბნებში გვხვდება. მრავალი მათგანი სახეშეცვლილი და ნაწილობრივ გადაღებილია. თუმცა რამდენიმე სახლის სადარბაზო თითქმის უცვლელი სახით ინახავს პირვანდელ მორთულობას. სადარბაზოთა დეკორის სტილი ეკლექტურია - ფსევდობაროკოსა და კლასიციზმიდან მოდერნის ჩათვლით, შესაძლოა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთსა და ერთი ნიმუშის ფარგლებშიც კი თანაარსებობდეს ფსევდორენესანსის, ფსევდობაროკოს, ფსევდოკლასიციზმის ნიშნები და მოდერნის სტილი. თუმცა სტილის თვალსაზრისით ზოგადად მაინც ორი ტიპის სადარბაზო შეიძლება გამოვყოთ. ერთში კლასიციზმის ელემენტები, რენესანსული მოტივები ჭარბობს, მეორეში კი მოდერნის სტილის ნიშნები. თბილისში მეტად გავრცელებულია სწორედ კლასიცისტურ ხასიათში გადაწყვეტილი სადარბაზოები, ზომიერი პროპორციის სწორკუთხა ვესტიბულითა და ცალკე გამოყოფილი კიბის უჯრედით, სადაც ჰოლის კედლები და ზოგჯერ პლაფონიც დანაწევრებულია სტუკოს დეკორატიული მოჩარჩოებებით, პილასტრებით, მედალიონებით, რომლებშიც მხატვრობაა მოთავსებული. მრავალ სადარბაზოში ამჟამად მხოლოდ დეკორატიული მოჩარჩოებებიღა და პილასტრები შემორჩა, რაც ცხადჰყოფს, რომ აქ თავის დროზე მხატვრობაც ყოფილა. ვესტიბიულის მოხატულობა უმეტეს შემთხვევაში ბათქაშზეა შესრულებული ზეთის ან ტემპერის საღებავებით და მეტწილად სიუჟეტურ სცენებს, პეიზაჟებს წარმოადგენს. ხოლო კიბის უჯრედს ძირითადად ქაღალდზე, შაბლონის მიხედვით შესრულებული მხატვრობა ამკობს. მოდერნის სტილში გადაწყვეტილ სადარბაზოებში არსებული დეკორი მეტადრე კიბისა და კარის ცხაურით შემოიფარგლება, კედლები სადაა, პლასტიკური დანაწევრებისა და პროფილირებული მოჩარჩოებების გარეშე. დეკორი ძირითადად ფერწერულია. მხატვრობა თავისუფლად, დანაყოფების გარეშე ნაწილდება კედლებზე და მოდერნის სტილისთვის ტიპიური დინამიკურობითა და ერთგვარი ჰაეროვნებით, მეტი სიმსუბუქით გამოირჩევა. აქ სტილიზებული ორნამენტული მოტივები ჭარბობს, რომელთა რიტმულ სტრუქტურაში ხშირად რეალისტურად დაწერილი პეიზაჟებია ჩართული. ამ სტილის სადარბაზოები XX საუკუნის I ათწლეულს მიეკუთვნება და შედარებით ნაკლები რაოდენობითაა შემორჩენილი. სადარბაზოების ინტერიერი ზოგჯერ ეხმიანება სახლის ფასადების პროპორციებს, სტილსა თუ დეკორის ორნამენტულ მოტივებს (მაგ., ივ. მაჩაბლის 17/27. პ. ინგოროყვას № 20, შ. ქიქოძის № 6, დ. ჭონქაძის № 12); მეორე მხრივ, თბილისური არქიტექტურის ინდივიდუალობა იმაშიც ჩნდება, რომ ზოგჯერ სახლის გარეგნული სახე სრულიად კონტრასტულ, მოულოდნელ შიდა სივრცეს შეიძლება მალავდეს. მოკრძალებულ ფასადს მიღმა გასაოცრად მასშტაბური, მონუმენტური და რთული ინტერიერი აღმოჩნდება. ამგვარი სახლების სახის შექმნაში მშენებლებთან ერთად თბილისელ ხელოსნებსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდათ. მათი შრომის შედეგია ხის აივნები, გადასასვლელები, ხვეული და სწორი კიბეები, ინტერიერის