6.18.2011

ოკულტიზმი-1.

«თანამედროვე სამყაროს ენციკლოპედია, ოკულტიზმი»
 (პარიზი, 1976; თარგმნა გ. მარჯანიშვილმა)

უძნელესია ბუნებით საიდუმლოს და ფარულის მოხელთება. ბერძნული ფილოსოფიიდან წარმოქმნილი და აღორძინების ხანის შემდეგ დახვეწილი ლოღიკური აზრის ენა თითქოს ვერ განსაზღვრავს ზუსტად იმ სულიერ მიდგომებს და პრაქტიკებს რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ რომ წარმოადგენენ სულ სხვაგვარ, რაციონალურ აზრზე და მეცნიერებაზე უფრო მაღალ და ღრმა ცოდნას და მსოფლმხვედველობას.

 მაგრამ ოკულტიზმზე ლაპარაკი საჭიროა იმიტომ რომ ის ის არსებობს, ყვავის და იფურჩქნება ათასწლეულების მანძილზე. ის კარგად გრძნობს თავს თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში და თითქოს განახლებასაც განიცდის. გასარკვევია თუ რა არის ეს: ნამდვილი აღორძინება თუ ჩვენი დროის კულტურულ მუტაციებთან დაკავშირებული მოვლენები.

  ქვის ხანის მხატვრები მათ გამოქვაბულებში ხატავდნენ ისრებით განგმირული ბიზონების სილუეტებს. სწავლულების დასკვნით ეს გამოსახულებები განჭრეტდნენ, ამზადებდნენ სასურველ მომავალს. ეს მოხატული გამოქვაბული ტაძართა, სალოცავთა უძველესი ფორმები იყო.

  ჯადოსნები დღესაც პარიზში, ტულუზაში თუ ლოს ანჟელესში კლიენტის მოთხოვნით ნემსებით განგმირავენ ხოლმე  საძულველი პიროვნების გამომსახველ თოჯინას.

  “ ოდისეას” ჯადოსნების თუ დელფოს მისნის შთამომავლები ( ისემც გაუხმათ მათ თავი, მთარგმნელი) არიან მკითხავები რომელთა განცხადებებითაც დღესაც სავსეა ყოველკვირეულად გამომავალი სპეციალიზებული გამოცემები.

   იმპერიული რომის დამპყრობი აღმოსავლური აღმოსავლური კულტების გამგრძელებლები არიან თანამედროვე მისტიკური სექტები რომლებიც თავს აცხადებენ აზიური სიბრძნის მფლობელებად. ისინი წარმატებით აგრძელებენ პროზელიტიზმს ტექნოლოგიური ცივილიზაციის გულში ( მთარგმნელი დაუმატებს რომ ბოდლერის, პრუსტის, ბალზაკის, ედგარ პოს, რომანტიზმის, სიმბოლიზმის, სიურეალიზმის და თანამედროვე კლასიკური კულტურის დიდი ნაწილის სერიოზულად გაგება შეუძლებელია ოკულტიზმის და  ეზოტერიზმის  ცოდნის გარეშე იმიტომ რომ ყველაფერი ეს გაჟღენთილია ოკულტიზმით და ეზოტერიზმით.

   დაბრუნება წყაროებთან :

   ოკულტიზმის ფორმათა უმრავლესობაში უდიდესი ღირებულება და მნიშვნელობა აქვს ცოდნის უმაღლეს წყაროდ წარმოდგენილ ტრადიციას. ფრანკ-მასონობის “დაკარგული სიტყვის” მითი ენათესავება საწყისი, თავდაპირველი ცენტრის, შეცდომის ან ცოდვის გამო ადამიანის მიერ დაკარგული და ხელახლა საპოვნელი წმინდა მიწის მითებს. ეს წმინდა მიწა სულ მცირე ნაპოვნი უნდა იყოს საკუთარ გულში.

  ესაა ჩინური ფილოსოფიის “ უცვლელი შუაგული”, ისლამის მისტიკოსების “ ღვთაებრივი სადგური”, ებრაული კაბალის “წმინდა სასახლე”, სანსკრიტული ტექსტების “პარადეშა” რაც იუდაურ-ბერძნულმა ტექსტებმა აქციეს ცნებად “პარადიზ” ( “სამოთხე”).

