11.09.2011

როგორ მოახდნეს ფლანდრიელებმა რევოლუცია მხატვრობაში:


Portrait of Margareta van Eyck 1439 by Eyck, Jan van მარგარეტა ვან ეიკი გვიყურებს ისე როგორც  უყურებდა თავის მეუღლეს,მხატვარ იან ვან ეიკს.                              
             
დიდმა გერმანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა და ანტროპოლგმა, ჰაიდელბერგის,ჰარვარდის და კოლეჟ დე ფრანსის პროფესორმა  Hans Belting-მა 2010 წელს გამოსცა მეტად საინტერესო წიგნი "სამყაროს სარკე,ფერწერული ტილოს გამოგონება ნიდერლანდებში"
("Spiegel der Welt,Die Erfindung des Gemäldes in den Niederlanden", "Miroir du monde, L'invention du tableau aux Pays-Bas"-ფრანგულად).
გთავაზობთ საუბარს ამ ავტორთან:
 - თქვენს წიგნში თქვენ გამოთქვამთ უცნაურ დებულებას: მხატვრობა უნდა გამოეგონათ მე-15 საუკუნეში ფლანდრიაში. მაგრამ ის განა უფრო ადრე არ არსებობდა?


 - სინამდვილეში მე ვლაპარაკობ არა მხატვრობის არამედ  ფერწერული ტილოს გამოგონებაზე,რაც სულ სხვა რამეა. 


 ცხადია რომ მხატვრობა ხატების,ფრესკების და მინიატურის ფორმით არსებობდა ადრეც. 


ამ დროს გაჩნდა ფერწერული ტილო,ესე იგი დამოუკიდებელი,გადასატანი,ჩარჩოში ჩასმული ობიექტი  რომელიც შეიძლებოდა კედელზეც ჩამოეკიდათ.


ეს თითქოს არაფერია,მაგრამ ესაა იმ ეპოქის ევროპული კულტურის უმნიშვნელოვანესი განახლება. სურათი არ არსებობს არც ერთ სხვა ცივილიზაციაში და და დასავლური მხატვრობა მას შემდეგ წარმოუდგენელია სურათის გარეშე. 


 -განა იტალიელებმა არ გამოიგონეს სურათი ფლანდრიელებზე უფრო ადრე?

განდის კარედი, ვან ეიკები//
 -სურათი იტალიასა და ფლანდრიაში დაახლოებით ერთდროულად ჩნდება. მაგრამ განსხვავებები დიდია. თავის სახელგანთქმულ ნაშრომში მხატვრობაზე ალბერტი მხატვრობას განიხილავს თვალსაზრისით რომელშიც აღარაფერია ხელოსნური. ის პირველ რიგში მეცნიერია. ალბერტის ბუნება და მისი წარმოდგენა აინტერესებს უფრო კონცეპტუალურად ვიდრე ემპირიულად და ხატს წარმოიდგენს ცენტრალური პერსპექტივის წესებით მართულ მათემატიკურ კონსტრუქციად. 


ხატისა და საზოგადოდ სამყაროს ასეთი გეომეტრიზაცია სრულებით უცხოა უფრო ინტუიტიური ფლანდრიული მხატვრობისთვის. 


განსხვავებულია შინაარსიც. ალბერტისთვის მშვენიერება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მსგავსება. სურათი პირველ რიგში ყვება რაღაც ისტორიას მაშინ როდესაც ჩრდილოეთში სურათის ფუნქციაა რეალური სამყაროს აღწერა. 


ამ გაგებით სწორედ ფლანდრიელებმა გამოიგონეს ფერწერული ტილო  თანამედროვე მნიშვნელობით.


- მაგრამ ფლანდრიული მხატვრობის საწყისი თითქოს რთული იყო...

- მართლაც,მე-15 საუკუნის დასაწყისში ფერწერა არის ხელოვნებათა იერარქიის უმდაბლეს საფეხურზე და სურათი ბევრად უფრო იაფია ოქრომჭედლობის ნაწარმოებზე და წიგნზეც კი და ამის მიზეზი სრულიად პროზაულია:


ხელოვნების ნაწარმოების ფასი და ღირებულება იზომება მისი შემადგენელი მასალების ფასითა და ღირებულებით. არადა სურათი არ კეთდება ძვირფასი ქვებისგან და პერგამენტისგან. ის,მაშ უფრო იაფია ვიდრე წიგნი თუ სამკაული...


