საფრანგეთის მეცნიერი, სახელგანთქმული რენანი, ჰლაპარაკობს რა ქრისტეს აქედ, პირველის საუკუნის ნახევარზედ და გვიხატავს რა მთელის ქვეყნიერობის ცხოვრების სურათს ამ ხანში, ამბობს, რომ თუმცა რომის იმპერია მოწამლული იყო მრავალგვარის მწიკვლითა და გარყვნილობითა, მაგრამ მაინც ეს დრო იმისთანა არ იყო, რომ კაცს ამ მხრით სასოება წარეკვეთნა და ქვეყნის ზნეობითად დამხობის მოლო-დინს მისცემოდაო. “მართალიც არისო, განაგრძობს რენანი: ძველი სული რომისა კიდევ ჰსცოცხლობდა და ჰტრიალებდა. პატიოსნება კაცურის ხასიათისა ჯერ შორს იყო საუკუნოდ წაწყმედისაგან და არ გამქრა-ლიყო. დიდნი ანდერძნი თავმოწონებულის რიდისა და სათნოებისა შეიკედლა თავის საფარველს ქვეშ ზოგიერთმა ოჯახმა, რომელმაც იმპერატორის ნერონის დროს ხელისუფლებამდე მიაღწიეს და ბრწყინვალე შარავანდედი მოჰფინეს ანტონინების საუკუნესა, მჭერმეტყველებით ტაციტის მიერ აღწერილსა. იგი დრო, რომელმაც გამოზარდა, გამოაყენა, ახეირა ისეთი ღრმად პატიოსანის ჭკუის კაცნი, როგორც კვინტილიანი, პლინი უმცროსი, ტაციტი, იმისთანა არ იყო, რომ შესაძლო ყოფილიყო ადამიანი სასოწარ-კვეთილებას მისცემოდა, უმართებულობა ზედაპირისა თავის დღეში არ დასვწვდენია იმ დიდს საძირკველს პატიოსანებისა და ჭკვათამყოფლობისას, რომელსაც რომის კარგი საზოგადოება შეადგინა. ზოგიერთი ოჯახები ჯერ კიდევ თავდადებულნი იყვნენ კეთილ-ზნეობისათვის, მოვალეობის ერთგულებისათვის, თანხმობისა და სათნოებისათვის. კეთილშობილ სახლეულობაში კაცი შეხვდებოდა დიდად პატიოსანს მეუღლეს, მშვენიერს და დიდად პატიოსან დასა. განა ყოფილა ვისიმე ბედი გულშესატკივებელად სამაგა-ლითო, როგორც ახალგაზრდა და უბიწოებით სავსე ოკტავიასი, კლავდიის ასულისა და ნერონის ცოლისა, რომელსაც სიწმინდე თვისი არ შეუბღალვია არც ერთის მოქმედებითა, თუმცა ბილწი, მწიკვლი გარს ეხვია! იგი ოცდაორის წლისა მოაკვდინეს, ესე იგი, მაშინ როცა ჯერ არც ერთი სიხარულიც არ ეგემნა ქვეყნიერობაზედ. ცოლები ქმრებს მისდევდნენ ექსორიაში, სხვანი ქმრებთან ერთად ჰრჩეობდნენ სახე-ლოვანს სიკვდილსა. ძველი, სადა ცხოვრება რომისა არ იყო გამქრალი, შვილებს დიდის ზრუნვით და თავდადებით ჰზრდიდნენ. ქალები დიდის ოჯახებისა და გვარეულებისა არა ჰთაკილობდნენ მატყლის კეთებასა და რთვასა; მორთვისა და პრანჭიაობის ზრუნვა კარგს ოჯახებში თითქმის არც კი იცოდნენ, რა არის”.