    აქაა საზღვარი და განსხვავება დიდ რელიგიებსა და ოკულტიზმს შორის, თუმცა ისიც ცხადია რომ საზღვარი ბუნდოვანია და არსებობს ცარიელი არე.

   ქრისტიანის და მაჰმადიანის აზრით ღვთაებრივი უწყება განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, მეცნიერებისთვისაც და უმეცრებისთვისაც. ჭეშმარიტება ყველა ადამიანისთვისაა მისაწვდომი და თუ ის ადამიანებს ესმით სხვადასხვანაირად, მათი პიროვნების შესაბამისად, ეს არ აუქმებს გამოცხადების მათი წილის ჭეშმარიტებას.

  ოკულტისტების აზრით კი ცოდნის შეძენა ძალუძთ მხოლოდ თავისი პიროვნული ნიჭით ამის უნარის მქონე პირებს, იმათ ვინც იმსახურებს ამას თავისი ნიჭით. და ადამიანს ტრადიციის ჯაჭვთან აკავშირებს ინიციაციის, ზიარების რიტუალი.

              განკუთვნილი ინიციირებულებისათვის, განდობილებისთვის :

  ოკულტიზმი გულისხმობს განსაკუთრებით ნიჭიერი ან საგანგებოდ განდობილი პიროვნებების კუთვნილ ცოდნას თუ შემეცნების მეთოდებს. ეს ცოდნა თუ შემეცნების მეთოდები ფარული, უცნობი უნდა დარჩეს პროფანული, უმეცარი მასისთვის.

 მოძღვრებს შეუძლიათ ამ ცოდნის გამოყენება ან არსებობის უფრო მაღალი საფეხურის მისაღწევად ან მათ თანამედროვეებზე სასიკეთო თუ დამღუპველი გავლენის მოსახდენად რასაც აკეთებენ წინასწარმეტყველებითაც და მაგიური ქმედებებითაც. რელიგია და ოკულტიზმი ეფუძნებიან ზებუნებრივის რწმენას : მაგრამ რელიგია ეგზოტერულია, ოკულტიზმი-ეზოტერული. მიუხედავად ამისა არსებობს საერთო ზონა : კათოლიკური ეკლესია დღემდე მისდევს ეკსორსიზიმს, ეშმაკის, დემონის განდევნას შეპყრობილიდან.

  არის სხვა განსხვავებებიც. ოკულტიზმი არ უნდა გავაიგივოთ «ოკულტურ მეცნიერებებთან». ოკულტურ მეცნიერებებად უფრო უწოდებენ წინასწარმეტყველების სხვადასხვა ტექნიკას, მანსიებს მათი ყველაზე უფრო კომერციული ფორმით : მკითხაობას, კარტომანსიას, რადიესთეზიას, და ა.შ.

  ამ სერიაში ასტროლოგია არის ოკულტიზმის ანტიპოდებზე  ვინაიდან ის ეფუძნება ასტრონომიის ობიექტურ მონაცემებს და ინტერპრეტაციის ყველასთვის ხელმისაწვდომ, ფართოდ გავრცელებულ მეთოდებს (რაც არ გულისხმობს მათ უტყუარობას). მაშ აქ არ შევეხებით წინასწარმეტყველების ტექნიკებს ან შევეხებით მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მათ საფუძველში არსებული რწმენები ენათესავებიან ოკულტიზმის თუ მაგიის ფონდს.

  არ შევეხებით არც პარაფსიქოლოგიურ ფენომენებს, მაგ. ტელეპატიას, წინათგრძნობას, ტელეკინეზს, შორიდან ობიექტების დეფორმაციას. პარაფსიქოლოგიის ბევრი სპეციალისტ კატეგორიულად უარყოფს მათი კვლევის ობიექტის გაიგივებას ოკულტიზმთან და, ყველაზე უფრო, “ოკულტურ მეცნიერებებთან”.

             ორაზროვანი კონცეფციები :

  მაშ რა არის ოკულტიზმი?