სურათის ტრიუმფი წარმოადგენს სრულ გადატრიალებას :


გამოგონება უფრო დაფასდა ვიდრე მასალა, მატერიალური ფასი.


და ეს იმდენად რომ ზოგი დიდოსტატის, მაგალითად ჰანს მემლინგის მიერ დახატული ოქრო ნამდვილ ოქროზე უფრო ძვირი გახდა!


ის რომ შემოქმედების და ფანტაზიის ღირებულება და ფასი შეიძლება უაღრესად დიდი და გამოყენებული მასალის,ნედლეულის ღირებულებაზე ბევრად  მეტი იყოს   დღეს თავისთავად ცხადი ჩანს.


არადა ეს რწმენა გაჩნდა სწორედ ამ დროს,  ფერწერული ტილოს  გაჩენასთან ერთად და ამის წყალობით.


 - როგორ ხსნით ამ მხატვრულ ევოლუციას?


ღვთისმშობელი
ეკლესიაში
ის თან ახლავს და გამოხატავს ბურჟუაზიის გაჩენას დიდ ფლანდრიულ მეტროპოლიებში,მაგალითად ბრიუსელში,განდში თუ ბრიუგეში//ისინი მაშინ ბურგუნდიის ძლიერ საჰერცოგოს ეკუთვნოდნენ//. სწორედ იქ გაჩნდა პირველი სურათები.


 უნდა ვიცოდეთ რომ მე-15 საუკუნის დასაწყისში ყველას არ ჰქონდა უფლება რომ დახატული ყოფილიყო.  საუკუნეების მანძილზე მხატვრები თითქმის მხოლოდ რელიგიურ სიუჟეტებს ხატავდნენ. პორტრეტი იშვიათი იყო და ხატავდნენ მხოლოდ დიდებულებს, მეფის კარისკაცებს. და მათაც ხატავდნენ არა როგორც  კერძო პირებს არამედ როგორც სახელმწიფო,საჯარო ფუნქციის განსახიერებას.


თავისთავად ადამიანის,ადამიანის ოგორც ასეთის გამოსახვა  აწყდებოდა იურისტების და თეოლოგების წინააღმდეგობას. ის რომ სხეული მოკვდავი იყო მათი აზრით არ იყო საკმარისი მიზეზი ფერწერით მისი უკვდავყოფისთვის.


ბურჟუაზიამ მიითვისა მისი მხატვრული გამოსახვის უფლება და ამით მან განაცხადა როგორც თავისი არსებობა ისე თავისი ძლიერება ბურგუნდიის კარის პირისპირ,თავისი უფლება მემკვიდრეობაზე,შთამომავლობაზე. 


- განსხვავდება თუ არა ბურჟუათა პორტრეტები ძველი პორტრეტებისგან?

-დიახ,გაჩნდა ახალი რეალიზმი. არისტოკრატთა პორტრეტები იდეალიზებული იყო. მეფის თუ მთავრის იდეალური ხატი უფრო ,ნიშვნელოვანი იყო ვიდრე რეალური სახე.


ბურჟუაზიამ უარი თქვა ამაზე. პიროვნება გამოხატულია ფოტოგრაფიული სიზუსტით. ამიტომაა რომ სურათის დასრულების თარიღი და გამოსახული პიროვნების ასაკი ხშირად დაწერილია ჩარჩოზე.  ამ ახალი რეალიზმის დამიშნულებაა გამოსახული პიროვნების რეალობის,მისი არსებობის დადასტურება. ესაა ბურჟუაზიის მოთხოვნების მხატვრული გამოხატულება. 


ის ამბობს რომ ბურჟუა არის ახალი სინამდვილე კარისკაცის გვერდით და ისიც უნდა გაიხსენონ სიკვდილის შემდეგ. 