მორთულობა და სხვა 2. თბილისელი ხელოსნები ამქრებში იყვნენ გაერთიანებულნი 3. ცალკე არსებობდა მხატვარ-მღებავთა ამქარიც, რომელიც აერთიანებდა ფერმწერებს, მღებავებსა და მონათესავე პროფესიის მქონე ადამიანებს. მათ დროშაზე გამოსახულია მაცხოვარი და მედალიონებში ჩაწერილი ანგელოზები. ანგელოზებს ხელში პალიტრა, ფუნჯები და საღებავები უპყრიათ. აქვე გამოსახულია ფარგალი, სამკუთხედი და გრაგნილი. ხელოსნების შრომა ამქრებში დიფერენცირებული ყოფილა. ერთნი ოთახებსა და სადარბაზოებს ამკობდნენ, მეორენი საეკლესიო თუ სამხედრო დროშებს, სხვები ხატავდნენ აბრებსა და ქმნიდნენ ფონებს ფოტოკაბინეტებისთვის. მაღალი კვალიფიკაციის მხატვარს ფერმწერისა და მღებავის წოდების ატესტატით აჯილდოვებდნენ 4. ფერმწერთა ამქარი მსხვილ და წვრილ ვაჭრებს, მაღაზიათა, რესტორნების, დუქნების და სასტუმროების მფლობელებს ემსახურებოდა. ხელოსნები ერთად მუშაობდნენ მთავარი მხატვრის ხელმძღვანელობით და რაკიღა სადარბაზოს მორთვა-მოხატვა ამქრის საერთო ნაწარმად ითვლებოდა, მხატვარი მხოლოდ იშვიათად თუ აწერდა მას ხელს. XIX საუკუნის II ნახევარში ქალაქის განვითარება-მშენებლობამ ხელოსანთა და მხატვართა ამქრების შემოქმედებას გზა გაუხსნა. მხატვარი, ცხადია, დამკვეთის გემოვნებასა და მოთხოვნებზე იყო დამოკიდებული და სიუჟეტებისა და ორნამენტის შექმნისას მის შეხედულებასაც ითვალისწინებდა. თუმცა ის სახლის პატრონს უკვე მზა ნიმუშებსა და პროექტებს, სადარბაზოს მორთვა-მოხატვის შემუშავებულ მხატვრულ პროგრამასაც სთავაზობდა. თემები, კომპოზიციები ამა თუ იმ ცნობილი მოხატულობით, ფერწერული ტილოებით თუ ქანდაკებებით იყო შთაგონებული. მაგ., მრავალი მოტივისთვის წინასახე ჯ.ბ. ტიეპოლოს, პ. ვერონეზეს, პ. რუბენსის, ნ. პუსენის, ფ. ბუშესა თუ სხვების მხატვრობა ყოფილა. ესკიზებსა თუ პროექტების შექმნაში დეკორატორი-მხატვრები სპეციალურ გამოცემებს, ალბომებს, გრავიურებს, ლითოგრაფიებს და ილუსტრირებულ ჟურნალებსაც იყენებდნენ, რომელთა დიდი არჩევანი იყო ევროპაში და რომელნიც, როგორც ჩანს, ჩვენშიც ევროპიდან მრავლად შემოდიოდა. ამ გამოცემებში უხვად იყო წარმოდგენილი ორნამენტული მოტივების ნიმუშები თუ სხვა საინტერესო ვიზუალური თუ წერილობითი ინფორმაცია, რეკომენდაციები და სხვა. ზეთით ან ტემპერით ძირითადად ტილოზე, უფრო იშვიათად - ბათქაშზე ხატავდნენ. შედარებით მარტივი და განმეორებადი ორნამენტებისთვის იყენებდნენ ტრაფარეტებს. ზოგჯერ მოსამზადებელი ნახატით დაფერილი შპალერები შემდეგ ადგილზე ცხოველდებოდა. უკეთ შესანახად ზედაპირს ლაქით ფარავდნენ. XIX საუკუნეში ევროპაში როკოკო კვლავ პოპულარული ხდება და 1890-იანი წლებიდან ე.