 ოკულტური არაა მხოლოდ ის რაც არ უნდა იცოდეს პროფანმა; უმეცარმა, ის პირველ რიგში არის ჭეშმარიტების ატრიბუტი, ადამიანის, სამყაროს, მატერიალური სამყაროს ყველა ელემენტის, ინტელექტუალურისა და სულიერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი უხილავი კავშირები. ამ ურთიერთობათა გასაგებად უნდა გავიხსენოთ ის რასაც XX საუკუნის დასაწყისის სოციოლოგები უწოდებდნენ ლოღიკურის წინა აზროვნებას, ან კლოდ დე ლევი სტროსის “ ველური აზროვნება”.  ჩვენ შეგვიძლია მისი ზოგი მთავარი ნიშნის განსაზღვრა...

  ფუნდამენტურია განსხვავება ფორმალურსა და არაფორმალურს, გამოვლენილსა და გამოუვლენელს, უხილავს შორის. ამ განსხვავებას ვხედავთ ყველა აღმოსავლურ კოსმოგონიაში ბიბლიური შესაქმის წიგნის ჩათვლით :

  ბიბლიური შესაქმე, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა შეიძლება გაიგივდეს ღმერთის მიერ მთელი სამყაროს ამ ორ ნაწილად, გამოუვლინებელ და გამოვლენილ, ხილულ და უხილავ ნაწილებად გაყოფასთან.

 ინდური ფილოსოფიის თანახმად შესაქმე, სამყაროს ქმნა, უწყვეტია: მატერიალურ და არაფორმალურ, გამოუვლენელ სამყაროებს შორის არის შუალედური ზონა, ფსიქიურ მდგომარეობათა არე, ინდივიდუალურ ენერგიათა და ღვთაებრივი სულის გაგრძელებათა შეხვედრის ადგილი რომელშიც არიან ხოლმე არაადამიანური ერთეულებიც, დემონთა ბნელი ცვალებადი გავლენებიც. ესაა მაიას, მარადიული ილუზიის სამეფო. : იდეები იქ იღებენ რეალურის ფორმას, სახეებს, იქმნებიან და ქრებიან.

ეს გოლემია!
   ჩვეულებრივი ენით გამოუთქმელი ეს მისტიკური ზმანებები ხშირად გამოითქმება მითებითა და სიმბოლოების ენით. მათი პოეტური ძალა მოქმედებს ყველაზე რეალისტურად განწყობილ ადამიანზე და სწორედ ამით ხიბლავენ განდობილებს ოკულტისტური სექტები. აქ ვეხებით იმას რასაც ფსიქოანალიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგი უწოდებს კაცობრიობის არქეტიპებს.

    თავისი სხვადასხვა ასპექტის მიღმა სამყარო ერთიანია, ერთია: ყველაფერი ყველაფერშია. ამ ერთის შეხედვით ტავტოლოგიური ფორმულიდან გამომდინარეობს ოკულტიზმის ყველა მანიფესტაცია უმაღლესი გამოვლინებებიდან ყველაზე ვულგარულ გამოვლინებებამდე.

  სიმბოლოები არაა მხოლოდ რეალობასთან დაკავშირებული პირობითი ნიშნები: ისინი მონაწილეობენ ამ რეალობაში. ისინი სინამდვილის მსგავსად ამოუწურავები არიან. მათი გაღრმავებით ადამიანი წვდება გნოზისს, ცოდნის უმაღლეს ფორმას: სიმბოლური აზროვნება ჯობნის რაციონალურ აზროვნებას. მრავალფეროვნებაში ერთის მომცველს, მას არ ეშინია, ისე როგორც ეშინია გონებას, სიბნელისა და წინააღმდეგობებისა.

    გაგების სიძნელე, მნიშვნელობათა ორაზროვნება აღქმულია როგორც უტყუარობის და ცოდნის სიღრმის საწინდარები. ინდივიდის თუ საგნის გამოსახულება, სახელი, მონაწილეობენ იმაში ვისაც ან რასაც აღნიშნავენ და გამოსახულებაზე  და სახელზე ზემოქმედებით შესაძლებელია ზემოქმედება იმაზე რასაც ან ვისაც ისინი გამოხატავენ სიმბოლურად. ინდივიდუალურ ფსიქიურ ენერგიებს შეუძლიათ ერთმანეთთან შეხვედრა, გაერთიანება, შეჯახება ერთმანეთთან. განსაკუთრებული წვრთნისა და ვარჯიშების თუ განსაკუთრებული ნიჭის წყალობით  ამ ენერგიებს შეუძლიათ ურთიერთობა შორიდანაც, ზემოქმედება მატერიალურ ობიექტებზე, მომავლის განჭვრეტა. ამაში ვხედავთ ყველანაირი მაგიური ქმედების  სახასიათო ნიშნებს: ფენომენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარების ნაცვლად დაკავშირება ხდება ანალოგიების და შესაბამისობათა თანახმად.

