წყარო: http://www.nplg.gov.ge/index.php?sec_id=307&lang_id=GEO
ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები
ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები
ქართული ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვის მხატვრულ დამუშავებას. ქვაზე კვეთის ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა საქართველოში და საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა. ქვაზე კვეთის ქართული ტრადიციის საუკეთესო გამგრძელებლები იყვნენ ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები, რომელთა შემოქმედების კვალი თბილისის არქიტექტურაზე აისახა.
სამხრეთ ფასადზე მოთავსებული მთელი კომპოზიცია, ტყუპი სარკმელი რომბითურთ
და მისი სათაური, რომელშიც დავით აღმაშენებლის სახეა გამოკვეთილი, ლავრენტი
აგლაძის საჭრეთელს უნდა ეკუთვნოდეს. დეკორი ფართო, ძლიერი კვეთით არის
შესრულებული. აქ კარგად ჩანს ლავრენტის ხელწერა.
უნდა
აღინიშნოს, რომ ფასადზე ქართველი მეფის გამოსახვა საკმაოდ დიდი და
გაბედული ნაბიჯი იყო იმ პერიოდის საქართველოში. ამ იდეის ავტორები
შესაძლოა სწორედ აგლაძეები ყოფილიყვნენ, რადგან მათი შემოქმედების მთავარი
მიზანი ეროვნულობის წინა პლანზე წამოწევა იყო. ალბათ, კალგინმაც
გაითვალისწინა მათი აზრი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რელიეფი საკმაოდ
ზემოთ არის მოთავსებული და ისეა ორნამენტირებულ სიბრტყეში ჩასმული, რომ
ნაკლებად შესამჩნევია. როგორც ჩანს სიფრთხილე და მორიდება მაინც თან სდევდა
რელიეფის ავტორებს.
ეროვნული ბიბლიოთეკის კარის საპირეები, რამდენიმე კაპიტელი, სარკმლების სათაურები და არშიები, ასევე მთლიანად სამხრეთ ფასადის კომპოზიცია ლავრენტი აგლაძეს ეკუთვნის. ხოლო რომბები, მრგვალი წნულებითა და ცხოველთა გამოსახულებებით შემკული კაპიტელები და სამხრეთ ფასადზე არსებული სკულპტურული გრიფონები ნეოფიტე აგლაძეს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა (პირველი კორპუსი) ძირითადად ლავრენტის მიერ არის გაფორმებული და მისი ნამუშევრები უფრო ცოცხალი და მეტყველია.
No comments:
Post a Comment