წ. „მესამე როკოკო“ ანუ „ყალბი როკოკო“ იჩენს თავს. თბილისური სადარბაზოებისთვისაც ტიპიურია როკოკოსა თუ ბაროკოს სტილში შესრულებული პლაფონები - ბალუსტრადებიდან გაშლილი ცის ხედებით, პუტის, ჩიტების, გირლანდების თუ ზოგჯერ იდეალიზებული ქალების ფიგურებით. ამგვარი პლაფონები ხშირად სივრცის გაფართოებისა და პერსპექტივის გაშლის ილუზიას იწვევს. ასევე არის გავრცელებული აღმოსავლური და ანტიკური მოტივები, რომლებიც საუკუნეთა მიჯნაზე საკმაოდ პოპულარული ხდება ხელოვნებაში. გვხვდება ე.წ. რომანტიკული ეგზოტიზმის ნიშნები, მავრიტანული მოტივები, ზოგჯერ „ჩინურ“ და „იაპონურ“ სტილში შესრულებული დეტალები. ცხოველები, მცენარეები, ჩიტები და სხვა. აღმოსავლეთი იმ დროისთვის მიწიერი ბედნიერებისა და დახვეწილი ყოფის სიმბოლოდ იყო აღქმული. საგანგებოდ აღსანიშნია თბილისში შემორჩენილი ე.წ. „სპარსულ“ სტილში შესრულებული სადარბაზოები, გაფორმებული ხალიჩისებრი ხასიათის ნაირგვარი პოლიქრომიული ორნამენტული მოტივებითა და სტალაქტიტებით. ამგვარია, მაგალითად, დეკორით უხვად შემკული ივ. მაჩაბლის N 17-ის პომპეზური სადარბაზო, რომელიც დღესაც აღმოსავლურ, ზღაპრულ სასახლეს მოგვაგონებს, ისევე როგორც არშაკუნის ყოფილი სახლის ინტერიერი (ახლანდელი თბილისის სამხატვრო აკადემია). სადარბაზოთა მოხატულობებში ხშირია ალეგორიული მოტივებიც, განსაკუთრებით ვესტიბიულის გაფორმებისას (მაგალითად, წელიწადის დროების პერსონიფიკაციები, ბავშვების გამოსახულებები, რომლებიც უმანკოებას განასახიერებენ, სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტების ალეგორიული გამოსახულებები, რომლებიც თითქოს კულტურული იდენტობის განსაკუთრებული ატმოსფეროს, ერთგვარი მიკროკოსმოსის შექმნას უწყობს ხელს). ესა თუ ის ალეგორიული დეტალი ზოგჯერ მესაკუთრეთა განათლებას ან პროფესიასაც გვამცნობს ან კიდევ მისი წინაპრების ისტორიაზე მიანიშნებს (მაგალითად, მ. წინამძღვრიშვილის N 39). ასევე, საკმარისად გავრცელებულია მეპატრონეთა დეკორატიულად შესრულებული მონოგრამები. როგორც ჩანს, ეს მოტივები უზრუნველი, მშვიდი ცხოვრების, რომანტიკულ, მაჟორულ განწყობას უქმნიდა მაცხოვრებლებს. რამდენიმე თბილისურმა სადარბაზომ უცხოელი დეკორატორი - მხატვრის ხელმოწერაც შემოგვინახა. მაგალითად, დავით აღამაშენებლის N 93-ში ბ. ტელინგატერი და დე მარცო, მ. წინამძღვრიშვილის N 39-ში - ი. პოზნანი, კ. მარჯანიშვილის N 18-ში - რ. კერგერი. გადმოცემის თანახმად, ბენო ტელინგატერს ეკუთვნის აგრეთვე მოხატულობა „ჩინური დარბაზისა“ და „გერმანული ოთახისა“ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში 5. მხატვარ ივანე ვეფხვაძის მოგონებებში არაერთი თბილისელი მხატვარია მოხსენიებული, რომლებსაც ინტერიერები მოუხატავთ და სახელოსნოები ჰქონიათ. მაგალითად, სომეხი კარაპეტ გრიგორიანცი, მეტწილად მხატვარი-პორტრეტისტი, რომელსაც ა. პუშკინის ქუჩაზე სასადილო „სიმპატია“ მოუხატავს, სადაც ცნობილი ადამიანების პორტრეტები გამოუსახავს - შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, სულხან-საბა ორბელიანი, უ. შექსპირი, ფ. შილერი და სხვა. ასევე ნახსენებია ძმები