    ასეთია დომინანტები ყველა ოკულტისტური პრაქტიკისა და დოქტრინისა მიუხედავად მათი უდიდესი მრავალფეროვნებისა უძველესი ხანიდან მათ თანამედროვე გაგრძელებებამდე.


           ჯადოსნები;

  პალეოლითის ნახატებით თუ ვიმსჯელებთ უძველესი პრაქტიკა უეჭველად არის მაგია და მისი სფერო იმდენად ვრცელია რომ მისგან შეიძლება გამომდინარეობდეს არა მხოლოდ ოკულტიზმის შტოთა უმრავლესობა არამედ რელიგიაც რომელთანაც ის დიდი ხნის მანძილზე იყო გაიგივებული და მეცნიერებაც კი რომელიც მაგიისგან მხოლოდ თანდათანობით განთავისუფლდა.

  ჯადოსანს თუ შამანს აქვს სხვა ადამიანებზე მეტი ძალა.  ამ ძალის წყაროა მისი განსაკუთრებული ნიჭი, მისი ურთიერთობა უხილავ ძალებთან და სწორედ აქ ეხება უშუალოდ მაგია ოკულტიზმს , საიდუმლოთა ცოდნას რაც მას აქცევს განდობილად. ამ ცოდნას ჯადოსანი არ უმხელს პროფანს, უმეცარს.

  მაგრამ ეზოტერული ცოდნის პრაქტიკული მხარე მეტ-ნაკლებად უარყოფილია თანამედროვე ოკულტისტების მიერ ან საეჭვოა მათი აზრით. შეიძლება მათ მაგიის ზოგი პრაქტიკული გამოვლინება საშიშად მიაჩნდეთ და ამიტომ ისინი არ უმხელენ მათ თავის ადეპტებს. ინიციაცია, განდობა, ზიარება მათთვის უფრო არის გამოცდა ან განსაცდელი რომელიც უმეცარს აძლევს ახალ სულიერ სამყაროში შეღწევის და მისი პიროვნების გარდაქმნის საშუალებას.

  ქრისტიანულმა ეკლესიამაც დაგმო მაგია არა როგორც ტყუილი არამედ როგორც ურჯულო. რელიგიურ მიდგომასა და მაგიურ დემარშს შორის ამიერიდან არის ანტინომია.  რელიგიური მიდგომა პასიურია და ემორჩილება ღმერთის ნებას რომლის დახმარების მოპოვებაც მას ძალუძს ლოცვით და ქველმოქმედებით.. მაგია მიზნად ისახავს ზებუნებრივის გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად, მის დამორჩილებას და ამ მიზნის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ცუდი ძალების, ეშაკისა და დემონების დახმარებით.  მიუხედავად ამისა რელიქვიების კულტი, სარწმუნოებრივი მედალები და ღვმერთის ზოგი მოხმობა შეიძლება ენათესავებოდეს მაგიას და ოკულტიზმს.

  ესენიელები, რომელთაც ახალი შუქი მოჰფინა მკვდარი ზღვის ხელნაწერებმა, როგორც ჩანს შეადგენდნენ ოკულტისტურ სექტას. ისინი ნაწილდებოდნენ კანდიდატებად, ახალბედებად და განდობილებად. ეს ნიშნები ჩანს პირველ ქრისტიანულ თემებშიც რომლებშიც იყვნენ მსმენელები, ნათლობისთვის მომზადების პროცესში მყოფნი და მონათლულები. ნათლობა, მონათვლა უდრიდა ინიციაციას.

