6.19.2011

ოკულტიზმი 2. საიდუმლო საზოგადოებები


რენე გენონი 

 ოდესღაც რომანოვების აგენტი ეზოტერიკოსი და ოკულტისტი გიორგი ივანოვიჩ გურჯიევი პარიზში.


XVI საუკუნეში ხდება ფილოსოფიური დუღილი სადაც ერთმანეთს საინტერესოდ ერწყმის ალქიმიური ოცნება-
-ზმანებები, პირველი ნამდვილად ქიმიური აღმოჩენები ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით, ასტროლოგია, მისნობის კვერთხი, კაბალა და მაგია, რომელიც ამოტივტივდა საფრთხეთა მიუხედავად.
        იზრდება საიდუმლო საზოგადოებათა რაოდენობა. ისინი იმდენად საიდუმლონი არიან რომ მათი უმრავლესობის შესახებ ჩვენ მხოლოდ არაპირდაპირ ვიცით.

   ბურუსებისა და მისტიციზმის ქვეყანა გერმანიაში იფურჩქნება და ყვავის მათ შორის ყველაზე ძლიერი საიდუმლო საზოგადოება რომლის ტოტებიც გაიშლება მთელს დასავლეთ ევროპაში: «როზენკრაიცერი ძმები» ( «ვარდი-ჯვრის ძმები»). ნაცისტურ მითებში იყო გერმანული ეზოტერული ტრადიციის წილი.

  ბოლოდროინდელი ტექსტების თანახმად თანამედროვე საიდუმლო საზოგადოებების ფესვები საძიებელია ან ბერძნულ მისტერიებში ან სოლომონის ტაძრის მშენებლობაში ( როგორც ამას აკეთებენ ფრანკ-მასონები), მაგრამ ეს უფრო ამ ტექსტების ავტორთა სურვილია ვიდრე სინამდვილე, ამას არა აქვს ისტორიული დამადასტურებელი საბუთები.

   სამაგიეროდ ჰერმეტული და გნოსტიკური დოქტრინები, რომელთაც უმდიდრესი გამოხატულება ნახეს  აღორძინების ხანის ალქიმიკოსებში უნდა იყოს  არაბების წყალობით აღმოჩენილი ელინისტური ხანის ფილოსოფოსების მემკვიდრეობა.

  მიიღეს თუ არა ეს მემკვიდრეობა უკვე ტამპლიერებმა როგორც ამას ამბობს ზოგი ავტორი ?
   რაინდულ ინიციაციას, რაინდად კურთხევას, როგორც ამას აღნიშნავს ლიუკ ბენუა, ჰქონდა ეზოტერული ხასიათი. წმინდა მიწაზე ტამპლიერებს ჰქონდათ კონტაქტები ისლამმთან რომელთაც ყოველთვის არ ჰქონიათ მტრული ხასიათი.
  ტამპლიერთა ორდენის ტოტალურმა და უხეშმა მოსპობამ საფრანგეთის მეფეების მიერ, ისევე როგორც კატარების მოსპობამ  ორივე შემთხვევაში გაავრცელა მითი ფარული სულიერი და მატერიალური განძის შესახებ.  აქ შეიძლება ამოვიცნოთ ოკულტიზმის ერთ—ერთი არქეტიპი, ფილოსოფიური ქვის და უმაღლესი გასხივოსნება-განათლების  შენარჩუნებული ოკულტისტური ტრადიციის უწყვეტობა, რასაც შუა საუკუნეებში ადასტურებენ «ვარდის რომანი » თუ გრაალის მითი.

  თანამედროვე ფრანკ-მასონობა გამოსულია ამ ეზოტერული ტრადიციების შერევიდან სხვა ინიციაციურ ტრადიციასთან, კომპანიონობასთან. მასონური ლიტერატურა ყველანაირად ალამაზებს ფრანკ-მასონობის წარსულს მაგრამ უეჭველია რომ ფრანკ-მასონობის საწყისია XIII საუკუნიდან გერმანიაში, ინგლისში და ალბათ საფრანგეთში გაჩენილი მშენებელი მუშების ლოჟებიდან. ამ ნათესაობას ხაზს უსვამს მითითება სოლომონის ტაძარზე, ინიციაციის რიტუალები, ცნობის, აღიარების ნიშნები, საიდუმლო, მრავალი სიმბოლო და ალბათ ჰირამის მითი.