აჰარონიანები, რომელთაც მ. ვორონცოვის მოედანზე ერთი საშაქარლამოს ჭერი უნდა მოეხატათ. დასახელებულია, აგრეთვე ვინმე პრეისბერგი, რომლის სახელოსნოში ივ. ვეფხვაძე ბენო ტელინგატერის რეკომენდაციით მოხვდა და რომელიც ასევე კედლებს ხატავდა, მხატვარი ეგნატე ყიფიანი, რომელიც თურმე ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა და თავისი ეზო მოხატული ჰქონია პეიზაჟებით (ეზოების მოხატვა ევროპაშიც მიღებული იყო. მაგ., ბერლინში ამის მაგალითები მრავლადაა შემორჩენილი). ყოფილა აგრეთვე გერმანელი მხატვარი გინი, რომელსაც შესაძლოა ბაშინჯაღიანის სახლი (ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე) მოეხატა. ივ. ვეფხვაძის მოგონებით, „თბილისში ბევრ საქმოსანს ჰქონდა გახსნილი სამხატვრო-საფირნიშო სახელოსნო. მათ დაქირავებული ჰყავდათ ნამდვილი ხელოსანი-მხატვრები, შეგირდები“. მსგავსი სახელოსნო ჰქონიათ, მაგალითად, ზიგმანსა და ტარანს, სადაც ივ. ვეფხვაძე 1905 წლის მანძილზე მუშაობდა. ასევე ვინმე არსენ გრიგორიანცს და გურშტეინს, სადაც როგორც ივ. ვეფხვაძე იხსენებს „ჩემი პირადი საქმე იყო დარბაზთა ჭერის მოხატვა დეკორაციული ხასიათის ყვავილებითა და ორნამენტებით. გატაცებული ვიყავი ალფრესკოს ხელოვნებით“. აქ ის მთავარ მხატვრადაც დაუნიშნავთ. გურშტეინის დაკვეთით მას განჯაში სასტუმროს მოხატულობაც შეუსრულებია, „რომლის თემას ბახუსის ცხოვრების ციკლი წარმოადგენდა“. 1916 წელს გურშტეინთან ყოფნისას მას თბილისში იმხანად პოპულარული საგანელიძის კაფე-საშაქარლამოც მოუხატავს 6. სადარბაზოთა მოხატვაზე იყო სპეციალიზებული გიგო ზაზიაშვილიც. მისი მოხატული სადარბაზო შემოგვრჩა ქეთევან წამებულის N 20-ში. ცნობილია ასევე, რომ ნიკო ფიროსმანი დაზგური სურათების გარდა კედლებზეც ხატავდა. „ყველა ეს მოხატულობა დაიღუპა: ზოგი შეათეთრეს ქალაქის სანიტარული ინსტანციების მოთხოვნით – დუქნის კედლები სუფთა უნდა იყოსო: ზოგი თვით შენობებთან ერთად გაქრა, ზოგის საღებავი ჩამოცვივდა“ 7. არსებობს ცნობა, რომ ფიროსმანს კედელზე „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები შეუსრულებია 8. შესაძლოა, ფიროსმანს სადარბაზოს მოხატვის შეკვეთაც მიეღო და ესკიზები მაინც შეესრულებინა, თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. მას მცირე ხნით გიგო ზაზიაშვილთან ერთად სახელოსნოც კი გაუხსნია, მაგრამ, როგორც ჩანს თავმოყვარე და მედუქნეების მიერ მეტსახელად „გრაფად“ წოდებული ნიკო ფიროსმანი დაკვეთის ზედმიწევნით ბურჟუაზიულ გემოვნებას ვერ უნდა შეგუებოდა. სადარბაზოთა დეკორშიც მოდერნის სტილი ხან რაიმე ცალკეული ელემენტის - ცხაურისა თუ ორნამენტის - სახით იჭრება და კვლავ ეკლექტიზმს თანაქმნის, ხან კი სტილის თვალსაზრისით დომინირებს. თანდათან სიუჟეტური სცენები ქრება, კედლები თავისუფლდება და დეკორი ზოგჯერ სპონტანური იმპროვიზაციის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს (რა