კანცლერი როლას
ღვთისმშობელი
ამ და მრავალი სხვა თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს განდის კათედრალში დაცულ იან ვან ეიკის სურათს "მისტიკური კრავი" სადაც ვხედავთ რომ ბურჟუა დონატორებმა მიითვისეს უფლება რომელიც მანამდე  ჰქონდათ მხოლოდ ბურგუნდიის ჰერცოგებს: ისინი დაჩოქილები არიან წმინდანთა ქანდაკებების წინაშე,ზუსტად ისევ როგორც ბურგუნდიის  ჰერცოგი და მისი მეუღლე შამპმოლში.

- მაგრამ შამპმოლში ისინი ქანდაკების წინაშე არიან დაჩოქილი და არა სურათის წინაშე!

- როგორც უკვე გითხარით მე-15 საუკუნის დასაწყისში არისტოკრატია  ფერწერას დიდად არ აფასებს. მას ურჩევნია წიგნების შეგროვება. ის ამ წიგნებს მაიმცდამაინც არ კითხულობს მაგრამ ისინი მდიდრულადაა დასურათებული.  არისტოკრატიას ოქრომჭედლობაც ურჩევნია და როდესაც საქმე მიდგება საკუთარი თავის უკვდავყოფაზე მას ამის გაკეთება ურჩევნია ქვაში. მას ქანდაკება ურჩევნია.


ბურჟუაზიამ გადაწყვიტა საკუთარი თავის უკვდავყოფა ფერწერით და მან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას რომელიც შემდეგ აიტაცა არისტოკრატიამაც...


 - თქვენს წიგნში ამბობთ რომ განდის კარედი არის აღორძინების ხანის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწარმოები,მაგრამ რატომ?

არნოლფინების ოჯახი
 - აქ ყველაფერი განსაკუთრებულია. ესაა სასწაული. ყველაფერი ახალი იყო! შიშველი სხეულები, დაჩოქილი ბურჟუები, ბუნების ერთგული გამოხატვა. ჯერ არასროს უნახავთ ასეთი. არასოდეს დაუხატავთ შიშველი სხეული ისე როგორც დახატულები არიან ადამი და ევა . ისინი გამოსახულები არიან ისე როგორც ისინი უნდა ენახა ღმერთს მას შემდეგ რაც ადამმა შეჭამა აკრძალული ხილი. ადამი და ევა აცნობიერებენ თავის სიშიშვლეს. ესაა რეალური ზომის,ესე იგი გიგანტური მასშტაბის ფოტოგრაფიული რეალიზმი,გაუგონარი რამ იმხანად. ესაა ფერწერის პირველი გადასვლა დიდ ფორმატზე. 

შესანიშნავი პარადოქსი,ლაპარაკია იოანეს აპოკალიფსში აღწერილი წარმოსახვითი პეიზაჟის გადმოტანაზე.


ესაა ნაწერთან შეჯიბრის ფორმა. ზოგადად კი ეს კარედი ერთბაშად  აფართოებს ფერწერის რეპერტუარს. დიდხანს უგულვებელყოფილი ხელოვნება უეცრად მოიცავს და აჭარბებს ყველა ხელოვნებას, ქანდაკებას, ოქრომჭედლობას,პოეზიასაც კი.


კარედზე ვხედავთ ქანდაკებებს და ცენტრალური პანოს პერსონაჟებზე სრულყოფილად განმეორებულ სამკაულებს, ფერწერა ერთნაირად დიდოსტატურად გადმოსცემს  უსულო ქვას,ოქროს და ცოცხალ სხეულს. ის წარმოდგება როგორც ხელოვნებათა,მედიის ძველი დარგების,ქანდაკებისა და ოქრომჭედლობის  დამამარცხებელი ახალი დარგი. 


- რითი ჯობნის მართლაც ფერწერა  ხელოვნების სხვა დარგებს?

             - ფერწერას ძალუძს სხვა ხელოვნებების მიბაძვა რაც სხვა ხელოვნებებს არ შეუძლიათ. შეჯიბრი განსაკუთრებით დაძაბულია ფერწერასა და ქანდაკებას შორის და ამ ხანის სურათები ასახავენ ამ დაპირისპირებას. 