   იმპერიის დროს ალბათ ბონაპარტეს კამპანიებით შთაგონებულმა ფაბრ დოლივემ სცადა შეექმნა ებრაული, სანსკრიტის და შეიძლება ეგვიპტის ქურუმების მიერ გამოყენებული საიდუმლო ენის უცნაური სინთეზი. მაგრამ აღმოსავლური ფესვებისგან საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილმა ევროპულმა ოკულტიზმმა აღმოსავლეთთან კავშირი ნამდვილად აღადგინა დიდ კოლონიალურ ხანაში. ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ინგლისელი და ფრანგი ერუდიტების მიერ ინდოეთის წმინდა წიგნების გაცნობამ. ოკულტიზმის განახლების წყაროა ამ ტექსტების კითხვა და თარგმნა, პირადი შეხვედრები ინდუისტ და ბუდისტ ბერებთან და ქურუმებთან. ამ დროს აღმოსავლური ფილოსოფიების და სპირიტუალისტური წარმოშობის პრაქტიკების ( მაგ. იოგას) ნამდვილი შესწავლა ერევა ფაკირების და ასე ვთქვათ მოგვების კომერციულ შარლატანობას.

   ორიენტალიზმის გაძლიერება :

   ამ ტენდენციამ თავისი პირველი დიდი გამოხატულება ნახა  სან-ივ-დალვეიდრის ბუნდოვან მოღვაწეობაში, მაგრამ  მთავარი როლი ორიენტალიზმის გაძლიერებაში საფრანგეთში შეასრულა რენე გენონმა ( 1886-1951). მან ისწავლა სანსკრიტი და 1921 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი “ინდუისტური დოქტრინების კვლევის შესავალი”, შემდეგ კი მრავალი ნაშრომი რომლებიც დასავლურ საზოგადოებას წარუდგენენ  ელინისტური ჰერმეტიზმის მონათესავე მეტაფიზიკურ სისტემებს. კათოლიკეთა ოჯახში დაბადებული და კათოლიკედ აღზრდილი რენე გენონი გარდაიცვალა ეგვიპტეში როგორც დიდად პატივცემული მაჰმადიანი სუფია შეიხი. მას არ შეუქმნია აზროვნების საკუთარი სისტემა, ის აცოცხლებდა დავიწყებულ ტრადიციას, თანამედროვეეებისთვის გასაგებ ენაზე თარგმნიდა იმას რაც იყო კაცობრიობის დიდი ტრადიციების სულიერ მოძღვართა მოძღვრებაში.




უბრალო თვალის შევლება სპეციალიზებული წიგნის მაღაზიების ვიტრინებისთვის გვიჩვენებს  შეგნებულად და გააზრებულად აღმოსავლურად შეფერილი ოკულტუსტური გამოცემების სიუხვესა და მრავალფეროვნებას. ფართო საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდება ამით. პარიზის გარდა ტულუზა და ლიონია მთავარი ცენტრები სადაც ინიციირებულთა, განდობილთა ჯგუფები იკრიბებიან რათა ერთად ეძებონ უმაღლესი ჭეშმარიტება ტრადიციული რიტუალების განხორციელებით ( ძალიან დიდი პოპულარობა, მაგალითად, მოიპოვა ნეო-
-შამანიზმმა, მთარგმნელი).

         თანამედროვე ოკულტიზმი სულ არა ჰგავს რელიგიას თუ დადგენილ დოქტრინას , თუნდაც გაფანტულ და ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სექტებში და დონეებზე. მის სფეროს არა აქვს გარკვეული საზღვრები. იქ არიან ალქიმიის ან გნოზისის მოყვარულნი, იოგას მიმდევრები რომლებიც ეძებენ იოგაში  მარტო უკეთეს ფიზიკურ წონასწორობას კი არა, ერთგვარი სულიერი ასკეზის გზასაც; გასხივოსნებულ მარტოსულებს ( ეს ცნება, სინათლის მიღების ცნება, სულაც არაა დამამცირებელი ოკულტისტებისთვის). იქ არიან მისტიციზმით და სიმბოლისტური მხატვრობით გატაცებული მწერლები და მხატვრები.
  შთაგონების ეს წყარო დაინახა სიურეალიზმმა.