თქმა უნდა, შესრულების მაღალი პროფესიული დონის შემთხვევაში). ასეთია, მაგალითად, ვ. ბარნოვის N 16-ში სადარბაზოს ერთგვარად არასტანდარტული, ასიმეტრიული ინტერიერი და მისი „მსუბუქი“ ხასიათის მოხატულობა ერთ მთლიანობას ქმნის. ადგილობრივ ხელოსანთა ნიჭი ახლად გავრცელებული სტილის ფარგლებშიც საკმარისად გამოვლინდა. კოსმოპოლიტიზმის მიუხედავად, თბილისურ სადარბაზოთა მორთვა-მოხატვაში ადგილობრივი ტრადიცია თუ მოტივი მაინც იჩენს თავს. ევროპულ კულტურას თბილისი საკუთარი თვითმყოფადი, ეროვნული მემკვიდრეობით დახვდა. გარკვეული ტრადიცია ინტერიერის მოხატვისა საქართველოში უფრო ადრეც არსებულა. მაგალითად, 1776 წელს მხატვარ აბელ კალატოზიშვილს გივი ამილახვრის სასახლე მოუხატავს. „სასახლეს სამხრეთით, ანჩისხატის მხარეს, დიდი დარბაზი ჰქონია. თამარ ბატონიშვილმა დარბაზს ახალი კარი გაუჭრა ანჩისხატის მხარეს. მანვე ეს დარბაზი მთლიანად მოახატვინა მაშინდელ მხატვარს აბელ კალატოზიშვილს. ამავე აბელმა ახლად გაჭრილი კარის თავზე თამარის და გივის პორტრეტებიც დახატა“ 9. ასევე, იესე ოსეს ძე ბარათაშვილი თავის ანდერძში 1776 წელს წერს: „ვიყავ, ხან ჩემს პატარა ოთახს ვხატავდი, ხან წიგნებს შევექცეოდი ამ წინა თვეებში, და ქორონიკონს 464 (1776)“ 10. XIX –XX საუკუნეთა მიჯნაზე სპარსული სტილის სადარბაზოების მორთულობა და აღმოსავლური მოტივების გამოყენება, გარდა საერთო კულტურული ტენდენციებისა, შესაძლოა სწორედ ამ ადრინდელი სასახლეების ინტერიერების გამოძახილიც იყოს. ევროპული და ადგილობრივი ტრადიციის შერწყმა ჩანს ფრანგი მოგზაურისა და მხატვრის - პიერ ბლანშარის – ჩანახატზე „სალონი თბილისში“ 11. ეს დარბაზი სტალაკტიტებიანი ჭერით, ვიტრაჟებით, ევროპულსა და აღმოსავლური მოტივების ნაერთს წარმოადგენს. ისევე როგორც ქალისა და მამაკაცის ფიგურები, რომელთაგან ერთი ქართულ კაბაშია და მეორე კი ევროპულ კოსტუმში - თითქოს იმის აღსანიშნად, თუ როგორ შეჰყრია ერთმანეთს თბილისურ სალონში ევროპა და აზია. უკვე XVIII საუკუნის ბოლოდან თბილისში შპალერსაც იყენებენ. მაგალითად, 1800 წლის 24 სექტემბერს სოლომონ ტერ-შმოვანოვის წერილში მანუჩარ თუმანიშვილისადმი ნახსენებია: „შპალერი თუმცა დიაღ კარგები და ძვირფასის არის“ 12. ამგვარად, კედლების მორთვა იშვიათობა არ უნდა ყოფილიყო XVIII საუკუნის თბილისში. შემდგომში კი ევროპიდან რუსეთის გზით დამკვიდრებული ეს ტრადიცია უკვე ჩვეულ მოვლენად იქცევა (გარდა სადარბაზოების მეტადრე სადღესასწაულო მორთულობისა, XIX საუკუნეში ძალზე გავრცელებულია სახლის კედლებისა და ჭერის მოხატვაც). მ. წინამძღვრიშვილის N 39-ში კავკასიონის ხედები და იტალიური იდილიური პეიზაჟები ერთმანეთის გვერდით გვხვდება. ადამიანთა ფიგურები კავკასიის ბუნებაში დამკვეთის წინაპრებს და მათ საქმიანობას ასახავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, დავით აღმაშენებლის N 36, რომლის დეკორი