    გარიგება ეშმაკთან :

  ეკლესიამ უარყო მაგიური პრაქტიკები არა მათი არაეფექტურობის გამო არამედ იმიტომ რომ ისინი ეშმაკის ნამოქმედარი იყო.  ეს იყო ეშმაკისთვის გარკვეული რეკლამის გაწევა იმიტომ  რომ მისი არსებობა იყო რწმენის საკითხი. მაგიურმა პრაქტიკებმა თავი შეაფარა ხალხური ცრურწმენების ბნელ სამყაროს სადაც მათ თითქმის იატაკქვეშა არსებობის მიუხედავად თითქმის დღემდე მოაღწიეს.  რელიგიამ კი თავის სასარგებლოდ აიღო მაგიის ნაწილი, რაზეც მეტყველებს რელიქვიების კულტი. გვიან შუა საუკუნეებში მაგიის გააფთრებულმა დევნამ, კოლექტიურმა სიგჟემ, ჯადოსნების და კუდიანების კოცონებზე დაწვამ ( მათ ბრალად ედებოდათ ეშმაკთან გარიგება) ვერ მოსპო ინტერესი მაგიისადმი, რაც ცოცხალია დღესაც.

    ჯადოსნები, მაგიური სიტყვებით მკურნალები არსებობდნენ და მოქმედებდნენ პრაქტიკულად ყველგან, განსაკუთრებით გლეხობაში ( მაშინ მოსახლეობის უდიდეს ნაწილში). მათ მოხერხებულად დააღწიეს თავი რეპრესიებს და ეს ფარული კულტურული დინებები მოიტანეს დღემდე.

  ქრისტიანულ სამყაროში დევნილმა მაგიამ თავი შეაფარა ებრაელებს და მაჰმადიანებს.

   არაბული მაგიური ლიტერატურა ნეოპლატონიკოსთა მსგავსად ერთმანეთისგან ანსხვავებს სიკეთის ანგელოზების მომხმობ თეთრ მაგიას და შავ სატანურ მაგიას. საკუთრივ ისლამის რწმენები დიდად არ განსხვავდება დაპყრობილი ქვეყნების ცრურწმენებისგან და მათ ბოლოს და ბოლოს შექმნეს  საერთო ფონდი რომელიც დღეს განსაკუთრებით მდიდარია მაღრიბულ ისლამში.

   განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ებრაულ ეზოტერულ დოქტრინა კაბალას. სიტყვა კაბალა ნიშნავს ტრადიციას.  იქ მაგიური პრაქტიკები თავიდან არც ისე მნიშვნელოვანი იყო. უმთავრესი ყურადღება ექცეოდა მოსეს მიერ მიღებული გამოცხადების და დაწერილი კანონის უაღრესად რთულ მისტიკურ ინტერპრეტაციას.

       კაბალა გავლენას ახდენდა იუდაიზმიდან გამოსულ ქრისტიანობაზე და ისლამზე ; საუკუნეების მანძილზე მის ანარეკლს ვხედავთ როგორც პიკო დე ლა მირანდოლას ნაირ ავტორებში ისე ხალხური მაგიის რიტუალურ ფორმულებში რომლებიც დიდი ხანია რაც გაუგებარია მათი წარმომთქმელებისთვის.

   თანამედროვე ოკულტისტური სექტები სარგებლობენ ამ არაჩვეულებრივი მემკვიდრეობის ზოგი ფრაგმენტით. კაბალას ავტორები იყვნენ ქრისტიანობის წინა ორი საუკუნის რაბინები და მათი მოძღვრება გაამდიდრეს შუა საუკუნეების კაბალისტებმა.

   კაბალა შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე დასავლური ოკულტისტური მიმდინარეობების პროტოტიპად და ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.


კაბალისტური მაგიის მაგალითი, პრაღული ლეგენდა გოლემზე, ხელოვნური ადამიანის შექმნის შესახებ :

 « ეს მოხდა 1580 წელს პრაღაში. ღვთისმსახურმა ტადეუშმა, ებრაელების მტერმა, სცადა სიმშვიდის და თანხმობის დარღვევა და ებრაელების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების წამოყენება რასაც უნდა მოყოლოდა მათი რბევა და დევნა.

