5.29.2011

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე! - 5

«აზია თავისად თვლის ეტრუსკებს» ( M. Porcius Cato, ძვV.წ. II ს.). 
 ჩვენ ვერ გავიაზრებთ რომის ისტორიას და მასთან ერთად დასავლური ცივილიზაციის განვითარებას თუ არ ვიცით ის ცივილიზაცია რაც ეტრუსკებმა ისესხეს აღმოსავლეთისაგან, რაც შემდგომში შეუთანხმეს მათ საკუთარ ტრადიციბსა და გენიას» (Axels Boethius, 1958).

ძველი აღმოსავლეთი. 
Ex Oriente lux:
როდესაც მსოფლიო საათის ციფერბლატზე ისარი გადასცდა ძვ.წ. 1000 წელს და მზად იყო X საუკუნის დასაწყებად კაცობრიობა თავისი ისტორიის ახალ ზღურბლზე იმყოფებოდა. ახლოვდებოდა დრო, როდესაც «ერები», ეს « წყვდიადის ქვეყანა», როგორც მას ფინიკიელები უწოდებდნენ, ძველი აღმოსავლეთის მიერ განაყოთიერებული ევროპა იბრძოდა გამოსაღვიძებლად, ებრძოდა მრავალათასწლოვან ძილს. ჩამოჰკრა ახალი სამყაროს დაბადების ზარმა, სამყაროსი რომელიც დღემდე ძალიან ძლიერ გავლენას მოახდენს კაცობრიობის ბედზე. დაიბადება დასავლეთი!

ვრცელი ხმელთაშუა ზღვა და ამ ზღვის ურიცხვი ყურეების სანაპიროები იქცევა თეატრად დიდი მოძრაობისა რომელიც ქარიშხლის მოულოდნელობით ამოვარდება და თანდათან გაძლიერდება. მზით გაჩახჩახებულ ამ სივრცეებში ამოძრავებისთვის ნიშანს ელოდებოდნენ ტომები და ხალხები. მომავალი მზადდება.

ამ ხმელთაშუა ზღვის უკიდურესი წერტილიდან, ჰელესპონტიდან, სადაც აზია და ევროპა ერთმანეთისგან რამოდენიმე მეტრითაა დაშორებული, გამოვა იმპულსი რომელიც ახალ ცხოვრებას ააჩქეფებს ისტორიას მოკლებულ დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.
მცირე აზიის და საბერძნეთის პორტებში და მათი გამყოფი კუნძულების კრიალოსნის განედზე ღუზა ასწიეს აფრიანმა თუ ნიჩბიანმა გემებმა. მათ ეკიპაჟებს განზრახული ჰქონდათ წასულიყვნენ შორეული და უცნობი ქვეყნებისკენ მიმართულ გაბედულ ექსპედიციებში. ყალ-ცალკე თუ ფლოტილიებად გაერთიანებულებმა, მათ პირი იბრუნეს დასავლეთისკენ. მათ მიაღწიეს აპენინის ნახევარკუნძულამდე და აფრიკისკენ მიმართულ მის ავანპოსტამდე, კუნძულ სიცილიამდე. მათმა ჩასვლამ შეცვალა ყველაფერი. ამ მიწაზე დიდი ხნის წინ დასახლებული ტომები ჩათრეულნი აღმოჩნდნენ უცნაური, უცხო, მაღალი ცივლიზაციის ორბიტაში და დაემორჩილნენ მის რიტმს.

დასავლეთის არც ერთ სხვა რეგიონში აღმოსავლეთიდან გავლენით არ უჩქეფია ასეთი ძალით ცივილიზაციას და ახალ კულტურას, არსად არ განუცდია ასეთი ძალის და სიმძაფრის აღმავლობა როგორც იტალიის შუაგულში. მდინარეებს ტიბრსა და არნოს შორის სინათლემ გაარღვია ხანგრძლივი წინაისტორიის წყვდიადი.

იმხანად, როდესაც დასავლეთში მომავალი მხოლოდ იწყებოდა აღმოსავლეთს უკვე ჰქონდა გრძელი, მღელვარე და ბრწყინვალე ისტორია.

ევფრატისა და ტიგროსის მონაპირე ქვეყნები უკვე ორი ათასი წლის მანძილზე უყურებდნენ ძლიერი სახელმწიფოების გაჩენას და დაცემას. შუმერთა ძველ ხალხს, გილგამეშის ეპოპეის შემოქმედსა და პირველი მრავალსართულიანი კოშკების მშენებელს შეენეცვლა სემიტთა დამპყრობელი, ძალაუფლებას დახარბებული იმპერიები: ბაბილონი და ასურეთი. გაჩნდა ხათთა იმპერია. კიდევ უფრო ადრეულ ახანას ეკუთვნის ნილოსის სანაპიროებზე, პირამიდების მშენებელთა ქვეყანაში პირველი სახელმწიფოს შექმნა, უკვე ძვ.წ. 3000 წლის მახლობლად პირველმა დინასტიამ დაამყარა იქ ფარაონთა ხელისუფლება.