სხვადასხვა სტილისა და სიუჟეტის მთლიანობას წარმოადგენს. ძირითადად - ფსევდოკლასიცისტურ და როკოკოს - ელემენტებთან ერთად აღმოსავლური მოტივები, კავკასიონის ამსახველი პეიზაჟები თანაარსებობს. საინტერესოა „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული სცენები, რომლებიც სამწუხაროდ, ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. სადარბაზოს ჰოლში გამოსახულია ბაღები ბავშვებითურთ, რომელნიც მოსახლეობაში „ედემის ბაღადაა“ წოდებული, კიბის უჯრედში „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტები და ზედა სართულზე იდეალისტური ტიპის პეიზაჟები, აღმოსავლური დეტალები და პლაფონზე გახსნილი ცის ხედი კუპიდონებით - ერთგვარი ეკლექტური პროგრამა, იდეალური მიკროსამყაროს შექმნის მცდელობა, სადაც ერთმანეთს ერწყმის დასავლეთი და აღმოსავლეთი, ზღაპარი და რეალობა. ადგილობრივი ტრადიციის თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. ზაზიაშვილის მიერ მოხატული სადარბაზო ქეთევან წამებულის N 20-ში, სადაც მხატვარი ინტერიერის მოხატვის ჩვეულ შაბლონებსა და შემუშავებულ პროგრამას კი აღარ მისდევს, არამედ უფრო თავისუფლად განათავსებს ინტერიერში ფერწერულ დეკორს. ამრიგად, თბილისური სადარბაზოები ძველი ქალაქის კოლორიტის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. დღევანდელ მნახველს ისინი წარსული ბურჟუაზიული, ქალაქური ყოფის უეცარ ხიბლად, გარდასული ეპოქის რომანტიკულ მოგონებად წარმოუდგება და ერთგვარი ნოსტალგიისა თუ გულდაწყვეტის განცდას აღვიძებს მასში. მით უფრო, რომ სურათი საკმარისად სევდიანია - თითქმის ყველა სადარბაზოში კედლები დაბზარული, დეკორი კი ძლიერ დაზიანებული - გამქრალია ქანდაკებები თუ ფილები, მომტვრეულია კარნიზები და სვეტისთავები, მხატვრობა ნახევრად გადაღებილი და გაჭვარტლულია, კიბის მოაჯირები - მორყეული, შუქფარნები - ჩამსხვრეული, ვიტრაჟები კი - დაკარგული. ამ სახლებში აწ უკვე წარსული, ნამდვილი ძველი თბილისი ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა გაფრთხილებასა და შველას ელის. ლიტერატურა 1. ბერიძე ვ., თბილისის, ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წლები, ტომი I, თბილისი, (1960), ტომი II, თბილისი, (1963) 2. ბერიძე ვ., ნიკო ფიროსმანაშვილი, თბილისი, (2007) 3. ბერიძეთ., ძველი თბილისის სურათები, თბილისი, (1980) 4. ბერძენიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნ. ბოლო წლების საქართველოს ისტორიიდან, ქართული წყაროთმცოდნეობა, I, თბილისი, (1965) 5. გერსამია თ., ძველი თბილისი, თბილისი, (1984) 6. გრიშაშვილი ი., ძველი თბილისის ლიტერატუული ბოჰემა, ბათუმი, (1986) 7. კვირკველია თ., ძველი თბილისის ქუჩებსა და ქუჩაბანდებში, თბილისი, (1989) 8. მანია მ., ევროპელი არქიტექტორები თბილისში, თბილისი, (2006) 9. ბულია მ., ჯანჯალია მ., თბილისი, საქართველოს ძველი ქალაქები, თბილისი, (2002) 