   რაბი ლევმა დროულად გაიგო ამის შესახებ და სიზმარში ჰკითხა ღმერთს თუ როგორ უნდა ებრძოლა ბოროტ მტერთან. რაბი ლევმა გაიგო რომ მას ცის მიერ ნათქვამი ასოთა რაოდენობით შეუძლია მიწისგან ცოცხალი არსების შექმნა. მან მოაყვანინა თავისი სიძე იცხაკ ბენ სიმეონი და თავისი მოწაფე იაკობ ბენ ხაიმ სასონი და გაანდო მათ გოლემის შექმნის საიდუმლო. « მე გთხოვთ დახმარებას იმიტომ რომ მის შესაქმნელად საჭიროა ოთხი სტიქია: შენ, იცხაკ, იქნები ცეცხლი, შენ, იაკობ-წყალი, მე ვიქნები ჰაერი. ჩვენ ერთად მეოთხე სტიქია მიწისგან შევქმნით გოლემს ».

  მან ასწავლა რომ თავიდან საჭიროა განწმენდა რათა მზად იყვნენ ხელოვნური ადამიანის შექმნის დიდი საქმისთვის.

  დათქმულ დღეს მათ თიხისგან გააკეთეს მამაკაცის ფიგურა. ის მიცვალებულივით უძრავად იწვა.

ლევმა ღვთისმსახურ იცხაკს უბრძანა  შვიდჯერ შემოევლო თიხის სხეულისთვის ირგვლივ მარჯვნიდან მარცხნივ  და თან გარკვეული წინადადება ეთქვა. თიხის სხეული გაწითლდა. რაბი ლევმა ლევი იაკობს უბრძანა სხეულის გარშემო მარჯვნიდან მარცხნივ შვიდჯერ შემოვლა და მისი სტიქიისთვის დადგენილი ციფრების თქმა. წითელი ფერი გაქრა. ფიგურაში გაიზარდა ფრჩხილები. მაშინ რაბი ლევმა თვითონ შემოუარა ირგვლივ თიხის სხეულს და ჩაუდო მას პირში პერგამენტზე დაწერილი შემი. შამივემ ერთად წარმოთქვეს სიტყვები : “ და შთაბერა მას სახეში სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამიანი ცოცხალ სულად”. გოლემმა გაახილა თვალები.

“იცოდე რომ ჩვენ შეგქმენით შენ მიწისგან. შენ უნდა დაიცვა ებრაელები დევნისგან. შენ გერქმევა იოსები.შენ უნდა შეასრულო ჩემი ბრძანებები. თუ გიბრძანებ სახურავიდან გადახტომას უნდა გადახტე, თუ გაგაგზავნი ზღვის ფსკერზე უნდა წახვიდე.” იოსები დაეთანხმა.

  გოლემი მხეცდება:

ყოველ პარასკევს რაბი ლევი გოლემს აძლევდა სამუშაოს. შაბათს როგორც წესი გოლემი უნდა ყოფილიყო საგუშაგოზე და უნდა გამოეჩინა სიფრთხილე.
  ერთ პარასკევს რაბი ლევს დაავიწყდა გოლემისთვის სამუშაოს მიცემა და ის უსაქმოდ დარჩა. მოწყენილმა გოლემმა დაიწყო ცოფიანივით სირბილი  ებრაელთა ქალაქში და სპობდა ყველაფერს რაც კი გზაზე ხვდებოდა. ხალხი გარბოდა ყვირილით “იოსებ გოლემი გაგიჟდა”. ეს ამბავი მალე გაიგეს სტარონის სინაგოგაში სადაც ლოცულობდა რაბი ლევი. ის გამოვარდა და იყვირა: “იოსებ გაჩერდი”! გოლემი მორჩილად გაჩერდა. რაბი ლევმა ის იპოვა და უბრძანა სახლში წასვლა. გოლემმა მას დაუჯერა როგორც ბავშვმა. მას შემდეგ რაბი ლევს აღარასოდეს დავიწყებია გოლემისთვის დავალებების მიცემა.

           გოლემის მოსპობა :

როდესაც თემს აღარ ემუქრებოდა ცილისწამება და საფრთხე რაბი ლევმა იხმო თავისი სიზე იცხაკი და მოწაფე იაკობი და უთხრა მათ რომ მათ უნდა მოსპონ გოლემი. ეს ხდებოდა 1593 წლის დასაწყისში. მათ ჩაატარეს იგივე პროცედურა ოღონდ უკუღმა. გოლემი ისევ იქცა მიწის უსულო გროვად, მაგრამ სიცოცხლეში ის იყო ებრაელი ხალხის მცველი.