გარდა ამისა რა საოცარი მაგალითებია მაშინდელი კაცების დიდბუნებოვანობისა, ნუთუ მართლა გამოკე-თების ძალნი თვითვე არ აქვს იმ საზოგადოებას, რომე-ლიც ჰბადავს, ჰზდის და გამოაყენებს ხოლმე მტკიცე ხასიათების კაცებს, გმირებს? განა ამ შემთხვევაში სამართლიანად ხელზედ დასახვევი და ჭკუად მისაღები საბუთი არ არის, მაგალითებრ, ჰელვიდი პრისკუსის გმირობა, რომელსაც თვით რენანი მოგვითხრობს? ეს ჰელვიდი ვესპასიანის დროსა სცხოვრობდა და რად-განაც ამხილებდა იმ დროების ბოროტსა, სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს და როცა ვესპასიანმა ეს გა-მოუცხადა, _ ჰელვიდმა მშვიდობიანად და თავმოწო-ნებით უთხრა: “შენი საქმეა კვლა და ჩემი საქმე კი კა-ცურად სიკვდილიო”. ანუ მაგალითებრ დემეტრე ცინი-კის ამბავი, როცა განრისხებულს და გამწყრალს ნე-რონს უპასუხა: “თქვენ მე მემუქრებით სიკვდილს და ბუნება თქვენ გემუქრებათ მაგასვეო”.
ამისთანა კაცების აღმზრდელი და სულისჩამდგმელი ძალი დიდი ძალია და ამ ძალის მექონს საზოგადოებას ვერ ეთქმის, რომ ფესვი ცხოვრებისა შეჰსუსტებია.
ამაებზედ აფუძნებს რენანი იმ აზრს, რომ, საცა მის მიერ ჩამოთვლილნი სათნოებანნი ჯერ კიდევ არსებობენ, ბინას ჰპოულობენ და თავს ირჩენენ, იქ საზოგადოება ჯერ შორს არის აღმოფხვრისაგანა და გამძლეობის ძალნი თვითვე აქვსო. კაცობრიობა კი არა, რომი დაეცა, ვითარცა თვითმპყრობელი მაშინდელის ქვეყნისა და მის გასამძლეო ნაშთზედ აშენდა ახალი ქვეყანა, წარმოდგნენ სხვა, ახალნი თუ ძველნი ერნი, რომელთაც დღეს სვე-ბედი ქვეყნიერობისა ხელთ უჭირავთ და კაცობრიობას წინ უძღვებიან.
ჩვენ ამ აზრის გარჩევაში არ შევალთ. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ძალიან დასაფიქრებელი აზრია, გულში მეტად მოსახვედრია და დასაჭდევი. მართალია იგი, თუ არ არის მართალი რომის ისტორიის ახსნისათვის, მაინც ძნელია კაცმა მაგ აზრს ანგარიში არ გაუწიოს, როცა რომელისამე ერის ყოფა _ ცხოვრებაში ღრმად ჩაიხედავს. ეს ერთი კი, ჩვენის ფიქრით, უეჭველია: თუ რენანის მიერ ჩამოთვლილნი სათნოებანი დედაკაცობისა, თუ მამაკაცობისა, აქა-იქ საზოგადოებაში დარჩენილნი, არ არიან თავმდებნი ბევრ წილად მიხწნილის ერის გამოკეთებისა, გამობრუნებისა, ამ სათნოებათა არქონა კი უსათუო ნიშანია, რომ ერი ქვეყნის ზურგიდამ ასაგველად გადადებულია. თუ ამ სათნოებათა კანტი-კუნტად ქონა ვერ შესძლებს ერი წინ წააყენოს გამოკეთების გზაზედ, არქონა კი უსათუოდ უკან დამ-წევი მიზეზია. ამიტომაც ერს, რომელსაც დღეგრძე-ლობა და მერმისი ჰსურს, ერთი ფიქრი უნდა ჰქონდეს: სათნოება დარგოს და ახაროს თავის გულში, თავის ოჯახში. ამისათვის საჭიროა ზნეობის ამაღლება და გაწმენდა. ამაზედ უნდა მიიქცეს მთელი ღონე ერის გულშემატკივარის კაცისა. იგი დედა, თუ მამა, რომელიც თავისი შვილისათვის მზრუნველობას იმაზედ არ მიაქცევს, რომ კაცური კაცი გამოუვიდეს, იგი ჭიაა, რომელიც თავის ერს მერმისის ძირს უთხრის და უღრღნის დღე მუდამ და იქნება არც კი ჰგრძნობდეს, რა ცოდვაში ჰდგება: იგი ნელ-ნელა ჰლესავს დანას, რომელსაც Ʈ4;დრე იქნება თუ გვიან ყელი უნდა გამოსჭრას მისვე შთამომავალსა, მისვე ერსა.
ტფილისი, 16 აპრილი.
No comments:
Post a Comment