10. ივ. ვეფხვაძე, მოგონებები და პორტრეტები, თბილისი, (1958) 11. თათარაშვილი ნ., მოდერნი თბილისში, გზამკველევი, რუკა და მარშრუტები, თბილისი, (2008) 12. მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისთვის, თბილისი, (1950) 13. თბილისის ისტორია, ტ. I, თბილისი, (1990) 14. ფირალიშვილი თ., ბლანშარის მოგზაურობა საქართველოში და მისი ჩანახატები, საბჭოთა ხელოვნება, (1958), N 9 15. Бакрадзе, Д., Бердзенов Н.,Тифлис в историческом и этнографическом отношениях, СПб, (1870) 16. Дзуцова, И. Художественный облик старого Тбилиси, Стенная живопись. Вывески. Панорама искусств, Москва, (1990), Вып. 13 17. Мамулов, С. Армяне в Грузии, Москва, (1995) 18. Карло Моретти, 50 лет на стройках Грузии, Тбилиси, (1971) 19. Квирквелия, Т. Архитектура Тбилиси, Москва, (1985) 20. Эренбург, И. Люди, годы, жизнь,книга 1-6б, Москва, (1966) 21. Japaridze, E. Tbilisi Entrance Halls 870-1920, Tbilisi, (1997) 22. Walther A. Bernardo Bellotto genannt Canaletto : ein Venezianer malte Dresden, Pirna und den Königstein. - Dresden: Verl. d. Kunst, (2004) 23. Brunner, W. Verbichene Idyllen, Wandbilder im Berliner Miethaus der Jahrhundertwende, Berlin, (1996) 1. ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება,1801-1917 წლები, ტომი II, თბილისი, (1963), გვ. 115 [back] 2. მ. მანია, ევროპელი არქიტექტორები თბილისში, თბილისი, (2006), გვ. 66 [back] 3. ი. გრიშაშვილი, თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბილისი, (1927), გვ. 42 [back] 4. И.П. Дзуцова, Художественный облик старого Тбилиси, Стенная живопись. Вывески. Панорама искусств, Москва, 1990. Вып. 13, стр., 332 [back] 5. И. .П. Дзуцова, Художественный облик старого Тбилиси, Стенная живопись. Вывески. Панорама искусств, Москва, 1990. Вып. 13, стр., 335 [back] 6. ივ. ვეფხვაძე, მოგონებები და პორტრეტები, თბილისი,(1958), გვ. 68 [back] 7. ვ. ბერიძე, ნიკო ფიროსმანაშვილი, თბილისი, (2007), გვ. 33 [back] 8. ვ. ბერიძე, ნიკო ფიროსმანაშვილი, თბილისი, (2007), გვ. 64 [back] 9. მ. ბერძენიშვილი, თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნ.ბოლო წლების საქართველოს ისტორიიდან, ქართული წყაროთმცოდნეობა, თბილისი, 1965,I, გვ., 65 [back] 10. მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისთვის, ენის, ისტორიისა და მატერ. კულტურის ინ-ტი, თბილისი, (1950), გვ., 74 [back] 11. თ. ფირალიშვილი, ბლანშარის მოგზაურობა საქართველოში და მისი ჩანახატები, საბჭოთა ხელოვნება,თბილისი, 1958, N 9, გვ. 24 [back] 12. მ. ბერძენიშვილი, მასალები XVIII საუკ. ბოლო წლების საქართველოს ისტორიიდან, ქართული წყაროთმცოდნეობა, თბილისი, 1965,I, გვ., 194 [back] |
No comments:
Post a Comment