  ამბობენ რომ თუ კი გააბრაზებენ პრაღელ ებრაელებს მათ შეუძლიათ გოლემის ისევ გაღვიძება და მაშინ ვაი მათ მტრებს. (ალისა სელეზნევა, “პრაღას ტელეგრაფი”, 28.05.2010).

   მრავალი კაბალისტის ინტერპრეტაციით გოლემის გაცოფება იყო სასჯელი რომელიც ღმერთმა მოუვლინა თავისი ძალის შეგრძნებით გათავხედებულ ადამიანს ( მთარგმნელი).

            ასტროლოგები და ალქიმიკოსები :

  ქრისტიანი ევროპის მიერ უარყოფილი ოკულტიზმის დაბალი ფორმები ეხლა ისევ აღორძინდა და ყვავის და იფურჩქნება კანონიერი, თუმცა საკმაოდ საშიშ საქმიანობის საზღვრებში

   ჩვენი თანამედროვე ასტროლოგების განცხადებები ხშირად ჩნდება რუბრიკაში « ოკულტური მეცნიერებები » მაგრამ თანამედროვე ასტროლოგია არაა დაკავშირებული ოკულტიზმთან. ის სულაც არაა ინიციირებულთა, განდობილთა წილი და იქცა მასობრივ ფენომენად. ჰოროსკოპის შედგენაში აღარაფერია ეზოტერული. სრულებით საკმარისია კარგი სპეციალიზებული სახელმძღვანელო და რამოდენიმე მათემატიკური ცნება.

სალამანდრა ცეცხლში
    არც საიდუმლოა და არც ფილოსოფიური პრეტენზია, კიდევ უფრო ნაკლებად, კოსმიური ჟრჟოლა, იმაში რაც გადაიქცა ინდივიდუალურ ხვედრთა შესაძლებლობლების განჭვრეტის სრულებით ეგზოტერულ ტექნიკად. განჭვრეტათა უტყუარობაზე აქ არაა ლაპარაკი. შეიძლება დავასკვნათ რომ ასტროლოგია დღეს ყველაზე მეტად ვულგარიზებულია ფართო საზოგადოებაში რაც მას აქცევს ოკულტისტური ძიების სრულებით საპირისპირო რამედ.

  ძალიან იოლად გასაგები ევოლუცია. თავიდან ვარსკვლავების და ადამიანის სხეულის ნაკვთების შესაბამისობის იდეაზე (კაბალისტებისთვის ძვირფასი იდეა) დაფუძნებულმა ასტროლოგიამ შეითვისა ასტრონომიის მიერ საუკუნეთა მანძილზე დაგროვებული ცოდნა.  და საბოლოო ანგარიშით  თანამედროვე ასტროლოგიის პრესტიჟი მნიშვნელოვანწილად დაფუძნებულია მისი ანგარიშების რაციონალურ და მეცნიერულ ასპექტებზე რაც ადამიანს ავიწყებს ასტროლოგიის წმინდა ირაციონალურ საფუძვლებს. მაგრამ ყოველთვის არ ყოფილა ასე. ძველი ასტროლოგები მათ წინასწარმეტყველებებს ხშირად გამოთქვამდნენ ბუნდოვანი სიმბოლური ფორმით რომლის მნიშვნელობაც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ განდობილებისთვის, ინიციირებულებისთვის. ასეთი იყო სახელგანთქმული მიშელ ნოსტრ-დამ, იგივე ნოსტრადამუსი, ოკულტისტი ასტროლოგის ტიპი. მისი წინასწარმეტყველებები ისევ კვებავენ სპეციალიზებულ პრესას მაგრამ მათ არაფერი აქვთ საერთო იმ ასტროლოგიასთან რომელიც მიმართავს მკაცრ მათემატიკურ ლოღიკას.

   რაც შეეხება ალბათ ქალდეაში და ეგვიპტეში გაჩენილ ალქიმიას  რომლის ოქროს ხანაც იყო III-V საუკუნეების ალექსანდრიაში და შემდეგ VI საუკუნის ბიზანტიაში, ელინისტური ხანის ალქიმიკოსები გარდა ლითონთა გარდაქმნისა და ყველა ავადმყოფობის მკურნალი პანაცეის ძიებისა ცდილობდნენ სრულყოფილი ბედნიერების მოპოვებას ღვთაების წიაღში, სამყაროს სულთან გაიგივებას და კავშირის დამყარებას ციურ სულებთან.