  1949 წელს გარდაცვლილი გიორგი გურჯიევის მსგავსი ძლიერი პიროვნებების ირგვლივ შეიქმნა პატარა არაფორმალური ჯგუფები ( მაგრამ უნდა ითქვას რომ გურჯიევის მიმდევრები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულები, მთარგმნელი).


  შემდეგ ამერიკაში გაჩნდნენ და  დასავლეთ ევროპაში გავრცელდნენ მკაცრი სტრუქტურის მქონე საიდუმლო საზოგადოებები რომელთა განსხვავებაც საკუთრივ რელიგიური სექტებისაგან ხშირად ძალიან ძნელდება.

  სამხრეთკორეელი წინასწარმეტყველი მუნის პოპულარობის ზრდამ საფრანგეთში ბოლო ხანს გამოიწვია მტრული რეაქციები. მუნის მიმდევრები ოკულტისტები არიან მაშინ როდესაც აცხადებენ რომ მათი დოქტრინის გაგება შეუძლიათ მხოლოდ ინიციირებულებს, განდობილებს. საზოგადოებას ნაკლებად აშფოთებენ კრიშნაიტები რომლებიც მნახველებს აოცებენ ინდური მანტრებიდან გამომდინარე პრაქტიკებით.

   მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წამლეკავი ჰოროსკოპები და “ ოკულტურ მეცნიერებათა” რუბრიკები არღვევენ ეზოტერიზმის დიდ კანონს: ჭეშმარიტების გადაცემას მხოლოდ ამის ღირსებისათვის და მის დამალვას უმეცართათვის და ამიტომ ნამდვილი ოკულტისტები ყველაფერ ამას გულგრილად და ზოგჯერ აგრესიული ზიზღითაც კი უყურებენ.

  მიუხედავად ამისა პოპულარული ოკულტისტური ლიტერატურის სწრაფი გადახედვაც საკმარისია იმის დასანახად რომ ზოგი მისი თემა არის აგრეთვე ნამდვილი ოკულტიზმის თემებიც : სიმბოლური ფიგურების სიყვარული, ტარო და აღმოსავლეთის იდუმალი სიბრძნე, დაფუძნება ტრადიციაზე,  წარსულის “ დიდ განდობილთა” კულტი არის საერთო ფონდი ყველა დონეზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლ.პაუელსის და ჟ.ბერჟიეს ნაშრომი “ჯადოსანთა დილა”-ს და მათ მიერ დაარსებული ჟურნალი “პლანეტა”-ს წარმატება, ხალხური ოკულტიზმისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ჟურნალის ეპონიმია ნოსტრადამუსი. და მრავალი ოკულტისტი გატაცებულია დაუდგენელი მფრინავი ობიექტების თემით.

   გასულ საუკუნეში დღევანდელი ჰოროსკოპების მსგავსად პოპულარული იყო სპირიტიზმი.

  ასტროლოგიის და “ოკულტურ მეცნიერებათა” პოპულარობას დიდად უწყობენ ხელს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, გამომცემლობები და, ყველაზე მეტად, რადიო და ტელევიზია.

მაგრამ ესოდენ მცირედ ოკულტური “ოკულტიზმის” გვერდით მშვიდი ერუდიტები რაიმონ აბელიო, რობერ ამადუ, სერჟ უტა, ლიუკ ბენუა, აგრძელებენ მედიტა;ციას კაბალაზე, ალქიმიაზე თუ აღმოსავლურ ფილოსოფიებზე.  პატარა ჯგუფები თაყვანს სცემენ ვიღაც გურუს და ისევე როგორც დიდ საუკუნეში ატარებენ შავ მესებს.

ზოგი ოკულტიზმიდან გამომდინარე ფორმებად მიიჩნევს სატანიზმს და მისტიკური ეროტიზმს რომელიც უკავშირდება სექსუალური მაგიის ძველ მიმდინარეობას. ჩვენი ოკულტისტები, რომელთაგანაც ბევრი ასკეტური განწყობისაა, უარყოფენ ასეთ ბოდიალს. მაგრამ ისინიც უკავშირდება არარაციონალურ რწმენათა მრავალფეროვან და ბუნდოვნად განსაზღვრულ ანსამბლს.

No comments:

Post a Comment