სამყაროს ამ ნაწილში იხარა თესლმა რომელიც დიდად სასარგებლო აღმოჩნდა დედამიწის ყველა ხალხისთვის, მაგრამ დიდი პერიოდების და ქვის ხანის განმავლობაში უფრო ევროპელები მიდიოდნენ განუწყვეტლივ რათა მიეღოთ წილი აღმოსავლეთის განუზომელი საგანძურიდან. აღმოსავლეთი სტიმულს აძლევდა, ანაყოფიერებდა მათ. მას ნელა გამოჰყავდა ევროპელები პრიმიტიული არსებობიდან რომელიც დიდად ჩამორჩებოდა აღმოსავლური ცხოვრების წესს. ძნელი უნდა იყოს თვალის მოვლება ამ მონაპოვართათვის, გამოგონებებისათვის და სიახლეებისათვის რომლებიც ამ ეპოქიდან უძღვნა კაცობრიობას « ნაყოფიერმა ნახევარმთვარემ». იქ მოხდა ყველა პიონერული აქტი, ყველა პირველი აღმოჩენა, ყველა პირველი გაბედული წამოწყება ადამიანის ქმედების ყველა სფეროში.

ძალიან ადრე და სწრაფად განვითარდა იქ საქალაქო ცხოვრება. პირველად იქ იხილეს შუქი გიგანტურმა დედაქალაქებმა. შენდებოდა ფეერიული სასახლეები, სვეტნარიანი ტაძრები. ისინი იმკობოდა ბარელიეფებით და ფრესკებით. არქიტექტურა მართავდა პირველ დღესასწაულებს. სინაის საბადოებში იღებდნენ ძვირფას ლითონებს. ვერცხლს იღებდნენ ტავროსის მთებში. ვითარდებოდა ოქრომჭედლობა და ქანდაკება ძვალზე, საფეიქრო წარმოება. ასხამდნენ ბრინჯაოს, მხატვრულად ამუშავებდნენ ხეს. ყველაფერი ეს ბიძგს აძლევდა საქონლის გაცვლასა და შორეული ვაჭრობის უნტენსიფიკაციას.

უკვე დიდი ხნის მანძილზე იყო ცნობილი კალენდარი და საათი, წლის დაყოფა 360 დღედ და დღის დაყოფა 24 საათად, ბეჭდით დადასტურებული თამასუქები, კრედიტის ბილეთები და კონტრაქტები. ბაბილონის მეფე ხამურაბიმ შექმნა პირველი წერილობითი სრული კანონმდებლობა. ნილოსის, ევფრატისა და ტიგროსის ხეობებში ააგეს ხელოვნური სარწყავი სისტემები. ეს იძლეოდა ხორბლეულის, ყველანაირი ბოსტნეულის და მაღალხარისხოვნი ხილის უხვი მოსავლის მიღების საშუალებას. ყვაოდა ხელოვნება- ქანდაკება, მხატვრობა, პოეზია, მუსიკა- ემპირიული მეცნიერებები- ასტრონომია, პრაქტიკული მედიცინა, გეომეტრია, მათემატიკა, ენის მეცნიერები. ყველაფერი ეს ძალიან მაღალ დონეს აღწევდა. იეროგლიფებისა და ლურსმული დამწერლობის არსებობა ისევე როგორც პაპირუსისა და მელანის გამოყენება უკვე დიდი ხნის მანძილზე ხელს უწყობდა წერა-კითხვის ხელოვნებას და წიგნების, ბიბლიოთეკების, სკოლების არსებობას.

გილგამეში ლუვრში  
ძველი წელთაღრიცხვის 1000 წლისათვის შედგენილი ძველი აღმოსავლეთის ენციკლოპედია გაავსებდა მრავალ ტომს მაშინაც კი თუ შემოიფარგლებოდა ტიგროსის და ევფრატის, ნილოსის და ორონტის სანაპირო ქვეყნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვრების და სასწაულების მხოლოდ ჩამოთვლის ამოცანით. დასავლეთისთვის, ევროპისათვის საკმარისი იქნებოდა რამოდენიმე ფურცელი შემდეგი შენიშვნით : ხშირი ტყეებით დაფარული განუვითარებელი ტერიტორია სადაც მთების მაღალი ქედების იქით ცხოვრობენ უცნობი ბარბაროსი ტომები რომელთაც არ იციან არც ქალაქები, არც ტაძრები, არც ქვის ნაგებობები, რომელთაც არა აქვთ არც ხელოვნება და არც დამწერლობა, არა აქვთ სამეთუნეო წრე და წისქვილის მბრუნავი ქვა. ისინი მოკლებული იყვნენ შემოქმედებით ძალას. ასეთნი იყვნენ მცხოვრებნი ამ ჩრდილოური ზონისა სადაც მოგვიანებით უნდა გაჩენილიყო ესოდენ ნაქები დასავლეთი. დასავლეთის მკვიდრთა წვლილი კაცობრიობის პროგრესში თითქმის ნოლს უდრიდა. მაშინ ისინი ფლობდნენ ზოგ ახალ ტექნიკას- ბრინჯაოს თუ ლითონთა დამუშავების ტექნოლოგიას,იყენებდნენ ცხენს როგორც მოშინაურებული ცხოველს თუ ბორბალსა და ეტლს. ყოველივე ეს ევროპელებს სხვა ხალხებისგან ჰქონდათ მიღებული, ისინი ჩამოიტანეს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, ხმელთაშუა ზღვიდან თუ მცირე აზიიდან მოსულმა უცხოელებმა რომლებიც მოუყვებოდნენ დიდი მდინარეების გასწვრივ გაკვალულ სავაჭრო გზებს. 
( გვ.5-6; გაგრძელება იქნება)

No comments:

Post a Comment