          უნდა ვიცოდეთ რომ ქანდაკებათა უმრავლესობა შეფერილ-შეღებილი იყო,არადა მხატვრები მათ ნაცრისფრად წარმოადგენენ. რა თქმა უნდა იმისათვის რომ ქანდაკებები იოლად გამოირჩეს ცოცხალი არსებებისგან,მაგრამ არა მხოლოდ ამიტომ. სინამდვილეში ეს იძლევა  ხელოვნებათა შედარების საშუალებას და ეს ხდება სინამდვილის სიმდიდრის უკეთესად გადმომცემი ფერწერის სასარგებლოდ.  ქანდაკება არის მხოლოდ ნაწილი იმისა რისი გადმოცემაც ძალუძს ფერწერას და ესე იგი ფერწერა უფრო ძლიერია. თანამედროვეებისთვის ეს იყო ძალიან გარკვევით ნათქვამი აზრი. 


                 - არა და ფერწერა იმთავითვე შეზღუდულია ორი განზომილებით....

    - ის ახერხებს ამ ნაკლის დაძლევას გარკვეული ხერხებით. სარკე,მაგალითად,
ფერმწერს აძლევს პერსონაჟთა როგორც წინიდან ისე ზურგიდან ჩვენების საშუალებას. ვან ეიკის მეუღლე არნოლფინები სარკის წყალობით უკნიდანაც ჩანან.....რაც გარკვეულად იძლევა მთელი მოცულობის მოცვის საშუალებას,რაც შესაძლებელია სამგანზომილებიანი ქანდაკების შემთხვევაში...ამ სარკეში ვხედავთ ფერმწერსაც რომელიც ხატავს წყვილს....


         მაგრამ სარკე მეტია,ისაა მხატვრობის ერთ-ერთი დიდი მოტივი. სწორედ სარკით უნდა დაწყებულიყო თითქოს ფერწერის ისტორია. ლეგენდის თანახმად ის უნდა გამოეგონებინა წყალში საკუთარი თავის მჭვრეტელ ნარცისს.


             და ბოლოს გავიხსენოთ რომ სარკე იმ დროს ითვლებოდა ოპტიკის ტრიუმფად  და ფიზიკის კანონების ბრწყინვალე დადასტურებად. 


           ეფემერულ ჩვენებებს შორის ესოდენ იოლად დაბნეული თვალი აქ ხვდება სოლიდურ წერილს რომელიც მას აძლევს საკუთარი თავის გაცნობიერების საშუალებას.  სარკე მას უდასტურებს არსებობას იმ სინამდვილისა რომელსაც ის ხედავს სუბიექტურად.


         სარკის ჩართვა სურათში,მაშ, არის სურათის მიერ წარმოდგენილის რეალობის დადასტურების ახალი საშუალება,ამავე დროს მხატვრისთვის ესაა მისი ხელოვნების ხარისხის ჩვენების საშუალება:"ხელოვნური ხატი" შეესაბამება სარკის მიერ არეკლილ "ბუნებრივ ხატს".


                      - თქვენ ხაზს უსვამთ ამ სურათების რეალიზმს, არადა იქ ხშირად ვხედავთ თუ როგორ დგანან  თანამედროვე რეალური პერსონაჟები ბიბლიური პერსონაჟების გვერდით. ეს არ უნდა იყოს ძალიან რეალისტური....

                - ვან ეიკების თანამედროვეებისთვის ეს რეალობა,სინამდვილე იყო. ქრისტიანული რწმენა იყო რეალობა და ის ფიზიკური რეალობის მსგავსად იმსახურებდა გამოსახვას, 


           ამ ხანის ფერწერა გულისხმობს იმას რასაც მე ვუწოდებ ორმაგ მზერას: გარეშე ხედვას და შინაგან ხედვას. გარეშე ხედვა შეესაბამება იმას რასაც ვხედავთ ჩვენს წინ,ხილულ სამყაროს. მეორე არის ის რასაც ვხედავთ წარმოსახვაში. შინაგანი ხედვა არის სულის,მეხსიერების,სიზმრის,ზმანების ხედვა.  ამ სურათების გასაგებად ორივეა საჭირო. 


              ვან ეიკის სურათში "კანცლერ როლას ღვთისმშობელი" კანცლერი ლოცულობს ღვთისმშობლის წინაშე. ღვთისმშობელი ზის,მას კალთაში უზის ქრისტე მაშინ როდესაც ანგელოსი მას გვირგვინს ადგავს თავზე. სინამდვილის სხვადასხვა დონეზე არსებული ეს პერსონაჟები თანაარსებობენ გარე სამყაროსკენ გახსნილ ოთახში. იდეა ისაა რომ იმას რასაც ნიკოლა როლა ხედავს შინაგანი თვალით ჩვენ,ვინც ვუყურებთ სურათს,ვხედავთ გარეშე თვალით. ოთახის გარე სამყაროსაგან გამომყოფი თაღები არის შინაგანი და გარეშე სამყაროების ერთიანობისა და უწყვეტობის ფაქიზი მეტაფორა


            სული ცხოვრობს ბნელ ოთახში და გარე სამყაროს აკვირდება ამ შინაგანი,შიდა ოთახიდან. ჩვენ ვხედავთ შორს გაშლილი პეიზაჟისკენ მიბრუნებულ პერსონაჟებს.


            სურათი მოგვიწოდებს როგორც ადამიანის ძიებისკენ გარე სამყაროში სადაც ცხოვრობს მისი სხეული, ისე მისი თანხლებისკენ შინაგან სამყაროში,სადაც ცხოვრობს მისი სული. 


               - თქვენ ამბობთ რომ სურათი არა მარტო წარმოადგენს სხეულს,რომ სურათი ეუფლება სხეულს,რას გულისხმობთ ამით?

            - სურათი წარმოადგენს სიმბოლურ სხეულს რომელიც განაგრძობს არსებობას გამოსახული პიროვნების გარდაცვალების შემდეგაც. ის ანგარიშს უწევს როგორც გამოსახული პიროვნების გარეგნობას,ფიზიკურ სახეს, ისე ამ პიროვნების მთლიანობას, მის სხეულს და სულს. 


                 მთავარ როლს ასრულებს მზერა. დიდი ხნის მანძილზე თვალი ითვლებოდა სახის უბრალო თავისებურებად. ახალ ფლანდრიულ ფერწერაში ის ხდება ვექტორად მზერისა რომელიც გვწვდება პიროვნების  შინაგანი სამყაროდან.  იან ვან ეიკის მეუღლე დღეს გვიყურებს ისე როგორც ის უყურებდა ოდესღაც მეუღლეს რომლისთვისაც ის პოზირებდა. 


           თვალი იქცა "სულის სარკმელად".


        ამ ფერწერის მიზანია შინაგანი სამყაროს გამოვლენა გარეგნობით. სურათში
"ღვთისმშობელი ეკლესიაში" ვან ეიკი პირველი გადმოსცემს შინაგანის და გარეგანის დიალოგს.  ეკლესიის ნავში არის სრულებით არაპროპორციული ღვთისმშობელი. შინაგან სივრცეს ანათებს ვიტრაჟების მიერ შემოშვებული სინათლე. ეს ვიტრაჟები არის სურათის სიმბოლო. მაშინ როდესაც მხოლოდ გარედან ვიტრაჟების წყალობით განათებული ეკლსიის შიდა სივრცე არის სიმბოლო შინაგანი სამყაროსი სადაც შეიძლება გაიშალოს რელიგიური წარმოსახვა. 


             ასე მოკლედ გადმოცემული ფერწერის ერთ-ერთი დიდი მოწოდება:უხილავის ქცევა ხილულად. 

                 // ბატისტ ტუვერეის ეს საინტერესო საუბარი ჰანს ბელტინგთან დაიბეჭდა ფრანგულ ჟუნალში Books,მსოფლიოს წიგნები, 2011 წლის მაისის ნომერში//.


                      

No comments:

Post a Comment