     ეზოტერიზმის მიზნები :

   ალქიმიკოსად ვერ ხდებოდა ყველა და ნებისმიერი მსურველი. აუცილებელი იყო განსაკუთრებული ნიჭი და ასკეზა. უმეცრებისთვის “მცირე ქმნილების” და “დიდი ქმნილების” დასამალავად ალქიმიკოსები იყენებდნენ სიმბოლურ ენას და მრავალმნიშვნელოვან სიტყვებს და ბგერებს. მათი მანიპულაციების სხვადასხვა ეტაპის აღწერისას ალქიმიკოსები შეგნებულად აბუნდოვანებდნენ თანმიმდევრობას, იყენებდნენ კრიპტოგრაფიას და საგანგებო ანბანებს. გასაგებია რომ მათი ლიტერატურა არაა იოლად გასაშიფრი. მათი მსოფლმხედველობა ასევე გამოიხატებოდა გრაფიკული სიმბოლოებით ( ურობოროსი-თავისი საკუთარი კუდის მკბენი გველი, მატერიის ერთიანობის და მარადიულის სიმბოლო, ზოგი მისტიკოსის მიერ დადგენილი ხელახლა დაწყება ოკულტისტების საკრალურ დროში და სხვ.), მრავალი სიმბოლოს გამაერთიანებელი რთული კომპოზიციებით რომლებიც ასახავენ მათ გამაერთიანებელ ურთიერთობებს. ეს უცნაური ნახატები ხშირად ლამაზია და ხიბლავს მნახველს.

   “ საიდუმლო გამხელისას კარგავს თავის ძალას,მის გამხელისას ვასუსტებთ მას, წერს როჯერ ბეკონი. ხალხს არ ძალუძს მისი გაგება; ის მას ვულგარულად გამოიყენებს და დაუკარგავს მას ყოველგვარ მნიშვნელობას. სიგიჟეა სალათის მიცემა სარეველათი კმაყოფილი ვირისთვის.

   საიდუმლოს მცოდნე ბოროტი ცუდად გამოიყენებს მას და შესძრავს სამყაროს. მე არ წავალ ღმერთისა და მეცნიერების ინტერესის წინააღმდეგ და ამიტომ არ დავწერ საიდუმლოს ისე რომ მისი გაგება შესძლოს ნებისმიერმა ვინმემ”.

   ასეთი ეზოტერიზმი დიდი თავსატეხია თანამედროვე ადამიანისთვის . მის გასაგებად აუცილებელია გასაღები, გასაღებები, სიმბოლური ენის ცოდნა, მისი სულის გათავისება.  თანამედროვე მეცნიერების სულის ესოდენ საწინააღმდეგო სულისა. აქ ვხედავთ ნეოპლატონურ დოქტრინებს  რომელთა თანახმადაც ადამიანის მიკროკოსმი არის კოსმიური მაკროკოსმის ანარეკლი, ფენომენები ერთმანეთს უკავშირდება არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით არამედ შესაბამისობებისა და ანალოგიების ძიებით.

  განდობილი, ინიციირებული შეიძლება მივიდეს გნოზისამდე, ღმერთის  ბუნების ინტუიტიურ ტოტალურ ცოდნამდე.

   ასე გაგებული ალქიმია ძალიან შორსაა « უბრალო » ოქროსმაძიებლებისგან. ისაა რელიგია, სუპრარელიგიაც კი ვინაიდან მიზნად ისახავს ყველა დანარჩენი რელიგიის მოცვას. მისგან გამომდინარე და მიუხედავად მისი ეზოტერული და ნახევრადიატაკქვეშა ხასიათისა  ჩვენ შეიძლება მივდიოთ სხვადასხვა მიმდინარეობას რომლებიც აღორძინების ხანიდან პარაცელსთან ერთად მოდიან თანამედროვე ოკულტიზმამდე რომელსაც, სხვათა შორის, არ უთქვამს უარი ალქიმიაზე (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment