6.17.2011

ცოცხალი საქართველოს ცხოვრების სურათებიდან

Добавьте подпись
ვალერიან გუნია
Gueorgui Mardjanichvili-ის მიერ 2011 წლის 13 06, ორშაბათი, 22:54-ზე

ართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი პატრიარქი ვალერიან გუნიას ხსოვნას:
დაიბადა 1862 წლის 9 იანვარს სენაკის მაზრის სოფელ ეკის შეძლებულ ოჯახში. მამა, ლევან გუნია საკმაოდ განათლებული კაცი იყო. მუშაობდა ჯერ ადმინისტრაციის მოხელედ და შემდეგ ფოთის ქალაქის თვითმმართველობაში. ვალერიანის დედა იყო ანასტასია ქაიხოსროს ასული ჩიჩუა, იმ დროსითვის დიდი მწიგნობარი და მცოდნე ადამიანი. ვალერიანი 5 წლის იყო როდესაც დედა გარდაეცვალა და მამის ზედამხედველობით ბაბუის ოჯახში იზრდებოდა. 7 წლის ასაკში მას მასწავლებლად მიუჩინეს პოლონელი ემიგრანტი სტანისლავ ( ზოგი ვერსიით ვაცლავ) გრინცევიჩი, დიდი გემოვნების ადამიანი, მხატვარი, მუსიკოსი და ლიტერატურის კარგი მცოდნე. . 13 წლის ვალერიანი მამამ თბილისში ჩაიყვანა და გერმანული ენის შესწავლის მიზნით გერმანელის ოჯახში დააბინავა. 1876- -1881 წლებში ვალერიანი სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში სადაც მისი თანაკლასელები იყვნენ ოსკარ შმერლინგი და გიგო გაბაშვილი. ამ უკანასკნელთან ვალერიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ამ პერიოდში თვითონ ვალერიან გუნიაც გატაცებული იყო ხატვით.

1880 წელს ვალერიან გუნია დაუახლოვდა გრ. ჩარკვიანს და ზ. ჭიჭინაძეს, ხშირად დადიოდა მათ წიგნის მაღაზიაში ლორის მელიქოვის ქუჩაზე. ამავე წელს ვ. გუნიამ დაიწყო ქართული “სამუდამო” ( მუდმივმოქმედი) სცენის დაარსება. სწავლის პერიოდში ინტენსიურად კითხულობდა პოლიტიკურ ლიტერატურას და ჩაება იმდროინდელ არალეგალურ მოძრაობაში. იყო ნაროდნიკული, ხალხოსნური ორგანიზაციის წევრი. რევოლუციური ორგანიზაციის იმპერატორ ალექსანდრე II-ზე თავდასხმის შესახებ მოსწავლეთა არალეგალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის გამო ვალერიან გუნია სასწავლებლიდან გარიცხეს.


იმავე წელს ის გაემგზავრა მოსკოვში სადაც მოეწყო პეტროვო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად.

მოსკოვში ცხოვრებისას მოსკოვის საიმპერატორო მცირე თეატრში მოღვაწე ა. სუმბათაშვილ-იუჟინის შემწეობით ის დაუახლოვდა მოსკოვის მცირე თეატრს, დაინტერესდა სასცენო ხელოვნებით და პრაქტიკულად შეუდგა თეატრალური ხელოვნების შესწავლას.
1882 წელს იმპერატორ ალექსანდრე III-ის კორონაციასთან დაკავშირებით ვალერიან გუნია როგორც პოლიტიკურად არასაიმედო დააბრუნეს სამშობლოში და აქ იგი დაუახლოვდა ქართულ თეატრს.

1883 წელს ვ. აბაშიძის ხელმძღვანელობით ის პირველად გამოვიდა სცენაზე და ითამაშა პოეტ გრენგუარის როლი ბანვილის პიესის ( ფრანგულიდან თარგმნა კ. მესხმა) მიხედვით დადგმულ სპექტაკლში “მეფე და პოეტი” სადაც მეფის როლს ასრულებდა ალ. ყაზბეგი. ვ.გუნიას დებიუტი წარმატებული იყო და ის ჩაირიცხა ქართული თეატრის დასში. ამ დღიდან ის ის თეატრს აღარ მოსცილებია და სიკვდილამდე მისი ერთგული დარჩა.
1886 წელს მუშაობას იწყებს გაზეთ “ივერიაში” ი. ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, სადაც ბეჭდავს რეცენზიებს “ვალიკო-იასა” და “ვ-ო-ს” ფსევდონიმით.

ამ პერიოდში ვალერიან გუნია ხელმძღვანელობს გაზეთ “თეატრს” ( 1888), უახლოვდება ილიას, ხშირად სტუმრობს საგურამოში, მცხეთაში აწყობენ “საქართველოს კალენდრის” გამოფენა-გაყიდვას. ხშირი ურთიერთობა ჰქონდა აკაკისთან. ვალერიან გუნია იყო აკაკის საიუბილეო კომისიის წევრი. ის მეგობრობს ალექსანდრე ყაზბეგთან და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილს მას პატრონობას უწევს.
ვალერი გუნიამ შეადგინა “საქართველოს კალენდარი” და 1887 წელს დაიწყო მისი გამოცემა. 1891 წელს განჯიდან ნ.ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ვ. გუნია გამოდის სიტყვით.

1895 წელს ინიშნება ქარვასლის მმართველად.

1896-99 წლებში მისი რედაქტორობით და საკუთარი ხარჯით გამოდის ყოველდღიური გაზეთი “ცნობის ფურცელი”. 1898 წელს შეიძენს სტამბას, უახლოვდება ლადო კეცხოველს. 1899 წელს გაზეთი “ცნობის ფურცლის” რედაქტორის თანამდებობას სტოვებს და გადასცემს მას ჯაბადარს.

1900 წლიდან მართავდა “გამოსაცდელ წარმოდგენებს” სცენაზე მოღვაწეობის მსურველი ახალგაზრდობისთვის.

ზაფხულობით მისი ხელმძღვანელობით სისტემატურად დგებოდა უმუშევარ მსახიობთა ამხანაგობები (“მოგზაურთა დასი”) და იმართებოდა საგასტროლო სპექტაკლები საქართველოს დაბა-ქალაქებში და სოფლებში.

1907 წელს გამოსცემს ყოველკვირეულ ჟურნალს “ნიშადური”.

ამავე წელს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძე. დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე იყო ვალერიან გუნია.

1911 წელს მონაწილეობს დ.სარაჯიშვილის დამკრძალავი კომისიის მუშაობაში.

1882-1908 წლებში რეჟისორად და მსახიობად მუშაობდა თბილისის და ქუთაისის თეატრებში. 1922-23 წლებში მუშაობდა ბათუმის თეატრში. 1926-27 წლებში ხელმძღვანელობდა ბაქოს ქართულ თეატრს.

სათეატრო სარბიელზე ვალერიან გუნია ეწეოდა მრავალფეროვან საქმიანობას: იყო წამყვანი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ეწეოდა მთარგმნელობით სამუშაოს, და ა.შ.

ვ. გუნიას შესრულებული აქვს ორასამდე როლი.

მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თეატრის რეპერტუარის გაფართოებაში. მან დაწერა, ქართულად გადმოაკეთა და თარგმნა ასზე მეტი სხვადასხვა ჟანრის დრამატული ნაწარმოები. მან დაწერა საკუთარი პიესებიც.

მას ეკუთვნის აგრეთვე ლიბრეტოები ოპერებისთვის
( ზ. ფალიაშვილის « დაისი », რ. გოგნიაშვილის « ქრისტინე », დ. არაყიშვილის « დინარა »). მანვე თარგმნა ბიზეს « კარმენის », რუბინშტეინის « დემონის », როსინის « სევილიელის დალაქის » საოპერეტო ლიბრეტოები. აგრეთვე ა.დიუმას, გ. ზაუდერმანის, ნ. გოგოლის, ს კოსოროტოვის, ვ. ჩირიკოვის, ლ.ფულდის, ჰ. ჰაუპტმანის, ლ. .ანდრეევის, ჰ. იბსენის და სხვა ავტორების პიესები. Pპერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი რეცენზია ქართულ და რუსულ სპექტაკლებზე, მსახიობების შემოქმედების და საქმიანობის შესახებ.

1917 წელს თბილისში, ბაქოში და სხვა ქალაქებში ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით აღინიშნა ვ. გუნიას სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე. 1921 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა ხელოვნების მუშაკთა კავშირი რომლის პირველი თავმჯდომარე წლების განმავლობაში იყო ვალერიან გუნია.

ვალერიან გუნია გარდაიცვალა თბილისში 1938 წლის 31 აგვისტოს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1963 წელს ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მიენიჭა ვალერიან გუნიას სახელი.

ჩემთვის უცნობი ავტორის ამ შესანიშნავი წერილის სრული ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ ინტერნეტში.

2012 წელს შესრულდება 150 წელი მისი დაბადებიდან. ნევროზით შეპყრობილ საქართველოში ამას ალბათ სათანადოდ, ვალერიან გუნიას საკადრისად არ გაიხსენებენ.

No comments:

Post a Comment